რატომ არ ამოწმებს ისტორიის გამარტივებული ტესტი აბიტურიენტის ცოდნას? – მასწავლებლის კრიტიკა და შეფასებები
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ისტორიაში დღეს, 13 ივლისს დასრულდა.
მასწავლებლები ვთანხმდებით, რომ ისტორიის საგნის ტესტი ბოლო წელს ზედმეტად გამარტივებულია. თუ რაში გამოიხატება ტესტის სიმარტივე და კონკრეტულად დავალებების რომელ ნაწილებს ვგულისხმობთ, ქვემოთ, უფრო ვრცლად ვისაუბრებ.
2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, აბიტურიენტები სავალდებულო საგანთა სიიდან ირჩევენ საგანს, რომელსაც ძირითად საგნებთან ერთად აბარებენ. უნივერსიტეტში ჩასარიცხად წელს სამი სავალდებულო საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, ისტორიის ან მათემატიკის ტესტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვაა საჭირო. აბიტურიენტებს შორის ისტორიას ძირითადად ისინი ირჩევენ, ვინც ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მიმართულებებზე აპირებენ ჩაბარებას. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ისტორიის პროგრამის დაძლევა გაცილებით მარტივია მათემატიკასთან შედარებით. ასეთ აბიტურიენტებს მასწავლებლები ყოველთვის ვურჩევთ, არ გარისკონ თუ მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირებაზე აპირებენ განაცხადის გაკეთებას, არ აირჩიონ ისტორია. მიზეზი მარტივია, მსგავს ფაკულტეტებზე სტუდენტებს გაუჭირდებათ მათემატიკური ცოდნის გარეშე საგნების წარმატებით დახურვა.
სტატისტიკის თანახმად, წელს ისტორიის გამოცდაზე 22 300-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც გაზრდილი რიცხვია. აბიტურიენტები, რომლებიც ისტორიაში ემზადებიან ამბობენ, რომ ეს მათთვის ნაცნობი საგანია, ტესტებთან მუშაობა მარტივია და სკოლის ცოდნა მეტ-ნაკლებად ეხმარებათ პროგრამის თავისუფლად დაძლევაში. ამასთან, წელს იმ აბიტურიენტებს, რომელებიც სამოქალაქო განათლების საგნის არჩევას გეგმავდნენ, შეცვლილი საგამოცდო პროგრამის პირობებში, არ მიეცათ სასურველი საგნის არჩევის საშუალება, და გადაწყვიტეს აერჩიათ ისტორია.
პასუხი იმაზე რატომ აირჩია 22 300-მა აპლიკანტმა ისტორია ერთმნიშვნელოვანი ვერ იქნება, თუმცა ფაქტია, რომ ისტორიის ტესტი წლიდან-წლამდე მარტივდება. მინიმალურად, თუმცა შემცირებულია პროგრამაც. აბიტურიენტები ხშირად ამბობენ, რომ მასალა საკმაოდ დიდია, სულ მცირე ერთ წელს მოითხოვს, რის გამოც დროსაც ტყუილად ხარჯავენ და ფულსაც. ეს მაშინ, როცა საგამოცდო პროგრამა მოიცავს თემებს, რომლებიც 2005 წლიდან დღემდე არასდროს მოსულა გამოცდისას.
როცა მასწავლებლები გამოცდების შემდგომ გამოქვეყნებულ ტესტებს ვეცნობით, ვხედავთ, რომ საკითხები მეორდება, ამასთან, არსებობს ერთგვარი პრიორიტეტული თემები. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა, აბიტურიენტებს ტესტის ყველა ვარიანტში მოუწიათ ისეთ თემებზე მუშაობა როგორიცაა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, სსრკ და ცივი ომი, დამპყრობლები და მათი ლაშქრობები (მონღოლები, არაბები, თურქ-სელჩუკები), ეს მაშინ, როცა საგამოცდო პროგრამაში გაწერილია 15 თემა, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ საკითხს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტესტის სტრუქტურა და ორიენტირები. ტესტური დავალებების შეფასება თითოეულ ნაწილში შემდეგია:
1. არჩევითბოლოისნი შეკითხვები – 15 ქულა
2. ქრონოლოგიური დალაგება – 3 ქულა
3. ისტორიული მოვლენის აღწერა – 4 ქულა
4. ილუსტრაცია – 4-6 ქულა
5. არგუმენტირებული მსჯელობა – 2 ქულა
6. რუკა – 11 ქულა
7. ისტოიული მოვლენის შეფასება – 2 ქულა
8. ისტორიული წყაროს ანალიზი – 17 ქულა
ყოველმა მასწავლებელმა იცის, რომ მას, ვინც თეორიულ ცოდნას სათანადოდ არ ფლობს, განსაკუთრებით იმ დავალებების შესრულება უჭირს, რომელიც გახსენებასა და ანალიზს მოითხოვს. ისტორიულ წყაროში შეცდომების გასწორება სწორედ ასეთ დავალებად ითვლებოდა, თუმცა უკვე 3 წელია ტესტში აღარ გვხვდება. ამ ნაწილში მოწმდებოდა ის, თუ რამდენად ჰქონდა ცოდნა აბიტურიენტს ისტორიული ფაქტის, მოვლენის, თუ ზოგადად ეპოქის.
მაქსიმალური 60 ქულიდან ის აბიტურიენტი, რომელსაც აქვს უნარ-ჩვევები და შეუძლია ლოგიკური მსჯელობა, ანალიზის გაკეთებაც საშუალოდ 40-50-ქულიან შედეგს დებს, რადგან ტესტი ამოწმებს არა ისტორიის ცოდნას, არამედ უნარ-ჩვევებს.
პირადად ჩემი მოსწავლეების შედეგების ანალიზით, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აბიტურიენტი, რომელსაც აქვს ლოგიკური გააზრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ბევრად უკეთეს შედეგს იღებს გამოცდაზე ვიდრე ის, ვინც თეორიაში კარგად მომზადებული და ნაკითხია.
გასულ წელს შევეცადე ეს ჰიპოთეზა დამემტკიცებინა და აბიტურიენტებს ვთხოვე უნარების ვერბალური ნაწილის რამდენიმე დავალება და ისტორიის საგამოცდო ტესტი ერთად დაეწერათ. აღმოჩნდა, რომ ის აბიტურიენტი, რომელიც არ ფლობდა საკითხის თეორიულ ცოდნას, მასზე გაცილებით მეტ ქულას იღებდა, ვინც თეორიას სანიმუშოდ ამუშავებდა. ეს კიდევ ერთი ხარვეზია ტესტის, რადგან ეს არაა უნარების ტესტი, ესაა ტესტი, რომელიც ისტორიის ცოდნას უნდა ამოწმებდეს და ასევე უნდა მოითხოვდეს გარკვეული უნარების შემოწმებასაც. საბოლოოდ, ტესტების არასწორ შედგენას მეორე უკიდურესობამდე მივყავართ. მაგალითისთვის, აპლიკანტი, რომელიც იღებს უმაღლეს შეფასებას, დაბალი ქულა აქვს ქრონოლოგიური დალაგების ნაწილში (რომელიც მხოლოდ 3 ქულით ფასდება), რადგან არ შეუძლია მოვლენების მწყობრად წარმოდგენა, მისთვის ეს მოვლენები კონკრეტული დროის შეგრძნების გარეშე არსებობს. ყველაზე მეტი ქულები ტესტის იმ ნაწილებზე მოდის, რომლებიც სულაც არ მოითხოვს თეორიული ცოდნის ქონას (ისტორიული წყაროს ანალიზი, რუკა, არგუმენტირებული მსჯელობა).
საბოლოოდ, ვიღებთ ასეთ შედეგს, აპლიკანტმა, რომელმაც უმაღლესი ქულა აიღო ისტორიის გამოცდაში, პოტენციურად შეიძლება არც კი იცის, როგორ დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, რომელზეც მან ტესტი წერა. რადგან ახლი ტესტი ისევე პრობლემურია, როგორც ძველი, რომელიც მოსწავლეს მხოლოდ მშრალი ფაქტის ცოდნას კარნახობდა.
ამგვარად, გამარტივებული ტესტები, რომლებიც რეალურად იმიტომაა მარტივი, რომ თეორიულ ცოდნას არ ამოწმებს, არანაკლები სირთულეების წინაშე გვაყენებს. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი ზედაპირული ცოდნით აღწევს უნივერსიტეტებში, იმიტომაც, რომ ისინი კონცენტრირების უნარს მოკლებულნი არიან.
ავტორი: მზეო შველიძე განათლების პოლიტიკის მკვლევარი; სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი. სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია AIA-Gess
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება