GE

დარჩა თუ არა ზოგადი უნარები სავალდებულო, ან არჩევით საგნად რომელიმე უმაღლესში ჩაბარებისთვის – პასუხი აბიტურიენტებს

ზოგადი უნარების გამოცდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში აღარ არის, თუმცა გასულ წელს, ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, კარკვეულ ფაკულტეტებზე ის არჩევით საგნად დატოვა, იყო ისეთი ფაკულტეტიც, სადაც ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულოდ იყო დაწესებული უნივერსიტეტის მხრიდან. ასეთი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – საერთაშორისო სამართალი. აქ უნარების გამოცდა სხვა სავალდებულო საგნებთან ერთად უნდა ჩაგებარებინათ.

არჩევით საგანთა ჩამონათვალში, ერთ-ერთ ალტერნატივად ჰქონდათ ზოგადი უნარები მითითებული შემდეგ უნივერსიტეტებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.

რა ვითარება გვაქვს დღეს და შეცვალეს თუ არა უნივერსიტეტებმა არჩევანი, EDU.ARIS.GE აბიტურიენტებისგან მიღებული კითხვებისა და ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულის გარკვევას შეეცადა. 1-ელ ნოემბერს ჩვენ ზემოთ ნახსენებ სამ უნივერსიტეტს და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ კითხვით: ტოვებენ თუ არა სავალდებულოდ ან ერთ-ერთ ალტერნატივად აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების საგანს. უნივერსიტეტებს გამოცდების ცენტრისთვის ინფორმაცია 22 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინათ და უწყების განმარტებით ახლა “მუშა პროცესია”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (სწორედ ამ ფაკულტეტზე იყო გასულ წელს უნარების ჩაბარების შესაძლებლობაც ავტ.) განგვიმარტეს, რომ ზოგადი უნარები, როგორც არჩევითი საგანი საერთოდ ამოღებულია და სამართლის სკოლაში ჩაბარების მსურველი ჩააბარებს სავალდებულო გამოცდებს ქართულსა და უცხო ენაში, ხოლო მესამე საგანს აირჩევს შემდეგი ჩამონათვალიდან: ისტორია, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის სამსახურში გვითხრეს, თსუ ერთადერთი უმაღლესი იყო, რომელიც სავალდებულო საგნად ზოგად უნარებსაც ითხოვდა, თუმცა განათლების მინისტრის ბრძანების შემდეგ, ვითარება მათთანაც შეიცვალა. საერთაშორისო სამართალზე ჩაბარების მსურველისთვის, სადაც სავალდებულო საგნებთან ერთად, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება იყო სავალდებულო, ახლა ჩარიცხვა განსხვავებულად იქნება და გარდა სავალდებულო უცხო ენისა და ქართულისა, მესამე საგანს აბიტურიენტი აირჩევს ამ ჩამონათვალიდან: სამოქალაქო განათლება, მათემატიკა, ისტორია. სამართალის ფაკულტეტზეც, ზოგადი უნარების ალტერნატივა სამოქალაქო განათლებამ ჩაანაცვლა (მინისტრის ბრძანებაში სამართლის სფეროზე მითითებულია შემდეგი არჩევითი საგნების ჩაბარების შესაძლებლობა: ან მათემატიკა, ან ისტორია ან სამოქალაქო განათლება). ასეთივე ვითარებაა თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებზეც, ზოგადი უნარები არც აქ იქნება და თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებზე მოსახვედრად აბიტურიენტი სავალდებულო საგნებთან ერთად, მესამე საგანს ჩააბარებს ან, ისტორიას, ან მათემატიკას, ან გეოგრაფიას და ან სამოქალაქო განათლებას.

რაც შეეხება საქართველოს უნივერსიტეტს, უმაღლესში კომენტარის გაკეთებას დღის განმავლობაში დაგვპირდნენ და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მართალია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, რომ ამჟამად მუშა პროცესია და უნივერსიტეტები ზოგადი უნარების ჩამონათვალში ჩასმას ინდივიდუალურად განსაზღვრავენ, რაც მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობით, ზოგად უნარებს, სავალდებულო ან არჩევით საგნად წელს არცერთი უნივერსიტეტი აღარ აყენებს. ამ არჩევანის შესაძლებლობა კი მათ განათლების მინისტრის ერთპიროვნულმა პრძანებამ შეუზღუდა.

როგორც ვხედავთ, ისეთ მიმართულებებზეც კი, როგორიც სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალია, აბიტურიენტს შეეძლება მათემატიკისა და ისტორიისგან განსხვავებით იოლი საგანი, სამოქალაქო განათლება ჩააბაროს, თუმცა უნივერსიტეტებში არ მალავენ, რომ ჩარიცხვის დროს, სამოქალაქო განათლებას ისეთი წონა ვერ ექნება, როგორიც მათემატიკას ან ისტორიას, რაც გვარწმუნებს, რომ სამინისტრომ ამ საგნის დამატებით მხოლოდ ფორმალურად გააფართოვა აბიტურიენტთა არჩევანის შესაძლებლობა.

გამოცდების ცენტრის ცნობითვე, ნოემბრის თვეში აბიტურიენტებისთვის უკვე გამოქვეყნდება ინფორმაცია იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალის შესახებ, რომელზეც 2022 წელს განხორციელდება მიღება.

ასევე იხილეთ:

აბიტურიენტი ხარ? – გაიგე რომელი საგნის ჩაბარება შეგიძლია არჩეულ მიმართულებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური