GE

რეპეტიტორები პროკრუსტეს სარეცელზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯამბუ ავალიანი რუბრიკაში  „თავისუფალი ტრიბუნა“ რეპეტიტორებზე საუბრობს:

განათლების საიტის განათლებულ მკითხველს კარგად მოეხსენება ამ იდიომის მნიშვნელობა, მაგრამ მაინც შევახსენებ: ფრაზეოლოგიზმი-პროკრუსტეს სარეცელზე  მითოლოგიიდან მომდინარეობს. იტყვიან ხელოვნურ საზომზე, რომელსაც ნაძალადევად უყენებენ ამა თუ იმ მოვლენას- ბერძნული მითოლოგიის ყაჩაღ პროკრუსტეს-სახელის მიხედვით; პროკრუსტე თავისთან იტყუებდა მგზავრებს და აწვენდა სარეცელზე; ვინც გრძელი აღმოჩნდებოდა, ფეხებს აჭრიდა, ვინც მოკლე-ფეხებს  უჭიმავდა.

თანამედროვე „პროკრუსტეები“-განათლების სფეროს მაღალჩინოსნებიდან ექსპერტებით დამთავრებული, არც მეტი არც ნაკლები, ფეხებს კი არა, პირდაპირ თავებს აჭრიან რეპეტიტორებს, არ უშვებენ შემთხვევას, ათასგვარი ეპითეტებით არ შეამკონ ისინი ე. ი. მასწავლებლები, რომლებიც კერძო პრაქტიკას ეწევიან,  უამრავ შრომასა და ენერგიას ხარჯავენ, რათა წერისა და მეტყველების კულტურა დაუხვეწონ, დამოუკიდებელი აზროვნების ჩვევები გამოუმუშავონ მოზარდებს…

მაინც, რაში სდებენ ბრალს კერძო პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს? ყველა ბრალდების დეტალური ანალიზის საშუალებას საიტის ფორმატი არ იძლევა, რამდენიმეზე კი ახლავე მოგახსენებთ, ოღონდ,  ზოგიერთი ბრალდება იმდენად კომიკური და აბსურდულია, რომ, ვთხოვ, პატივცემულ მკითხველს, ხუმრობად არ ჩამითვალოს. მე მხოლოდ პერიფრაზირებას ვახდენ იმ სიბრძნისა, რასაც „ამა სოფლის ძლიერნი“ რეპეტიტორების მისამართით  ღაღადებენ:  პირველი და უმთავრესი ბრალდება: ის, რომ ასე სავალალოა ჩვენი ბავშვების ცოდნის დონე, რეპეტიტორების „დამსახურებაა“. ესენი, ეს „ყაჩაღი“ რეპეტიტორები „სტრესავენ“ ბავშვებს, აიძულებენ, სქელტანიანი ნაწარმოებები წაიკითხონ, სხვადასხვა სირთულის განტოლებები ამოხსნან, რითაც ტვინს ულაყებენ, პირდაპირ ძალადობენ, თავისუფლებას უზღუდავენ მოსწავლეებს, და ისინიც, „დასტრესილები“, სწავლაზე გულაცრუებულნი, გარბიან სკოლიდან… მეორე, ეს წყეული რეპეტიტორები, ცოდნას კი არ აძლევენ მოზარდებს, მხოლოდ გამოცდებისთვის ამზადებენ(!), აჯაფსანდალივით ერთ ქვაბში ჩაყრილ საბუნებისმეტყველო საგნებს კვლავ აცალკევებენ და ათასი ფორმულებითა და ცნებებით „უჭეჭყავენ“ თავებს საცოდავ ბავშვებს(!), არა, ახია მათზე, გამოცდები რომ მოვხსენით!.. მესამე, ამ რეპეტიტორ- მასწავლებლებმა დააქციეს ოჯახები-აიძულებენ მშობლებს, რამდენიმე ათასი ლარი გადაიხადონ მომზადებაში, რის გამოც, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი ილექება ამ „თაღლითების“ ჯიბეში! ზუსტად ასე ბრძანა ერთ-ერთმა ექსპერტმა.

პასუხი ამ ბოლო ბრალდებით უნდა დავიწყო: ჯერ ერთი, პატივცემულო ექსპერტებო, რატომ არაფერს ამბობთ რეპეტიტორობის გავრცელების მიზეზთა შესახებ? და მეორეც, ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ მშობლებზე, ისინი ნამდვილად არ ყრიან ფულს, იციან და ხვდებიან, რომ სკოლამ, ცუდი და კორუმპირებული მასწავლებლების  კი არა, გაუკუღმართებული რეფორმების გამო, მთლად აიღო ხელი ბავშვებზე(არა-წიგნებს, გზა-მსუბუქ ჩანთებს; არა-გამოცდებს- მხოლოდ „ცოდნის დაგროვების“ ამ უგვანო ფორმას; არა-საშინაო დავალებებს(ეს დავალებებია აქილევსის ქუსლი, ამისთვის ქირაობენ თურმე  მასწავლებლებს); არა-გაკვეთილებს-სწავლების ამ რუტინულ ფორმას, გზა- თავისუფალ დასწრებას,  სახალისო, ტაშ-ფანდურით სწავლებას, და ა. შ. და ა. შ.). მშობელიც იძულებულია ეძებოს სახელიან სპეციალისტები, მცოდნე და გამოცდილი მასწავლებლები, რომელთა მიგნებაც, კაცმა რომ თქვას, არცთუ ისე ძნელია, რამეთუ ამ პატარა ქვეყანაში,  ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, განსაკუთრებით კი მასწავლებლებს. მშობლები არცთუ ისე  ბრმად ენდობიან არჩევანს, თქვენ რომ გგონიათ- საგულდაგულოდ არკვევენ  რეპეტიტორის ცენზს, აინტერესებთ აქვს თუ არა სერტიფიკატი  და ა. შ.  სიმართლე რა არის, იცით? მშობლები, ოჯახები,  რეპეტიტორებმა კი არა, განათლების სფეროში წლობით დაბუდებულმა მაფიამ დააქცია; ასეულობით უნივერსიტეტი, გამოცდების სასაცილო ზღვარი, რომელიც აბიტურიენტთა 80 პროცენტს სტუდენტად გახდომის შესაძლებლობას აძლევს, გაიოლებული სასწავლო პროცესი და სოლიდური გადასახადი(პროფესორ-მასწავლებლები სულელები არ ვართ, ყოველმხრივ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ სტუდენტი, რადგანაც მათზე ვართ დამოკიდებული…).ხოდა, ჩემო ბატონო, ასე ვსარგებლობთ  ქართველი კაცის მენტალიტეტით- ჩემი შვილი ვისზე ნაკლებია, უნივერსიტეტი რომ არ დავამთავრებინო?! და ისიც, უცოდინარობაში იხდის ფულს. „ვიგებთ“  ყველა-პროფესორი, უნივერსიტეტი, სახელმწიფო, გარდა ძალად გასტუდენტებულის და მისი მშობლებისა.

ახლა რაც შეეხება რეპეტიტორის მილიონებს: – ერთი საგანი თვეში მაქსიმუმ 100 ლარი(!) (ასეა ქალაქში, მაგალითად ქუთაისში, სოფლებში კიდევ ამის ნახევარი ან სულაც არაფერი).  ამას ემატება ელექტროენერგია, გათბობა.. რა მილიონები მიიღეთ? 4 ლარი-დღიური ანაზღაურება(!).

როცა ამ თემაზე ვფიქრობ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლებმა, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა, გადაარჩინეს და უპატრონეს უდედოდ, ბებიებისა და ძიძების ამარა დარჩენილ პატარებს (ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოში ბავშვების 50 პროცენტი, მეტი თუ არა, უდედოდ იზრდება). ამას წინათ, ერთმა ასაკოვანმა, დამსახურებულმა პედაგოგმა, ქალაქში რომ ყველა იცნობს,  შემომჩივლა: არც სურვილი მაქვს და არც ძველებურად ძალა შემწევს, დამატებით ვამეცადინო ბავშვები, მაგრამ, არ ვიცი, რა ვქნა, რა პასუხი გავცე  ბებიებს, რომლებიც  ჩემს ჭიშკართან ათენებენ და აღამებენ, იმუდარებიან, იხვეწებიან, – დამატებით ვამეცადინო მათი შვილიშვილები, პატარები, რომლებიც ემიგრაციაში წასულმა შვილებმა და რძლებმა დაუტოვეს… აბა, მითხარით, როგორ გინდა ზურგი აქციო მათ?(გამახსენდა ის ქალბატონი, იტალიიდან რომ ლანძღავდა თავისი პატარების მასწავლებლებს-თუ ამეცადინებთ, ფულს რატომ ახდევინებთო(თვეში 40 ლარზეა საუბარი), და რომელსაც ოპერატიულად გამოესარჩლა განათლების მინისტრი, ლამის ეახლა იტალიაში… მაშინ, როცა მასწავლებლებმა, ჩვენ-განათლების მრევლმა, ლამის დავანგრიოთ პრესა და სოციალური ქსელი და მინისტრი კი არა, უბრალო მოხელეც კი არ კადრულობს  პასუხს,  კომენტარს…)

და ბოლოს, რეპეტიტორობა ძველი მოვლენაა: ძველ ელადაში იყვნენ განათლებული მჭევრმეტყველებაში გაწაფული ადამიანები, რომლებიც გარკვეული გასამრჯელოს საფასურად წვრთნიდნენ კერძო პირებს… თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სიბრძნის ფასიანი მასწავლებლები არ სარგებლობდნენ დიდი ავტორიტეტით და მათ ვერცხლისმოყვარე სოფისტებად მოიხსენიებდნენ, სამაგიეროდ,  ქება-დიდებას აღავლენდნენ ბრძენ სოკრატეს მიმართ, რომელიც უანგაროდ გასცემდა სიბრძნეს… ანტიკური ხანიდან უახლეს საუკუნეებში თუ გადმოვინაცვლებთ,  ვნახავთ, რომ, ბევრი ცნობილი მწერალი, მეცნიერი, მასწავლებელი-ძველად თუ ახლა  რეპეტიტორობდა (მარტო კანტისა და ვაჟა-ფშაველას მაგალითიც იკმარებდა) და საზოგადოებაშიც  პატივისცემითა  და ავტორიტეტით სარგებლობდა, უფრო მეტიც, რამდენიმე ათეული წლის წინათ,  რეპეტიტორი ასოცირდებოდა მცოდნე, განათლებულ მოძღვართან, რომელსაც პატივს სცემდა, ანგარიშს უწევდა სოფელი, მოკრძალებით ექცეოდა მოსწავლე, ლხინსა და ჭირში გვერდით ედგა მშობელი, ხოლო საუკეთესო სკოლები და დირექტორები, გასაგები მიზეზების გამო, პირდაპირ ნადირობდნენ მათზე, რამეთუ,  კარგად უწყოდათ,  ცნობილი რეპეტიტორი ე. ი. საგნის  მცოდნე, პროფესიონალი, ნამდვილი ოსტატი, მხოლოდ სახელსა და დიდებას მოუტანდა სკოლას.

ამჟამად, როგორც ყველაფერმა სხვამ,  რეპეტიტორობამაც უარყოფითი შინაარსი შეიძინა, ცოდნის საფასით ყიდვაც ვერ არის მთლად დელიკატური საქმე, მაგრამ ჩვენ ხომ სოკრატეს ეპოქაში არ ვცხოვრობთ, დღეს ხომ ყველაფერი გარკვეულ ფასად იყიდება, რაღა მასწავლებლისთვის გაცემული კაპიკებია საგანგაშო და სავიშვიშო?! ხელაღებით ყველა რეპეტიტორის ერთ ტაფაში მოქცევა და მათი ლამის კრიმინალურ დამნაშავეებად გამოცხადება პრინციპულად არასწორად მიმაჩნია.

ასე რომ, რეპეტიტორობა არ არის ბოროტება, ის არც კრიმინალია, მასზე თავდასხმა კი ერთიცაა და მეორეც”.

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ გაქვთ სათქმელი ან მოსაყოლი განათლების პრობლემაზე მოგვწერეთ, გამოიყენეთ:

თავისუფალი ტრიბუნა

ჯამბუ ავალიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკის წოდების  მფლობელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური