GE

რატომაა საქართველო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი – ინტერვიუ ილიაუნის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტთან

პროექტში CaBOL, რომელიც 2020 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.

ვაშლოვანის ექსპედიცია კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში უდიდესი როლი სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს უკავიათ.
სწორედ ამ სტუდენტებს გაგაცნობთ უფრო ახლოს.

შოთა ჯაფიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის, ეკოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია.

– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებაზე სწავლა?

– ბავშვობიდან მიყვარს ბუნება, ეკოლოგია კი არის ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებს ჩემს ორ საყვარელ განხრას, ბიოლოგიასა და მათემატიკას.

– რას ნიშნავს იყო ეკოლოგი? როგორია ეკოლოგის სტუდენტის ცხოვრება არის ცხოვრება?

– იყო ეკოლოგი, ნიშნავს, იყო ცნობისმოყვარე. ეკოლოგი სტუდენტის ცხოვრება არის ექსპედიციების დროს დაჭერილი ან აღწერილი მასალის დამუშავება.

– კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBOL) – როგორ მოხვდით ამ პროექტში? რას ისახავს მიზნად ეს პროექტი? რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ეს პროექტი? თქვენი აზრით, რას ნიშნავს კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა?

– CaBOL-ის პროექტში მოვხვდი ქართულ-გერმანული ბიომრავალფეროვნების ცენტრის, GGBC-ს პროექტიდან, სადაც ჩვენ ვაგროვებდით მწერებს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. ამ პროექტის მიზანია კავკასიაში არსებული ცოცხალი ორგანიზმების გარჩევა და დნმ-ის ბარკოდირება. საქართველო, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, თავშესაფარს წარმოადგენს მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობისთვის.

– პროექტში კონკრეტულად რა არის თქვენი როლი? რა აღმოჩენები გააკეთეთ/რა აღწერეთ?

– ჩემი როლი ამ პროექტში მწერების ტაქსონომიური რკვევაა, მე ვმუშაობ ხეშეშფრთიანებზე (ხოჭოებზე), რაც ნიშნავს ხოჭოების რკვევას სახეობის დონეზე და სპეციალისტებთან აქტიურ კოლაბორაციას. ჯერჯერობით მნიშვნელოვანი აღმოჩენა არ გამიკეთებია, არც რაიმე სახეობა აღმიწერია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ამის შანსი მომეცემა.

– რას ნიშნავს თქვენთვის, ახალგაზრდა მკვლევრისთვის, ამ მასშტაბის პროექტში მონაწილეობა?

– ეს პროექტი ჩემთვის შესაძლებლობების ულევ წყაროს ნიშნავს, რომელიც საშუალებას მომცემს, გავიღრმაო ცოდნა, დავსვა უფრო მეტი კითხვა და ვეკონტაქტო ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი კითხვები აწუხებთ და მსგავსი ინტერესები აქვთ. ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ თუ არა სამეცნიერო მიმართულებით კარიერის გაკეთებას?

– ვგეგმავ საბაკალავრო ნაშრომის გაკეთებას ჩვენი პროექტით, მეტი სპეციალისტის დაინტერესებას და CaBOL-ის პროექტისთვის ახალი სახეობების შეგროვებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური