GE

რაზე წერეს და როგორ აფასებენ აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურში

დღეს, 10 ივლისს, 2023 წლის აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში ორ სესიად აბარებენ. პირველ სესიაზე რეგისტრირებული გამოსაცდელები უცხოური ენის ტესტს EDU.ARIS.GE-სთან აფასებენ და იმ თემატიკის გახსენებასაც ცდილობენ, რაც დავალებებში ჰქონდათ მოცემული.

ილია შოშიაშვილი, რომელმაც გამოცდა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჩააბარა, გვიყვება, რომ გამოცდა “უფრო ადვილი იყო”.

“დიალოგი იყო Time Square-ზე და ცენტრალურ პარკზე. სიტყვების ჩასასმელი დავალება კი იყო მუზეუმებზე. გრეტა თუნბერგზე იყო ის დავალება, რომ უნდა გაანაწილო სათითაოდ აბზაცები. დიალოგი იყო სასტუმროში დარეგისტრირებაზე და თემა ასეთი: “ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ინგლისურის სწავლა შეუძლია ინტერნეტიდან, მასწავლებლის გარეშე”. წინა წელთან შედარებით, რთული არ ყოფილა, მეტიც, დიალოგით რომ შეცვალეს, უფრო ადვილი იყო. ასევე, გარამატიკის ჩასმაში 4 ვარიანტი გვქონდა და ეგეც უფრო ადვილი იყო”, – უთხრა ილიამ EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს.

მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები კი აღნიშნავენ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის შესრულება უფრო გაურთულდათ, ვიდრე – ინგლისურის.

დაჩი არაბულის თქმით, ქართულ და ინგლისურ ენებს სკოლაში თანაბარი დონით ასწავლიდნენ, თუმცა მშობლიური ენის გამოცდა ბევრად რთული აღმოჩნდა მისთვის:

“ინგლისური ენის გამოცდა გვთხოვს ენის B2 დონეზე ფლობას. ქართულის კი ყველაფერს გვთხოვს. კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზს, ლოგიკურ მსჯელობას, მაღალი დონის გრამატიკის ცოდნას. ინგლისურ ენაში დაზეპირებული ცოდნითაც შესაძლებელია გამოცდის ჩაბარება, რასაც ქართულზე ვერ ვიტყოდი”.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, ვახო მიროტაძე, აღნიშნავს, რომ მათ, ვინც B2 დონეზე ფლობს უცხო ენას, ტესტის შესრულება არ გაუჭირდებოდა, B1 დონის აბიტურიენტებს კი “ცოტა გაუჭირდებოდათ”.

“B2 დონეზე ვინც იცის ენა, არ ყოფილა მათთვის რთული საკითხები. მოსმენის ნაწილიც მშვიდად შევასრულე და თხზულებაც. B1 დონის გამოსაცდელებს, ალბათ, ცოტა გაუჭირდებოდათ”.

ანჟელა ჩითინაშვილი 133-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: ილიას უნივერსიტეტში ვაბარებ, უცხო ენებზე. საკითხები ძალიან ადვილი იყო. მოსასმენის ნაწილში ცოტა არეულად იყო კითხვები, დაგაბნევდა, თუმცა, ასე თუ ისე, მაინც ადვილად მომეჩვენა. ესეს სათაური იყო: “ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ უცხო ენის სწავლა ინტერნეტიდან უფრო ადვილია, ვიდრე მასწავლებლისგან“. ჩვენ უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი და არგუმენტებით და მაგალითებით განგვემტკიცებინა. კიდევ Time Squar-ზე იყო კითხვები”.

ხვალ, 11 ივლისს, აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას ისევ ინგლისურ ენაში ჩააბარებენ.

ასევე იხილეთ:

გართულდა, მაგრამ არ გართულდა? – აბიტურიენტებო, თქვენ მაინც წარმატებით ჩააბარებთ უცხო ენას!

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს დავით ოქროპირიძემ და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური