GE

„რეფორმობანა“ თუ შედეგზე გათვლილი სიახლე განათლების სამინისტროსგან – „სასკოლო მზაობის პროგრამა“

იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 14 სექტემბრამდე არ შუსრულდებათ და ამის გამო სკოლაში ვერ ივლიან,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „სასკოლო მზაობის პროგრამას” სთავაზობს. სკოლამდელი განათლების მხარდამჭერი დოკუმენტების სამუშაო ვერსიების განხილვა გასული წლის ბოლოს გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი სტრატეგია 2014 წელს  შეიმუშავა. დოკუმენტის  ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა 5 წლის ასაკის ბავშვთა სასკოლო მზაობის ხელშემწყობი დოკუმენტების სამუშაო ვერსიები:

–          სასკოლო მზაობის პროგრამა 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის;

–          სასკოლო მზაობის პროგრამის ტრენინგის სახელმძღვანელო;

–          სკოლამდელი განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ჩარჩო;

–          სკოლამდელი განათლების მომსახურების სტანდარტები და შეფასების ინსტრუმენტი.

მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წელს დაგეგმილია შემუშავებული რესურსების სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საბოლოო განხილვა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დოკუმენტების დამტკიცება და სასკოლო მზაობის პროგრამის პილოტირება.

განათლების ექსპერტი, სამოქალაქო ინტეგრაციის სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს  ეს ინიციატივა არის სპონტანური პასუხი იმ აჟიოტაჟზე, რაც 6 წლის ასაკის ბავშვების პირველ კლასში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შეიქმნა. მისი აზრით, რეალურად, სასკოლო მზაობის პროგრამა არ შეიძლება ამოვარდნილად განვიხილოთ, რადგან  ეს უნდა იყოს სისტემური მიდგომის ნაწილი –  ანუ სკოლამდელი განათლება+სასკოლო მომზადების ტრანზიტული პროგრამა+პირველი კლასისისა და დაწყებითი განათლების.

ანუ ეს სამივე კომპონენტი ერთობლივად და სისტემურად უნდა წარმოდგენილიყო და განხილულიყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა დაწყებითი განათლების ახალი სასწავლო გეგმის პროექტი უკვე წარმოადგინა სამინისტრომ. რადგან ამ სამი მიმართულების კომპლექსურად და სისტემურად წარმოდგენა არ მომხდარა, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის რეაქცია შექმნილ აჟიოტაჟზე და არა სისტემური რეფორმის ნაწილი. ამ პროგრამას და ამ პროცესს სერიოზული მომზადება სჭირდება, როგორც სასწავლო რესუსრებისა და სასწავლო გეგმის თვალსაზრისით, ასევე სკოლებში გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნის თვალსაზრისით, აგრეთვე სკოლების ადმინისტრაციის და, რაც მთავარია, პედაგოგთა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, რაც აგრეთვე არ განხორციელებულა“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას შალვა ტაბატაძემ.

რაც შეეხება სასკოლო ასაკის მინიმალურ ზღვრად 6 წლის ასაკის დაწესებას, შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ განათლების  სამინისტრომ  აქაც მარტივი გზა აირჩია და წინასწარი მომზადებისა და გათვლების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. როგორც მან აღნიშნა,  6 წლის ასაკის ზღვრად გამოცხადებისა და  სწავლის დაწყებასთან  მისი ხისტად  მიბმის ნაცვლადსამინისტროს უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზებაც შეეძლო.

„არსებული რეალობის პირობებში, რა თქმა უნდა, ექვს წლამდე ბავშვებს, უფრო მეტიც, ექვსი წლის ბავშვებსაც უჭირთ ხშირად სასკოლო ადაპტაცია და აქ ასაკის პრობლემაზე მეტად დგას (ა) ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის გაუმართავი სისტემა; (ბ) სკოლამდელი განათლების ხელმიუწვდომლობა სკოლამდელი განათლების ასაკის ბავშვების  დაახლოებით 40%-ისთვის; (გ) სასკოლო ინფრაქსტრუქტური გაუმართაობა ექვსი წლის ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად; (დ) სასწავლო პროგრამების გაუმართაობა და მასწავლებელთა ნაკლები მზაობა სკოლამდელი განათლებიდან  სასკოლო ტრანზიციისთვის. შესაბამისად, ყველა ეს საკითხია მოსაგვარებელია და არა ხისტად ზღვრული ასაკის დაწესებაა პრობლემის მოგვარების გზა. 

ამ გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრომ ფაქტობრივად თქვაარც სკოლამდელი განათლება და არც პირველი კლასის სასკოლო განათლება არ მაქვს მომზადებული. შესაბამისად, რაც მეტია მოსწავლის ასაკი, მას ამ ცუდ პირობებში შედარებით ნაკლები პრობლემები შეექმნება, რაც შესაძლებელია არსებულ ვითარებაში გარკვეული გამოსავალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით სკოლამდელი განათლების, სასკოლო მომზადებისა თუ დაწყებითი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემა მშობლებსა და ბავშვებს უგვარდება“,- განმარტა  Aris.ge-განათლებასთან საუბრისას შალვა ტაბატაძემ.

კითხვაზერამდენად სწორად ვითარდება საქართველოს სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემა, შალვა ტაბატაძე პასუხობს, რომ განათლების სისტემის განვითარება გრძელვადიანი საქმეა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებებით, დღეს რაიმე შედეგის დანახვა რთულია.

რაც შეეხება დღესდღეობით მიმდინარე რეფორმებს, ექსპერტის თქმით, იგი  განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს რეფორმებს ვერ დაარქმევს, რადგან ეს უფრო „რეფორმობანაა“ –  როცა სამინისტრო თავის თავს არწმუნებს და ცდილობს საზოგადოებაც დაარწმუნოს, რომ მუდმივად რეფორმების განხორციელბის პროცესშია, რეალურად კი მხოლოდდამხოლოდ ყოვედღიური რუტინითა და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმების ამუშავებით საკუთარი ფუქნციონირების გამართლებას ახდენს.

ანუ თუ სისტემა ვითარდება, შედეგები ხელშესახები სამომავლოდ უნდა გახდეს, რასაც დრო გვაჩვენებს. სამინისტროს საქმიანობის აქტიური ნაწილია, აგრეთვე   იმის დაგეგმვა, თუ როგორშეასაღოსსაზოგადოებას ესა თუ ის არაფრისმომცემი აქტივობა რეფორმად. არც სკოლამდელ და არც ზოგადი განათლების მიმართულებით სერიოზული რეფორმა არ განხორციელებულა“,- აღნიშნა ტაბატაძემ.

ექსპერტი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასაც აფასებსმისი თქმით, ეს არის ერთადერთი სერიოზული საკითხი, რომელიც სანიკიძის უწყებამ წამოწია. თუმცა როგორც შლვა ტაბატაძე ამბობს, იმ ფორმით, რა ფორმითაც დამტკიცდა ეს სქემა, წარუმატებლობისა და განუხორციელებლობისთვისაა განწირული.

Aris.ge-განათლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტაბატაძემ საქართველოში განათლების დონის მხრივ კრიტიკული მაჩვენებელიც შეაფასა. შეკითხვაზე –  ახალგაზრდებში განათლების დონის ასამაღლებლად ყველაზე ეფექტური და შედეგიანი რომელ რგოლში იქნება რეფორმების განხორციელება და  სად არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა, შალვა ტაბატაძე პასუხობს, რომ ამ საკითხს  სისტემურად უყურებს, ვიდრე ცალკე, ამოვარდნილად რომელიმე რგოლს.

ექსპერტის განცხადებით, განათლება ძალიან სერიზულ ურთიერთკავშირში მყოფი ნაწილებისგან შემდგარი სისტემაა და შედეგს გამოიღებს, მისი განვითარების მხოლოდ სისტემური ხედვა  და არა –  იზლირებული და ფრაგმენტული მიდგომები, რეფორმები და პროგრამები.

ამიტომ, რომელიმე რგოლის გაძლიერებაზე ვერაფერს გიპასუხებთ, რადგან წარმოუდგენელია, რომელიმე რგოლმა იმუშაოს, თუ ის კარგად განვითარებული სისტემის ნაწილი არ არის. მაგალითისათვის, ისევ დავუბრუნდები მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემას, ეს მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ, მაგალითად, ამ თემის განხილვა შეუძლებელია, თუ პარალელურად არ განვიხილავთ უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის მართვისა და უმაღლესი განათლების განვითარების მექანიზმების  ან სკოლის დირექტორების შერჩევის/არჩევის/დანიშვნის პოლიტიკიას, სასკოლო ავტონომიურობისა და დეცენტრალკიზაციის საკითხებს და .. ამ საკითხების განხილვის გარეშე მხოლოდ სქემის განხილვა და სქემაზე საუბარი წარმოუდგენელია. ისევე, როგორც წარმოუდგენელია თქვა, რომ ეს სქემა მოიტანს შედეგებს, თუ ის არ იქნება საერთო სისტემის, კომპლექსური მიდგომის ნაწილი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რომელიმე რგოლის ცალკე გამოტანა, ხაზგასმა და გაძლიერება შედეგს ვერ გამოიტანს“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას შალვა ტაბატაძემ.

„სასკოლო მზაობის პროგრამის“ პილოტირება 2015 წელს იგეგმება. აქვე გეტყვით, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც განათლების სამინისტრომ სასკოლო ასაკის მინიმალურ ზღვრად 6 წელი დააწესა. ცვლილება უკვე დამტკიცებულია და მიუხედავად მშობლების პროტესტისა ცვლილებას არ ექვემდებარება. განათლების სამინისტრო მიღებულ დადგენილებას საერთაშორისო კვლევებით და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით ამართლებს და ამბობს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სკოლაში სიარულისთვის მოუმზადებელია.

Aris.ge-განათლების მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღების ციფრები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2010-2011 სასწავლო წელი – 4245 

2011-2012 სასწავლო წელი – 9066

2012-2013 სასწავლლო წელი – 7733

2013-2014 სასწავლო წელი – 5372

2014-2015 სასწავლო წელი – 60 (რეგულაცია უკვე ამოქმედებულია)

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური