GE

აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის “თავისუფალი ტრიბუნა” დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ ორი შვილის დედა, 2026 წლის აბიტურიენტის მშობელი.

გამარჯობა, მე ვარ ანა. ჩემი შვილი, წელს, აბიტურიენტია. ამას მთელი 11 წელი ველოდი. არა იმიტომ, რომ ჩემი გოგო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. არა იმიტომ, რომ ის სასურველ პროფესიას აირჩევს და ახალი მეგობრები ეყოლება. არა. ამ წელს ველოდი, რადგან როგორც იქნა, დავასრულებთ ქარის წისქვილებთან ბრძოლას, რასაც საჯარო სკოლა ჰქვია. რა იყო აქამდე? 11 წელი იყო სწავლის იმიტაცია, ბევრი არაკომპეტენტური და ცოტა პროფესიონალი მასწავლებელი, სისტემას ფეხქვეშგაგებული დირექტორები, უმეტესად გაჩუმებული და გულგრილი, ცოტა კი უკეთესი პირობებისთვის მებრძოლი მშობელი, საბოლოოდ კი, ამ ყველაფრის მსხვერპლი, განწირული ბავშვები. სულ ზევით კი გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსნები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება საჯარო სკოლებში, რადგან თავიანთი შვილები, ჯერ აქ და მერე საზღვარგარეთ, ძვირადღირებულ სასწავლებლებში (ზოგჯერ, სამთავრობო თვითმფრინავით) დაჰყავთ.

დაბრუნდა ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც 2025 წლის საგამოცდო საკითხებიდან იყო ამოღებული და დაემატა ერთი ავტორი – ცვლილებები ქართულის პროგრამაში

მე 90-იანებიდან ვარ და ალბათ, ჩემი თაობა ფიქრობს, რომ სკოლაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ ბნელი 90-ანებიდან, სიმწრით განვითარებულ, გამოფხიზლებულ, გამთბარ და განათებულ ქვეყანაში, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს შვილებს განათლების გზაზე ექმნებათ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. მათ თავზე წისქვილის ქვა კორონავირუსის პანდემია იყო. ორი წლით სახლში გამოკეტილი და 20-წუთიანი, სიმბოლური, ონლაინ გაკვეთილების იმედად დატოვებული მოსწავლეები, სწავლა-განვითარების გზაზე უკიდურესად დაპაუზდნენ. როცა სახლიდან გასვლის უფლება და დრო მოვიდა, ქვა აღმართში მიეწიათ და ბავშვების დიდ ნაწილს მათი სკოლა რეაბილიტაციის მოტივით დანგრეული და მიწასთან გასწორებული ან დაკეტილი დახვდათ. ასე დაინგრა ახლის აშენების დაპირებით წყება-წყება სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც, აგერ უკვე, 5 წელია არ აშენებულა. ათას წინააღმდეგობა გამოვლილი ბავშვები და მათი მშობლები კი დადიან უბან-უბან, ცვლებში სწავლობენ, ზოგჯერ კი სახლში, ისევ ონლაინ გაკვეთილებზე, ვითომ მართლა სასწავლო პროცესში არიან.

ცალკე დიდი სიცრუე და თავის მოკატუნება, სიყალბეა ის, რაც მე-12 კლასში ხდება. აგერ, უკვე, პირველი სემესტრი იწურება და ბავშვები სკოლაში ერთხელაც არ ყოფილან. შარშან, ერთი პედაგოგი კლასს ასე დაემშვიდობა – იმედია, მომავალ წელს არ ივლით და ვეღარ გნახავთო. რა თქმა უნდა, ხელფასს კარგად იღებს ჩაუტარებელ გაკვეთილებში… რა უნდა ასწავლოს ასეთმა მასწავლებელმა?! ახლა კი, ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, მე-12 კლასი არის დრო, რომელიც საცოდავ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სკოლის მიერ, 11 წლის განმავლობაში ვერ შესრულებული სამუშაოს საკუთარი ძალისხმევითა და ფინანსებით გამოსასწორებლად მიეცათ. ამ წელს მშობლებმა სიმწრით უნდა აკოწიწონ რეპეტიტორებთან მოსამზადებელი ფული და ამ წელს, ბავშვებმა უნდა ისწავლონ ის, რაც 11 წლის განმავლობაში არ უსწავლიათ. პირადად მე ამას არა შვილის სტუდენტობისთვის, არამედ, რეალურად, ცოდნის მიღების მიზნით ვაკეთებ. რადგან მიმაჩნია, რომ კი, მათ შორის, საგამოცდო პროგრამებიდან ამოღებული ლიტერატურული ნაწარმოებების ცოდნაც მნიშვნელოვანია!!!

რა შეიცვალა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის პროგრამაში – სპეციალისტი სიახლეებს გვაცნობს და სასკოლო რეფორმას მიმოიხილავს

და აი, გგონია გახვედი თითქმის ბოლოში და თურმე, ჯერ სად ხარ?! მთავრობა განათლების რეფორმას გიანონსებს, რომელიც დიდი მავნებლობაა. აგერ, დეკემბრის ბოლოს, როცა სულ მალე უნდა ჩამოვყალიბდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები, სად აბარებს აბიტურიენტი, რომელ პროგრამას ირჩევს, მისაღებია თუ არა სწავლის გადასახადი, ბოლოს და ბოლოს, უწევს თუ არა საცხოვრებელი ქალაქის შეცვლა და სხვა… ჯერ ცნობილი არაფერია. ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული და ამოღერღილი სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება, რადგან კერძო უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტები აღარ გაიცემა. ამის მოპოვებაში კი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვიყავით. ამის ფონზე, ფრაზა, რომ “უმაღლესი განათლება უფასო გახდა” ბოროტი ტყუილი და საზოგადოების შეურაცხყოფაა.

უნივერსიტეტებს დაფინანსება კონკრეტული ფორმულის საფუძველზე მიეცემათ – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი დაფინანსების ახალ მოდელზე

ეს პერიოდი თითოეული აბიტურიენტისთვის განსაკუთრებულად სტრესულია. ახლა, ჩემი მთავარი მიზანი შვილის დაცვა და შფოთის არიდებაა. ეს ბავშვები არიან ექსპერიმენტების, გულგრილობის, უცოდინრობისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის მსხვერპლები. მსხვერპლს კი თანადგომა სჭირდება. ვამშვიდებ, ვარწმუნებ და გულწრფელად ასე ვფიქრობ, რომ ირგვლივ არსებული ქაოტური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა, შედეგს მნიშვნელობა არ აქვს.

მოკლედ, რამდენიმე თვეში სრულდება ჩემი შვილის აბიტურიენტობა და მეც, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ვხურავ მნიშვნელოვან ეტაპს, რასაც საჯარო სკოლასთან ურთიერთობა ჰქვია. ეს ძალიან კარგი ამბავია და მიხარია, თუმცა, ამოსუნთქვა ნაადრევია, როცა მახსენდება, რომ დაქცეულ განათლების სისტემაში კიდევ ერთი აქტიური მონაწილე მყავს და სულ მალე, აბიტურიენტი, მომდევნო შვილი ხდება.

ასევე იხილეთ:

ეს გზა 64 ჰარვარდამდე მიგვიყვანს? – საეტაპო ცვლილებებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე 2025 წელი განათლებაში

უნივერსიტეტებზე დაფინანსება გადანაწილდება იმის მიხედვით, რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნილება იქნება – განათლების მინისტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური