GE

„როცა ქულები შვილებზე ძვირფასია…“

თამუნა ლომიტაშვილის მინიატურა

…მთელი შაბათ-კვირა მეცადინეობდა.  იმდენი საქმე მქონდა, არაფერზე დავიხმარე, არც მაღაზიაში გავაგზავნე, ოღონდ იმეცადინე და იმ ქალის სახვეწარს  ნუ გამიხდი-მეთქი, ვთხოვე. წუხელიც, ძილის წინ ჩავიბარე, თითქოს კარგად იცის, კითხვებზეც მიპასუხა, წინა მასალაც გამოვკითხე. რა ვიცი, რა ჯანდაბა უნდათ, რას ითხოვენ ეს მასწავლებლები, თვითონაც არ იციან. დილით დავაფიცე გაეძახე-მეთქი და ვნახოთ, აბა,  დღეს რა იქნება. იმ დღეს გადაირია, ისტერიკები დაემართა, დამანებეთ თავი, არ მინდა ათოსნობა, რას გადამეკიდეთო. არც ნოუთბუკი მინდა, ხომ მაქვს უკვეო. ჯერ უტვინოა და ვერ ხვდება, ნოუთბუკზე არაა, მერე დაწყდება გული, სხვები რომ დაიკიდებენ იმ ოქროს მედლებს… მამამისი გაგიჟებულია, თუ მივეჭერი, დიდიან პატარიანად თავზე დავახურებ იმ სკოლას, ბავშვს ნუ ანერვიულებენო – შესჩიოდა შვილის თანაკლასელის დედას მარიამის დედა.

აღარ შემიძლია, დღესაც მოვიდა მარიამის მშობელი პრეტენზიით, ყველაფერი იცოდა, მე ჩავიბარე და რატომ მიიღო 8 ქულაო. არადა, ობიექტურად რომ დამეწერა, 7 ეკუთვნოდა, რომ ვიცი მაგათი ამბიციები, ცოტა მოვუმატე, თან მართლა მომწონს, კარგი გოგონაა და იქნებ აქაჩოს. დროა საჭირო, გრამატიკა უჭირს… ამბობს, წინა სკოლაში ყურადღებას არ ამახვილებდა მასწავლებელიო. ტექსტის მხატვრული გააზრებაც ხან გამოსდის, ხან არა, არც ოლიმპიადებზე გადის, არც სხვა აქტივობებში მონაწილებს და რა 10 კაცო, გადამრევს ეს ხალხი.

ნეტავ, ამ შეფასების სისტემას მოაშორებდნენ, ტვინი მეღრძობა ხოლმე თითოეული ქულის დაწერისას, მე ვერ გამირკვევია წესიერად, რატომ ვწერ 7 ქულას და არა 8-ს ან რა სხვაობაა 5-სა და 6-ს შორის, მიდი და მშობელს გააგებინე – გულს იოხებდა კოლეგასთან მარიამის მასწავლებელი…

გეფიცები სწავლა შემაზიზღეს. არ ვიცი რამ გადარიათ ჩემები ამ მაღალ ქულებზე. ცალკე ბებიაჩემი რეკავს სოფლიდან, აქ ყველამ იცის, შვილო, ათოსანი რომ ხარ და  არ შემარცხვინოო. მამაჩემმა ძმაკაცებს უთხრა, ამ სერტიფიკატებს, ორ  წელში, ოქროს მედალი დაამშვენებსო. დედას გეფიცები, ასე მგონია, ჩემ მაგივრად ცხოვრობენ, არავინ მეკითხება მე რა მინდა, რატომ მინდა… ადრე ვიღებდი ამ მაღალ ქულებს, მაგრამ  მე ხომ ვიცი, რომ ისე კარგად აღარ ვსწავლობ, ვაღიარებ, რომ ინტერნეტშიც მეტ დროს ვატარებ, ფილმებსაც უფრო დიდხანს ვუყურებ და ვეღარ „ვუმუღამებ“ მეცადინეობას რა. ზოგჯერ ვკითხულობ და თავში არაფერი შედის, ხან თავბრუ მეხვევა და მთელი დღე თავი მტკივა, დედაჩემს უთხრა ექიმმა, გარდატეხის ასაკი რთულად მიდისო და წამლებიც გამომიწერა, მაგრამ მაინც ვერ შეიგნეს , რომ თავი დამანებონ.  მეწეროს საშუალო ქულა ვერ ვქაჩავ ამ 10-ზე  და რა ვქნა? ერთით ნაკლები ოქროს მედალოსანი ჰყავდეს ქვეყანას, რა დაშავდება? ისედაც იმდენი იყო შარშან, თვეების განმავლობაში  არიგებდნენ მედლებს – სიცილით დაასრულა მტკივნეულ თემაზე  საუბარი მარიამმა მეგობართან.

თამუნა ლომიტაშვილი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში

მომზადებულია EDU.ARIS.GE-სთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური