GE

სკოლის მოსწავლის დრესკოდი საქართველოს სკოლებში

ყველაზე ხშირად იმაზე ვკამათობთ, რაზეც ვამბობთ რომ არ დავობენ – მათ შორის ესაა გემოვნება ჩაცმაში. თუმცა, როცა საქმე სკოლის მოსწავლეს ეხება, აქ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს – ბავშვს ბავშვურად უნდა ეცვას! სკოლას ეს არ შეეფერება და ბუნებრივია, ამაში მაკიაჟს, შეღებილ თმას, აქსესუარებსა და რაც მთავარია, დახეულ ჯინსებს გულისხმობენ. თუმცა რა შეეფერება სკოლას, ამაზე პასუხი არაერთგვაროვანია. რა უნდა ეცვას და რა არა სკოლის მოსწავლეს, ეს არც სკოლის შინაგანაწესში წერია. წერია, მხოლოდ ის, რომ უნდა ეცვას „შესაფერისად“, ამ სიტყვაში კი თითქოს ბუნებრივად უნდა ვიგულისხმოთ თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო ან შარვალი.

„სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

„სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით,“ – ვკითხულობთ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლში.

ეს არის ერთადერთი პასაჟი კანონში, სადაც იმაზე წერია, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოსწავლე.

სკოლაში შეღებილი თმით, მაკიაჟით, პირსინგითა და დახეული ჯინსებით სიარულს არ კრძალავს 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე. როგორც მან EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სურვილის მიხედვით ჩაიცვას, თუმცა უნდა ახსოვდეთ ერთი – „მისმა ჩაცმულობამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს“.

„მოსწავლეს ძალიან გამომწვევად არ უნდა ეცვას, ერთმანეთს რომ ხელი არ შეუშალონ სწავლაში. არ მახსოვს, რომ პედაგოგს ეთქვას ჩემთვის, მოსწავლესთან დაკავშირებით ამ ტიპის შენიშვნა. პატარებიც, მე-7 კლასელებიც მინახავს თმაშეღებილები, დამოუკიდებლად ხომ ვერ იზამენ ამას?! ალბათ, მშობელიც ამ აზრზეა. რა არის სკოლისთვის შესაფერისი, ამაზე არ ჩამოვყალიბებულვართ და არც შინაგანაწესში გვაქვს ფორმა. ვფიქრობ, რომ როცა ბავშვი სქესის კონტროლს იწყებს მე-8-მე-9 კლასებში, შეიძლება, ყურადღება ამაზე გადაიტანო და ეს უარყოფითად აისახება სწავლაზე. როცა სხვა რაღაცაზე ფიქრობ კლასში, ცუდია. რა თქმა უნდა, ამაზე ფიქრის დროც უნდა ჰქონდეს ბავშვს, თუმცა არა გაკვეთილზე,“ – ამბობს თბილისის 51–ე საჯარო სკოლის დირექტორი.

მის მსგავსად ფიქრობს 35-ე  საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძეც. როგორც მან EDU.ARIS.GE-ის უთხრა მოსწავლეებისთვის ჩაცმულობის გამო შენიშვნა ხშირად უთქვამს, მათ კი ეს გამოუსწორებიათ.

„შეზღუდვა არ გვაქვს ჩაცმაზე. შენიშვნასაც ძალიან მეგობრულად ვაძლევთ და ისინიც იღებენ ამას. ყოფილან გოგონები მოკლე ბლუზებით, მუცელი რომ უჩანთ და ეს რომ გვითქვამს, მათ გამოუსწორებიათ. სკოლაში უნდა გეცვას სადად. თმის შეღებვის ფაქტებიც იყო, მათ შორის ბიჭებშიც. ერთი ბიჭი საერთოდ დაფლეთილი ჯინსით მოდიოდა, შევხვდი და ავუხსენი დელიკატურად, მანაც გაიგო,“ – გვიყვება სკოლის დირექტორი.

თავად ამ შენიშვნების ადრესატები ფიქრობენ, რომ საკუთარ ჩაცმაზე მათ თავისუფლად და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ.

რუსკა მე-11 კლასშია. ის საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტს ხშირად ატარებს, იღებავს თმას, აქვს პირსინგი და აცვია თამამად. როგორც ის EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას ამბობს, ამის გამო სკოლის პედაგოგები ხშირად შენიშვნას აძლევენ.

„ამას პატრონი არ ჰყავსო“ ხშირად გამიგია, რამდენჯერმე დედაჩემსაც უთხრეს „შვილს მიხედეო“, ვერ ვხვდები რა მაქვს მისახედი. თუ რამე პრეტენზია ჩემს სწავლასთან დაკავშირებით ექნებათ, მითხრან როცა ცუდ ქულებს მივიღებ. თმის შეღებვის გამო, სწავლაც არ შემიწყვეტია და არც წიგნები მრჩება სახლში, როცა დახეულ ჯინსს ვიცვამ. ვფიქრობ, უნდა ჩავიცვა ის, რაც მომწონს, მინდა. ნამდვილად არავის საქმე არაა ჩემი გარდერობი. თუ ეგრეა, არც მე მომწონს რაც მასწავლებლების უმეტესობას აცვია,“ –  განაცხადა რუსკამ.

რუსკასგან განსხვავებით, მე-7 კლასელი შოთიკო ფიქრობს, რომ მისი თანატოლები „რა ჩავიცვა“-ზე ფიქრში დიდ დროს კარგავენ, რომელიც უმჯობესი იქნება, სწავლას მოახმარონ.

„ჩემს კლასელ გოგონებს დამრიგებელი ხშირად შენიშვნას აძლევს, რომ თმები შეიკრან, რადგან გაკვეთილზე სულ თმის სწორებაში არიან. მათი ნაწილი ამას არცკი ასრულებს. არც შეღებილთმიანი გოგონები მომწონს და ვფიქრობ, სკოლაში ასე არ უნდა იარო. ამიტომ საუკეთესო გამოსავალია ფორმა. სულ გეცოდინება რა უნდა ჩაიცვა და ამაზე ფიქრში დროსაც არ დაკარგავ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ის შოთიკომ.

ჩვენ აღნიშნულზე მშობლის პოზიციაც მოვისმინეთ, რომელიც სკოლის შინა განაგანაწესში ხსენებულ სიტყვას „შესაფერისად“ ეხმიანება.

„მოსწავლე მოსწავლეს ჰგავს თმაშეღებილიც და დახეული ჯინსითაც. სკოლა სასწავლო დაწესებულებაა და იქ ბავშვისთვის სასურველი გარემო უნდა იყოს. მოსწავლე  სკოლაში ატარებს დროის მნიშვნელოვან ნაწილს. მას იქ უნდა მიუხაროდეს. შეღებილი თმა სწავლას ხელს არ უშლის. არც დახეული ჯინსი. ბავშვს სკოლაში  თანამოაზრეები სჭირდება და არა აკრძალვების კასკადი. სკოლის ზრდასრული საზოგადოება რომ უფრო ახლოს იცნობდეს ახალგაზრდების მოთხოვნებს, ეს საკითხი დღეს დღის წესრიგში არ იდგებოდა და სკოლაც უკეთ შეასრულებდა იმ მიზნებს, რასაც ამჯერად რეპეტიტორების გარეშე ვერ აღწევს“, – ამბობს სკოლის მოსწავლის მშობელი მ.კ.

საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, თბილისის ერთ-ერთ კერძო, ძვირადღირებულ სკოლას, ისევე, როგორც კერძო სკოლების ნაწილს, აქვს მოთხოვნა, რომ პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებმა სპეციალური ფორმა (თეთრი პერანგი და ლურჯი პულოვერი სკოლის ლოგითი) ატარონ. მეცხრე კლასიდან ზემოთ კი, მოსწავლეებს ეს ვალდებულება აღარ აქვთ. თუმცა აკრძალულია სკოლაში გამოცხადება დახეული ჯისნებით, მყვირალა წარწერებით გაწყობილი მაისურებით, ზედმეტად თვალშისაცემი მაკიაჟითა და სამკაულებით. ეს სკოლის ერთგვარი დრესკოდია.

რამდენად მიზანშეწონილია სასკოლო ასაკში ბავშვისთვის ჩაცმულობის გამო შენიშვნის მიცემა, უნდა განვუსაზღვროთ თუ არა თინეიჯერებს ჩაცმის სტილი ამაზე EDU.ARIS.GE-ის ბავშვთა ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, სკოლაში როგორც ფორმის სისტემის არსებობის, ასევე ამგვარი სისტემის არარსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის დაშვებულ იქნას გარეგნულ მხარეში ისეთი დეტალების შეტანა, რაც მათ დაუკმაყოფილებს თვითგამოხატვის მოთხოვნილებას, თუმცა გონივრულ ფარგლებში.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს აქვთ თვითგამოხატვის სურვილი, რაც აბსოლუტურად ჯანსაღია თავისი არსით. ეს სურვილი ხშირად ჩაცმულობასა და ვიზუალურ მხარეში გამოიხატება, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში. ამ დროს მნიშვნელოვანი ძვრები ხდება ემოციურ, სოციალურ, ღირებულებათა სისტემაში – მოზარდები ცდილობენ არსებული ღირებულებების გადააზრებას, რომლებსაც ან მიიღებენ ან შეცვლიან და ჩაანაცვლებენ ახლით.

„აქტუალურია სქესთან იდენტიფიკაციის პროცესი და ამ მხრივ საკუთარი იდენტობის პოვნა და გამოკვეთა. ეს არის გარკვეული ეტაპი, რომლის წარმატებით გადალახვის შემდეგაც, მოზარდი ახერხებს საკუთარ თავთან ჰარმონიის მოპოვებას და ამბოხის ფაზა ცხრება. ამდენად, გასაგებია მათი სურვილი –  ერთგვარი დასტური და აფიშირება მოახდინონ თავიანთი იდენტობის, რაც ხშირად ვიზუალური მხარისა და ჩაცმის სტილის მეშვეობით ხდება.

„მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ერთის მხრივ იაზრებდეს ამ საჭიროებას, თუმცა, მეორეს მხრივ არსებობდეს გონივრული წესები, რომელთა დაცვაც საჭირო იქნება მოსწავლეებისთვის – მაგალითად ზედმეტად გამომწვევ სამოსზე შეზღუდვა.  ასევე, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ პრობლემის იდენტიფიცირების უნარი – თუკი მოზარდის მხრიდან გადაჭარბებული აქცენტი კეთდება გარეგნულ მხარეზე და მოზარდი მხოლოდ ამ გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ჰქონდეს ბავშვთან და მოზარდთან ჯანსაღი ურთიერთობის სახით ის ბერკეტი, რომ ბავშვთან კომუნიკაციის შედეგად გაერკვეს მის საჭიროებებში და ოჯახთან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სერვისებთან კოორდინაციით დაეხმაროს ბავშვს/მოზარდს პრობლემების გადალახვაში და ხელი შეუწყოს მას პიროვნული განვითარების პროცესში,“- ამბობს ლიკა ბუწაშვილი.

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლის მშობლისთვის

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური