ეკატერინე დგებუაძე: პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემიდან გასვლის შემდეგ, პედაგოგების დეფიციტს არ ველოდებით
დასრულდება თუ არა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დაუსრულებელი შანსის მიცემა, რომელიც მათ 2014 წლიდან სისტემაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს? – ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე ღია დარჩება. კანონით კი უკვე განსაზღვრულია, რომ ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომელთა მონაწილეობაც 2021 წლის ზაფხულის გამოცდაზე წარუმატებელი იყო და ვერც მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო კრედიტქულებს, სკოლას დატოვებენ.
„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს“.
უფრო საინტერესოა კანონის მომდევნო განმარტება, რომელიც სკოლას უფლებას უტოვებს, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ვერმოძიებული სერტიფიცირებული კადრის ნაცვლად, ისევ უსტატუსო, ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებელი დატოვოს, რაც მინიმუმ იმისთვის არის აუცილებელი, რომ საგანი არ ჩავარდეს და სკოლამ გაკვეთილების ჩატარება შეძლოს.
აი ჩანაწერი: „მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ“.
დავიჯეროთ უკვე დაძლეულია მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონებში, მასწავლებელთა დეფიციტი? და თუ ასე არ არის, მაშინ რის მაქნისია ეს დათქმა? ან რამდენად არის განათლების სამინისტროს მიზანი, რომ სისტემაში რეალურად პროფესიონალი კადრები იყვნენ?
EDU.ARIS.GE-ს კითხვა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძისადმი ასე ჟღერდა:
ქალბატონო ეკა, თქვენი ვარაუდით/შეფასებით/აზრით, მას შემდეგ, როდესაც დადგება კანონით განსაზღვრული პერიოდი და სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილზე გამოცხადდება კონკურსი, კადრების სიმცირის გამო, რამდენი უსტატუსო (როგორი დაშვებაც არის კანონში) მასწავლებლის დატოვება მოგიწევთ სკოლებში რეგიონებისა და საგნების მიხედვით და მეორე, თუკი ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, მაშინ რატომ იხილავთ პრაქტიკოსების სკოლებიდან გაშვების საკითხს?
ეკატერინე დგებუაძის პასუხი განათლების სამინისტროსგან 27 სექტემბერს მივიღეთ. მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ კადრების დეფიციტი არ იქნება.
„პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემიდან გასვლის შემდეგ, პედაგოგების დეფიციტს არ ველოდებით. სისტემაში შესასვლელად უამრავი ადამიანი არის მზად, ბევრმა გაიარა 60-კრედიტიანი პროგრამა და არაერთი მაძიებელ მასწავლებელს აქვს სისტემაში დარჩენის სურვილი“, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
მინისტრის მოადგილე კიდევ ერთხელ შეახსენებს პედაგოგებს, რომ სისტემამ მათი ხელშეწყობისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა.
„ჩვენი მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, სისტემაში იყვნენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის შესაბამის ცოდნას გადასცემენ. ამ მიზნების მისაღწევად, რეფორმის ფარგლებში უკვე არაერთი თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, პრაქტიკოსი მასწავლებლების მაქსიმალურად ხელშესაწყობად საკანონმდებლო დონეზე წლების განმავლობაში ცვლილებებიც განხორციელდა. ყველა ცვლილების შესახებ, პირველ რიგში, სრულად ინფორმირებულები სწორედ პედაგოგები იყვნენ“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთვის ეკატერინე დგებუაძე.
უფრო პირდაპირი პასუხი ჩვენს კითხვაზე ალბათ რთულიც არის განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თუმცა სამინისტროს პოზიცია ნათელია – არასერტიფიცირებული მასწავლებლის ადგილი სკოლაში არ უნდა იყოს. გვესმის, რომ პრაქტიკოს მასწავლებელთა სისტემიდან გაშვების ეს ფორმა ხისტია, მაგრამ ალბათ გარდაუვალიც.
გვახსენდება სხვა მეთოდიც, მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრობისას გაკეთებული ერთჯერადი პროგრამა, რომელმაც 6 ათასზე მეტი საპენსიო ასაკის მასწავლებელი სისტემიდან გააცილა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდა ახალი კადრების მიღებისა, მაშინ სკოლებმა ღიად დარჩენილი საათები სხვა მასწავლებლებზე გადაანაწილეს. მაგრამ არაერთ რეგიონში გვაქვს მოცემულობა, რომ ერთი მასწავლებელი სრულიად განსხვავებული საგნების სწავლებას ითავსებს. ამას განათლების ხარისხის ამაღლების შედეგად ვერ ჩავთვლით, მაგრამ ობიეტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლების ახალგაზრდა კადრებით ჩანაცვლებისთვის ეს პროგრამა საუკეთესო იყო რისი გაკეთებაც განათლების სისტემაში დღემდე მოხერხდა.
ასევე იხილეთ:
პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება