რატომ იმსახურებთ სკოლაში დარჩენას? – რა არგუმენტები აქვთ საკუთარი საგნის გამოცდაში ე.წ ჩაჭრილ პრაქტიკოს მასწავლებლებს
„ჩვენ ვართ ის პედაგოგები, რომლებმაც აღვზარდეთ ძალიან ბევრი თაობა. მით უმეტეს, იყო დიდი გაჭირვების წლები, უხელფასობა, გაყინული კედლები, მაგრამ ჩვენ ვიწვნიეთ ეს ტვირთი და ვმუშაობდით პასუხისმგებლობით. დღეს დავდექით საშიშროების ზღვარზე, რომ ჩვენ 2 თვეში ,,გვაძევებენ“ სკოლიდან. რა გვაქვს დანაშაული?“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს 22 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამოცდაზე „ჩაჭრილმა პედაგოგმა“.
საქართველოს პარლამენტთან, 22 ოქტომბერს, ზაფხულის ეროვნულ გამოცდაში ჩაჭრილი პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მასწავლებლები, რომლებმაც საკუთარი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ან საკმარისი კრედიტქულები ვერ დააგროვეს, მათი სკოლიდან გაშვების საკითხს არ ეთანხმებიან.
როგორც EDU.ARIS.GE-ს აქციის ორგანიზატორმა და ,,პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს“ ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ განუცხადა, აქციის მონაწილეებს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის საკანონმდებლო ინიციატივის შეთავაზება სურდათ, რათა პედაგოგებს პედაგოგობის უფლება არ ჩამოერთვათ. ფერაძის თქმით, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოცდა იყო ბოლო შანსი, რომ პედაგოგებს აემაღლებინათ სტატუსი და უფროსი მასწავლებლები გამხდარიყვნენ.
,,ჩვენ ვითხოვთ, შევიდეს ცვლილება შესაბამის კანონმდებლობაში, რომ ამ პედაგოგებს პროფესია მაინც არ ჩამოართვან, პედაგოგობის უფლება არ ჩამოართვან და ყოველ ახალ სტატუსზე გადასვლა იყოს ნებაყოფლობითი. აი, ამას ვითხოვთ. მერე სკოლა თვითონ გადაწყვეტს, დირექცია, ბავშვი, მშობელი, ასეთ მასწავლებელთან მიიყვანოს თუ არა მოსწავლე…“, – აცხადებს დავით ფერაძე.
საპროტესტო აქციაზე EDU.ARIS.GE ერთ კითხვაზე პასუხის მისაღებად მივიდა, ჩვენ გვაინტერესებდა, რა არგუმენტები აქვთ გამოცდაზე ჩაჭრილ პედაგოგებს და რატომ ფიქრობენ, რომ მათი ადგილი განათლების სისტემაში ისევ არის. ჩვენს შეკითხვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ხუბუამ, თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა არსენ ნიკოლაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის დაწყებითების პედაგოგმა ლალი იოვაშვილმა და კიდევ რამდენიმე პედაგოგმა უპასუხა, თუმცა მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნინო ხუბუა გვიყვება, რომ სკოლაში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კითხვას კი, რატომ ფიქრობს, რომ უნდა დარჩეს სკოლაში, ამგვარად პასუხობს:
„მაქვს 30-წლიანი მუშაობის სტაჟი, 25 კრედიტქულა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, უნარებჩაბარებული, ახალი სკოლის მოდული გავლილი… 3 წელია ვაბარებ გამოცდას საგანში და ვღებულობ ერთსა და იმავე ქულას, რაც კითხვას ბადებს -რატომ?. სულ იდენტური, სამი ქულა მაკლდება. წლები დამჭირდა, რომ ღირსეული პედაგოგი ვყოფილიყავი და ჩამოვყალიბებულიყავი. მე მინდა, ჩემი ეს ღირსება დავიბრუნო… მე დღემდე მისწავლია, ყველა რეფორმა გამივლია, დღესაც შემომთავაზონ ტრენინგები, ან გადამზადება რომელიმე უნივერსიტეტში, ოღონდ ეს სამი კრედიტი დავფარო. მე წლების განმავლობაში ბავშვებს ხელოვნების საგანს ვუტარებდი, ბუნებაში გამყავდა, რომ შეეგრძნოთ ეს სილამაზე და მშვენიერება… ჩემი გამოცდილება გამოიყენონ, წლების მიერ დაგროვილი გამოცდილება, რომელიც ახალს, ვინც ჩვენ ჩაგვანაცვლებს, იმას სჭირდება,“ – აცხადებს ნინო ხუბუა.
სკოლაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგ არსენ ნიკოლაძეს. ნიკოლაძე გვიყვება, რომ საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს, თუმცა, მისთვის გაუგებარია რატომ სთხოვენ უნარების გამოცდის ჩაბარებას და გვიხსნის რატომ იმსახურებს, რომ სკოლაში დარჩენის უფლება მისცენ:
„მე ვარ სპორტის მასწავლებელი, მაქვს მოსწავლეების 200-მდე დიპლომი. საგანი ჩაბარებული მაქვს. სპორტი სპეციფიკური საგანია და ჩემთვის გაუგებარია, მე რატომ მთხოვენ მერხთან მომუშავე მასწავლებლის უნარებს? მერხთან მე არ ვმუშაობ, მე ვმუშაობ დარბაზში და მაქვს შედეგი. მე რომ საგანი ვიცი, ჩავაბარებ კიდეც და მერხთან მუშაობის უნარი ჩემი არ არის. ჩემი უნარი გამოვავლინე იმაში, რომ მაქვს 200-მდე დიპლომი. თუ მე ბავშვებთან მუშაობა არ ვიცი, მათთან მუშაობა არ გამომდის და უუნარო ვარ, მაშინ საიდან ავიღე 200 დიპლომი. 25 წელია ვმუშაობ, მაშინ როგორ შევძელი? – მაინტერესებს, მიპასუხონ. რა ვიცი, მეტი რა უნდა გავაკეთო, მაქვს სპორტული მიღწევებიც, სამ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ვარ და მეტი რა უნდა ვიყო. უმაღლესი დამთავრებული მაქვს“, – გვეუბნება არსენ ნიკოლაძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე და ჭიათურის რაიონის სოფელ ღვითორის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ლალი იოვაშვილი გვიყვება, რომ განსაკუთრებული სირთულის ქართულის გამოცდა იყო. ზოგადად, საგამოცდო ტესტებზე კი ამბობს, რომ ,,დაწყებითებისთვის“ შეუფერებელი და ,,არავალიდური“ იყო.
„მე არ მქონდა იმის საშუალება, ვთქვათ, სადმე მოვმზადებულიყავი. კეთილი ინებოს მთავრობამ, მოვემზადებინეთ და თუ ვერ ჩავაბარებდი, მერე ეთქვა, რომ წადიო სკოლიდან… რომ ვხედავ სკოლაში სერტიფიცირებული მასწავლებლებს, არც ერთი არ არის ჩემზე უკეთესი, მხოლოდ ხელფასს იღებენ ჩემზე მეტს, დანარჩენს, არაფერს აკეთებენ სკოლაში ჩემზე მეტს. აღარ მაქვს მე უფლება მასწავლებლად ვიმუშავო სკოლაში და საიდან, რის საფუძველზე ასკვნიან ამას, მითხრან. სერტიფიცირება, რომელიც არაფრის მაქნისი და მაჩვენებელი არ არის… 1 – 2 ქულა დამაკლდა. არავალიდური ტესტები იყო შემოტანილი, დაწყებითებისთვის შეუფერებელი. მაშინ შემოეტანათ ვალიდური ტესტები და ჩავაბარებდი. შეამოწმონ ის ტესტები თუ არის ჩემი დონის და მაშინ მოითხოვონ. განსაკუთრებული სირთულის იყო ქართულის გამოცდა“, – ამბობს ლალი იოვაშვილი.
ჩვენს კითხვას – რატომ უნდა დარჩნენ სკოლებში? – კიდევ რამდენიმე პედაგოგმა უპასუხა, თუმცა მათ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს:
„იმიტომ უნდა დავრჩეთ, რომ მე, დაწყებითების სპეციალისტს მიდებენ იმისთანა ტესტებს, რომელიც არის არაპროგრამული. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგები, დაგვიდონ ჩვენი დიპლომის შესაბამისი ტესტები და გადავაბარებთ. მაგრამ არაპროგრამული ტესტები იყო და აი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სკოლაში. გადაამოწმებინონ სპეციალისტებს, შეგვიმოწმონ დიპლომები, რა გვაქვს სპეციალობით და დაგვიდონ იმისი ტესტები, არა ვართ წინააღმდეგი. მაგრამ ისე არა, რომ არავალიდურ ტესტებს დებენ…“
„რატომ გვიუქმებენ დიპლომებს? ფარატინა სერტიფიკატმა უნდა გადაწონოს ჩვენი დიპლომი? იანვრიდან გვიშვებენ სამსახურიდან, ხალხს კრედიტები გვაქვს მოპოვებული სიმწრით, 19 კრედიტი გვაქვს, გამოცდაზე გავედი და რაღაც 2 ქულა დამაკლდა და იმის გულისთვის სახლში მიშვებენ, იმ სერტიფიკატით მიწონიან დიპლომს“.
„სასტიკად შედგენილი ტესტი იყო, არალოიალური. ძალიან დათრგუნულები და ნაწყენები ვართ. აპელაციასაც მივმართე და არანაირი შედეგი“.
„იმაშია საქმე, რომ ჩვენ ვართ ე.წ. ჩაჭრილი პედაგოგები, ასე გვიწოდებენ. არაერთხელ ვიყავით მისული განათლების სამინისტროსთან, ჩხენკელთან და დგებუაძესთან, მაგრამ არცერთხელ ნაბიჯი არ გადმოუდგამთ და პასუხი არ გაუციათ ან კი, ან არა და რატომ არ ვიცით…“
ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით პრაქტიკოსი მასწავლებლები იყვნენ, მიმდინარე წლის ზაფხულში გავიდნენ გამოცდაზე, მაგრამ ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, მათ ადგილას სკოლა კონკურსს გამოაცხადებს. „სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს“, – წერია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უსტატუსო მასწავლებელს მეორე სემესტრიდან სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა ექნება, კადრების დეფიციტი იქნება. კანონი განმარტავს, რომ მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
როგორც EDU.ARIS.GE-მ 11 ოქტომბერს გაარკვია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში არსებული ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულის გამოცდის შედეგად, უფროსის სტატუსი სულ 1 127-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მოიპოვა. მოგვიანებით ეს მონაცემი რამდენიმე ათეულით შემცირდა, თუმცა რამ გამოიწვია ასეთი კორექტირება, საკითხზე EDU.ARIS.GE – მასწავლებლის სახლისგან განმარტებას ელის. 2021 წლის ზაფხულში საგნის გამოცდა 5000-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ჩააბარა.
ასევე იხილეთ:
პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს
მოამზადა ეთო მიდელაშვილმა
- ქართულის სპეციალისტი საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებზე: „სანამ წიოკს დავიწყებდეთ, რამდენიმე „მარტივი ჭეშმარიტება“ გავიმეოროთ“ by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს by ARIS.GE-განათლება