GE

რატომ არ არსებობს საქართველოში რეალური სტუდენტური სესხი?

სტუდენტური სესხი კლასიკური გაგებით განათლების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროგრამაა და იგი პირველად ევროპულ ქვეყნებში დანერგეს. დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ფინანსურ ორგანიზაციებში სტუდენტური სესხები სხვადასხვა პირობებით გაიცემა, თუმცა გადახდის პირობები და გრაფიკი ისეა მოწყობილი, რომ სტუდენტებს თანხის დასაბრუნებლად მოქნილი პირობები აქვთ შექმნილი.

გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასოა, თუმცა სანამ უმაღლესი განათლების გადასახადი გაუქმდებოდა, სტუდენტებს სესხის აღება მხოლოდ დასაქმების შემთხვევაში მოეთხოვებოდათ. სტუდენტურ სესხებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პირობებით გასცემენ. ხშირ შემთხვევაში დაბრუნების ვალდებულება 10 წლის შემდეგ დგება. ამასთან, სტუდენტებს სესხის აღების შემთხვევაში გადახდის არაერთი შესაძლებლობა ეძლევათ. წამყვან უნივერსიტეტებში წარჩინებულ სტუდენტებს სხვადასხვა სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ და ამ თანხით სტუდენტურ სესხებსაც ფარავენ. რაც მთავარია, სტუდენტური სესხის ასაღებად მათ სამუშაო ადგილიდან ცნობა და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვებათ. პირობების გათვალისწინება იმაზე მეტყველებს, რომ ევროპულ ქვეყნებში სტუდენტებს სწავლის დაფინანსება თავიანთი გამომუშავებული ფულით შეუძლიათ, რადგან მათ ამისთვის ყველა გარემოება აქვთ შექმნილი.

Aris.ge-განათლება შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და არსებობს თუ არა საქართველოში სტუდენტური სესხი? – კითხვაზე პასუხის მისაღებად როგორც საბანკო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მივმართეთ..

Aris.ge-განათლებამ სტუდენტებთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქებისას განათლების მინისტრის განცხადებაც შემოგთავაზათ, რომლის თანახმად, თამარ სანიკიძე ამბობდა, რომ მსგავსად ევროპული ქვეყნებისა, საქართველოშიც იგეგმება სტიპენდიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ზრდა, თუმცა ეს ვერ მოხდება 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებიდან სტიპენდიას მხოლოდ 1 500-მდე ახალგაზრდა იღებს.

სტიპენდიებისთვის ბიუჯეტის ზრდის შემდეგ კი სტუდენტებს შესაძლოა, არც სესხის აღება დასჭირდეთ და თუკი მაინც მიმართავენ ბანკს აღნიშნული პროდუქტის გამოსაყენებლად, მათ შეეძლებათ ნასესხები თანხა გაცილებით მარტივად დააბრუნონ.

არის თუ არა საქართველოში სტუდენტური სესხი განათლების ხელშემწყობი პროექტი, Aris.ge-განათლება აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძეს ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში “სტუდენტური სესხი” მხოლოდ პროდუქტის სახელწოდებაა და დადგენილი პირობების გათვალისწინებით, მხოლოდ რიგითი საბანკო პროდუქტია.

“სტუდენტური სესხი რეალურად იგივე სამომხმარებლო სესხია. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლები არჩევენ აიღონ პირდაპირ სამომხმარებლო სესხი – განსაკუთრებულად არ განსხვავდება პირობები. მხოლოდ რამდენიმე ბანკი გასცემს სტუდენტურ სესხს. არის კიდევ სასწავლებლების მიერ შეთავაზებული, როცა სტუდენტი სწავლის დასრულების შემდეგ იწყებს გადახდას, მაგრამ ეგ ნაკლებად არის საბანკო პროდუქტი. ზოგადად ბაზარზე დიდი მოთხოვნა სტუდენტურ სესზებზე არ არის”,- განუცხადა გიორგი კეპულაძემ Aris.ge-განათლებას.

Aris.ge-განათლება შეეცადა, გაერკვია, უკავშირდება თუ არა ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტის პრობლემა სტუდენტური სესხების გასაცემად დაწესებულ საკმაოდ რთულ კრიტერიუმებს. კვლევისას გაირკვა, რომ პროდუქტი “სტუდენტური სესხი”, როგორც პროდუქტი საქართველოში მოქმედი ბანკებიდან მხოლოდ რამდენიმეს გააჩნია.

თუკი მოკლედ გავეცნობით “საქართველოს ბანკისა” და “თი-ბი-სი ბანკის” “სტუდენტური სესხის” პირობებს ვნახავთ, რომ “საქართველოს ბანკი” სესხს გასცემს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომელთა ასაკიც მინიმუმ 20 წელი უნდა იყოს. მსესხებელს აუცილებლად მოეთხოვება იყოს დასაქმებული და მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 200 ლარი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სტუდენტური სესხის მისაღებად ბანკში უნდა გამოცხადდეს დასაქმებულ ოჯახის წევრთან ერთად, ან სესხის განაცხადის შევსებისას, ბანკისგან მისაღები თანხა უძრავი ქონებით უზრუნველყოს. დაახლოებით მსგავსი პირობებია “თი-ბი-სი ბანკშიც”, თუმცა განსხვავება მხოლოდ სესხის ხანგრძლივობაა – მსესხებელს თანხის დაბრუნება მაქსიმუმ 9.5 წელიწადში შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ თუკი განმცხადებელი ან მისი თანმხლები პირი ხელფასს “სქართველოს ბანკში” ან “თი-ბი-სი ბანკში” არ იღებენ, მათზე “სტუდენტუირი სესხის” განსხვავებული პირობები მოქმედებს და თანხის საპროცენტო განაკვეთიც რამდენიმე ნიშნულით მაღალია. განსხვავებაა ვადების მხრივაც.

რაც შეეხება ტარიფებს, “სტუდენტური სესხის” აღება შესაძლებელია წელიწადში მინიმუმ 15%-იანი განაკვეთით. თავდებობით სესხის მიღების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი იზრდება და მისი ღირებულება 17.83%-დან იწყება; უზრუნველყოფის გარეშე კი “სტუდენტური სესხის” ღირებულება წლიური 23.72%-დან იწყება.

სპეციალისტები აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ქართული “სტუდენტური სესხი” ნაცვლად შეღავათიანი პროდუქტისა, რომელიც განათლების ხელშეწყობას უნდა ისახავდეს მიზნად, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სერვისს წარმოადგენს და მისი ფასი სხვა ტიპის სესხების ფასს ბევრად აღემატება. ეკონომისტების ამ განცხადების საპასუხოდ ბანკში განმარტავენ, რომ “სტუდენტურ სესხზე” დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი პროდუქტის რისკიანობითაა განპირობებული.

აღნიშნულ თემაზე მუშაობისას Aris.ge-განათლება ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა. სხვა რესპონდენტების მსგავსად, ჯგერენაიაც აცხადებს, რომ სტუდენტებისთვის შეთავაზებული საბანკო პროდუქტი სამომხმარებლო სესხისგან არაფრით განსხვავდება. ექსპერტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კომერციული ბანკები მოგებაზე გათვლილი ორგანიზაციებია, შესაბამისად მათ ვერავინ დაავალდებულებს სოციალური პროგრამების განხორციელებას.

ჯგერენაიას თქმით, კერძო ფინანსური ორგანიზაციების მიზანი შემოსავლების მაქსიმალურად ზრდაა, შესაბამისად, ისინი სტუდენტურ სესხებზე შეღავათიან პირობებს ვერ დააწესებენ და ამიტომ სთავაზობენ მომხმარებელს სტუდენტურ სესხსაც ჩვეულებრივი ტარიფებით. ჯგერენაია მიიჩნევს, რომ არსებულ ფონზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი პროცესში სახელმწიფო ჩაერთვება და სტუდენტურ სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთების სუფსიდირებას მოახდენს.

“კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფოში შემოგვეტანა 10-წლიანი და უფრო ხანგრძლივი კრედიტები, რომ ახალგაზრდამ სწავლის დასრულების შემდეგ და დასაქმების შემდეგ შეძლოს გადახდა. დღეს გვაქვს კომერციულად ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთი და ამიტომ, ამ ეტაპზე ურიგო არ იქნებოდა სახელმწიფოს ჩართვა ამ საქმეში. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს პროცენტული განაკვეთის გადაფარვა, რომ სტუდენტებმა ეს მომსახურება შეღავათიან პროცენტად მიიღონ. არანაირი განსხვავება არ არის ჩვეულებრივ რომელიმე სესხსა და სტუდენტურ სესხს შორის, ვერ იქნება გასხვავება საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე და ბანკი ამაზე ვერ წავა, იმიტომ რომ მოთხოვნა-მიწოდების ხარჯზე დგინდება ფასი. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო შემთხვევა იქნებოდა საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც ნაწილობრივ. ისიც გასათვალისიწნებელია, რომ ჩვენ ქვეყანაში ახალდამთავრებულ სტუდენტებს დიდი ხელფასები არ აქვთ”,- ამბობს Aris.ge-განათლებასთან ემზარ ჯგერენაია.

ჩაერთვება თუ არა სახელმწიფო ამ მიმართულებით სტუდენტურ ცხოვრებაში და რა ფორმით განახორციელებს სუბსიდირებას, ამას დრო გვიჩვენებს.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური