GE

კლასების გადატვირთულობა და მასწავლებლების სიმცირე – საფრანგეთში ფართომასშტაბიან აქციაზე 400-ზე მეტი პირი დააკავეს

საფრანგეთში მოსწავლეები აქციებს მართავენ, რითაც კლასებში არსებულ გადატვირთულობას, მასწავლებლებისა და პერსონალის დეფიციტს, ასევე განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.

BBC-ის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა აქციების დროს, სკოლის შესასვლელები გადაკეტეს, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ავტობუსის გაჩერებები დააზიანეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

როგორც ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, დემონსტრაციები პარიზის მიმდებარედ, ილ-დე-ფრანსის რეგიონში დაიწყო და ეტაპობრივად სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მარსელშიც გავრცელდა.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სათქმელი მივიტანოთ ადრესატამდე. აქ უმიზეზოდ, ყველაფრის დასამტვრევად არ მოვსულვართ. ჩვენი მიზანია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა სრულიად მოშლილია. თითო კლასში 34 მოსწავლე ვართ, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ სწავლა-სწავლებას. მასწავლებლები კი გადატვირთულნი არიან“, – განუცხადა AFP-ს აქციის მონაწილე 16 წლის მოსწავლემ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებით, დაახლოებით, ერთ კვირიან საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს, მათგან უმრავლესობა არასრულწლოვანია.

ქვეყნის ოფიციალური პირების ცნობითვე, მხოლოდ სამშაბათს, 29 სექტემბერს გამართული დემონსტრაციების შედეგად, სულ მცირე, 10 მასწავლებელი, რამდენიმე მოსწავლე და სამართალდამცავი ორგანოების 48 თანამშრომელი დაშავდა.

პარალელურად, განათლების სამინისტრომ გაავრცელა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, პროცესები საერთო ჯამში 400 სკოლას შეეხო. მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „მოსწავლეებს აქვთ უფლება, გამოხატონ პროტესტი, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება, გამოიყენებოდეს ძალადობის გასამართლებლად“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური