რის ხარჯზე გაიზრდება პროფესიული კოლეჯის ვაუჩერული დაფინანსება – ცვლილებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“.
როგორც ცნობილია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა და ამ მიმართულებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაფინანსების ზრდის შესაძლებლობა აქვს.
პროფესიული უნარების სააგენტომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირებისთვის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი შეიმუშავა და სსსმ აპლიკანტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის სირთულეები (შემეცნებითი, სმენის, მხედველობის, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და ა.შ.) და სწავლის პროცესში დამატებით დახმარებას საჭიროებს.
როგორც ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია აღნიშნული, ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, დაწესებულებებისთვის ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა გამოიანგარიშება კანონით გაანგარიშებულ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების პირველად და კვარტალურ ოდენობას დამატებული 1000 ლარით.
რაც გულისხმობს, რომ “სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის, სახელმწიფოს მიერ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად 1000 ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა”.
როგორ მოიპოვებს ამ ვაუჩერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება: “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდა შესაძლებელია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, რასაც უნდა დაერთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა”.
კიდევ ორი ცვლილება, რომელიც პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ განხორციელდა იხილეთ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები