GE

როგორ გაიწერა მენტორი მასწავლებლის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციები სკოლაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის

სტატუსის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციებისთვის მენტორი მასწავლებელი შესაბამის დანამატს იღებს. მენტორი მასწავლებლობა კი ნიშნავს, რომ მასწავლებლისთვის შემუშავებული სხვა კომპეტენციების გარდა, მენტორი უნდა ფლობდეს კომპეტენციებს სწავლა-სწავლების და/ან მართვა-ადმინისტრირების და/ან საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით სკოლაში.

მასწავლებლის ახალ სტანდარტში, რომელსაც EDU.ARIS.GE გაეცნო, დეტალურად არის გაწერილი თუ კიდევ რა კომპეტენციებს უნდა აკმაყოფილებდეს მენტორი მასწავლებელი:

სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლაში/სკოლებში (მიმართულება: სწავლა-სწავლება)

მენტორი მასწავლებელი მხარს უჭერს რამდენიმე სკოლის განვითარებას სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეხმარება სკოლებს სწავლა-სწავლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებაში, ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და ეფექტიანი სასწავლო მიდგომების დანერგვას, უზიარებს პროფესიულ გამოცდილებას და უწევს კოლეგებს კონსულტირებას. ხელს უწყობს სკოლებს შორის წარმატებული პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.

ინდიკატორები:

– აანალიზებს რამდენიმე სკოლაში სწავლა-სწავლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებს და მიღებული მიგნებების საფუძველზე განსაზღვრავს სკოლების მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

– მხარს უჭერს რამდენიმე სკოლის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ეხმარება მათ გამოვლენილ პროფესიულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე რეაგირებაში, უწევს კონსულტირებას სკოლების განვითარების საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, უზიარებს პროფესიულ გამოცდილებას, ეფექტიან პრაქტიკებს და ხელს უწყობს შესაბამისი სასწავლო მიდგომების დანერგვას.

– აფასებს გაწეული მხარდაჭერის შედეგებსა და ეფექტიანობას, აანალიზებს მის გავლენას მასწავლებელთა პროფესიულ პრაქტიკასა და სკოლების განვითარებაზე; მიღებულ მიგნებებზე დაყრდნობით ეხმარება სკოლებს შემდგომი განვითარების საჭიროებების განსაზღვრაში და ხელს უწყობს ეფექტიანი პრაქტიკის გაზიარებასა და სკოლებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.

სკოლაში/სკოლებში მართვისა და განვითარების პროცესების გაძლიერება (მიმართულება: მართვა-ადმინისტრირება)

მენტორი მასწავლებელი, რამდენიმე სკოლის მასშტაბით არსებული სისტემური ხედვის საფუძველზე, ეხმარება სკოლებს სტრატეგიული მართვის პროცესების გაუმჯობესებასა და ეფექტიანი მიდგომების ურთიერთგაზიარებაში.

ინდიკატორები:

– აანალიზებს რამდენიმე სკოლის სტრატეგიული განვითარების საერთო საჭიროებებსა და პრიორიტეტებს; საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება ცალკეულ სკოლას მართვის კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებაში.

– ხელს უწყობს ეფექტიანი მართვისა და კოორდინაციის მიდგომების გაზიარებას სხვადასხვა სკოლას შორის.

– განაზოგადებს რამდენიმე სკოლაში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკასა და ცვლილებების მონიტორინგის შედეგებს; გამოვლენილ სისტემურ ტენდენციებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკის გაძლიერება (მიმართულება: საგანმანათლებლო კვლევა)

მენტორი მასწავლებელი კოორდინაციასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას უწევს რამდენიმე სკოლაში მიმდინარე კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს, საერთო ტენდენციების, საჭიროებებისა და ეფექტიანი პრაქტიკების გამოვლენის მიზნით.

ინდიკატორები:

– კონსულტაციების, სამუშაო შეხვედრებისა და შესაბამისი კვლევის ინსტრუმენტების შეთავაზებით მხარდაჭერას უწევს რამდენიმე სკოლას კვლევების დაგეგმვაში.

– კოორდინაციას უწევს რამდენიმე სკოლაში კვლევების განხორციელებას (მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესს), ეხმარება სკოლების წარმომადგენლებს კვლევის მეთოდოლოგიის სწორად გამოყენებაში.

– ეხმარება სკოლების წარმომადგენლებს მიღებული შედეგების სათანადო ინტერპრეტაციაში, განაზოგადებს მონაცემებს რამდენიმე სკოლის მასშტაბით და გამოავლენს საერთო ტენდენციებსა და გამოწვევებს.

– სკოლებთან ერთად შეიმუშავებს კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გავრცელებას.

ინდიკატორები თვალსაჩინოს ხდის მოთხოვნებს მენტორ მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.

ასევე იხილეთ:

როგორ გაიწერა წამყვანი მასწავლებლის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციები სკოლაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის

„სკოლის მოსწავლეს ეროვნული იდენტობის განცდას მასწავლებელი უვითარებს“ – როგორ უნდა შესრულდეს ახალი სტანდარტის ჩანაწერი მათემატიკის გაკვეთილზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური