GE

რატომ იყო სტუდენტების პირადი ნომრები სასწავლებლის დერეფანში გამოკრული – რექტორის პასუხი

„არ ვიცი ეს დეკანის ბრალი იყო სამდივნოს უფროსის თუ სხვისი, მაგრამ  ხარვეზი დაფიქსირდა და როცა მოკვლევა დასრულდება იმ ზომებს მივიღებთ, რაც საჭირო იქნება“,- აღნიშნული განმარტება EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ, უნივერსიტეტში გამოკრულ იმ სიასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც სტუდენტების პირადი ნომრები იყო დაფიქსირებული.

პირადი ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, სასწავლებლის კურპუსის დერეფნის კედელზე განთავსდა. სიაში კი იმ სტუდენტების პირადი ნომრები იყო მოცემული, რომელთაც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი დროებით შეუჩერდათ.

– ბატონო გიორგი, ადასტურებთ, რომ უნივერსტიტეტმა გამოაქვეყნა სტუდენტების სია, სადაც მათი პირადი ნომრები იყო მითითებული?

გიორგი ღავთაძე: თბილისში ვიყავი, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და მითხრა ინფორმაცია. საქმის წარმოება უკვე აქვს დაწყებული უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის და იურიდიულ სამსახურს. მოკვლევის შედეგებით რაც დადგინდება –ბრალეულობა და ა.შ. იმის შესაბამის რეგირებას მოვახდენთ.

– სიის ამ ფორმით გამოქვეყნება ადრეც მომხდარა?

– იცით რა არის, სანამ მოკვლევა არ ჩატარდება მანამდე ვერაფერს გეტყვით. როცა პირის ბრალეულობა გამოიკვეთება, მერე მან თავისი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს, ამას აქვს თავისი პროცედურები და წინასწარ ლაპარაკი არ მინდა.

იდეაში, მიზეზი როგორც იკვეთება, სავარაუდოდ ის არის, რომ რამდენიმე სტუდენტის უნივერსიტეტში ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა, ინფორმაცია რომ ზუსტად და სწრაფად გავცელებულიყო ამის გამოა ეს გაკეთებული, თუმცა სანამ მოკვლევა არ ჩატარდება  რაიმეს თქმა გამიჭირდება.

ჩვენ პირადი ნომრის თანხლებით სიებს არ ვაქვეყნებდით, არც ადრე და არც მომავალში გამოვაქვეყნებთ. მოხდა ხარვეზი, რომელიც ბავშვებმა ნახეს და კიდევ კარგი დროზე გაგვაგებინეს.

–ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, ეს იყო იმ სტუდენტების სია, რომელთაც უნივერსიტეტის გადასახადი აქვთ დასაფარი ?

–უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, სადაც მხარეთა ვალდებულებები არის გაწერილი. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება სწავლის ქირის დაფარვაა. ჩვენ ოთხ ეტაპად ვანაწილებთ გადასახადს, რათა სტუდენტს  შესაძლებლობა მივცეთ, უფრო იოლად და ნაკლებად მტკივნეულად გადაიხადოს თანხა. განცხადების დაწერის შემთხვევაში, უფრო მცირე თანხის გადახდის საშუალებასაც ვაძლევთ, მაგრამ თუ სტუდენტი თავის ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს, ვუჩერებთ სტატუსს, თუმცა როგორც კი პრობლემას გამოასწორებს, ჩვენ სწავლის გაგრძელების საშულებას ვაძლევთ.

ადრე იყო შემთხვევა, როდესაც არ შევუჩერეთ სტატუსი და  აქეთ დაგვადანაშაულა სტუდენტმა, რომ არ გადაგიხადეთ რატომ არ შემიჩერეთ სტატუსი, დამატებითი ვალდებულება რატომ დამაკისრეთო. ამიტომ, ეს რომ გამოვრიცხოთ და სტუდენტს რა მომსახურეობაც არ მიუღია იმის ფული არ გადავახდევინოთ, ვუჩერებთ სტატუსს, ეს ბრძანებითაც არის გაწერილი.

ესეც ასეთი სია იყო, სტუდენტს შესაძლოა, პრობლემა შექმნოდა თუ თავის ვალდებულებას დროზე არ შეასრულებდა. ეს სია იყო გამოქვეყნებული. ადრე ხან ჯგუფებში შედიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ დროზე გადაეხადათ ან სიას აქვეყნებდნენ.

არ ვიცი ეს დეკანის ბრალი იყო, სამდივნოს უფროსის, თუ სხვის, მაგრამ ასეთი ხარვეზი დაფიქსირდა და როცა მოკვლევა დასრულდება შემდგომ იმ ზომებს მივიღებთ რაც საჭირო იქნება.

-როდის დასრულდება მოკვლევა?

-იურიდიულმა სამსახურმა გაწერა პროცედურა, გუშინ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს გადავეცით მასალა და უკვე დაწყებულია მოკვლევა. შესაბამისად,  ალბათ რამდენიმე დღე დაჭირდება, რადგან ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მან არგუმენტები უნდა წარმოადგინოს თუ რატომ მოხდა ეს და ა.შ. რომ საკითხის შესწავლა სრულად მოხდეს.

არის თუ არა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში დაფიქსირებული აღნიშნული შემთხვევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევა, ამის გასაგებად EDU.ARIS.GE – პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ ფაქტის შესწავლა დაწყებულია და მის დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

„ფაქტის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ და მოკვლევა დაწყებული გვაქვს, თუმცა კომენტარს ვერ გავაკეთებთ, სანამ საბოლოოდ არ იქნება გამოკვლეული გარემოება“, – გვითხრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც კანონში ვკითხულობთ, თუკი ორგანიზაციამ პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პრინციპებისა და საფუძვლების გარეშე, პირველ შემთხვევაში მას სიტყვიერი გაფრთხილება ან 500 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება, იგივე ფაქტის ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში კი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური