ორი მაგისტრატურა – ჯერ უცნობია, შეეძლება თუ არა სტუდენტს, ერთწლიანი მაგისტრატურის შემდეგ მეორე წელი სხვაგან გაიაროს
უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმის შედეგად, უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში 3+1 მოდელით უნდა წარიმართოს, რაც სამწლიან ბაკალავრიატსა და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს. თუმცა აქვე არსებობს შესაძლებლობა, რომ მაგისტრატურა 1-წლიანი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც პროფესიული მიმართულებით სწავლობენ, ხოლო 1+1, ანუ ორი წელი მაგისტრატურაში ისწავლიან ის სტუდენტები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას გეგმავენ და დოქტორანტურაში სწავლა აქვთ გადაწყვეტილი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ მიმართულებით დიდი სამუშაო აქვთ გასაწევი და მათ შორის არის საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციაც. გაირკვა ისიც, რომ განათლების სამინისტროს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი იმ სტუდენტის სამომავლო შესაძლებლობა, რომელიც ერთწლიან მაგისტრატურას დაასრულებს და დოქტორანტურაში სწავლას ამის შემდეგ გადაწყვეტს. კერძოდ, როგორც უმაღლესი განათლების მიმართულებით განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, ჯერ სადისკუსიო ნაწილია, შეეძლება თუ არა ასეთ სტუდენტს, სხვა უნივერსიტეტის მეორე წლით ისარგებლოს“. ანუ მაგისტრატურის შემდეგი წელი იმ უნივერსიტეტში გაიაროს და მიიღოს სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა, სადაც არ უსწავლია.
საკითხის გარშემო ვრცელი განმარტების გაკეთება მოუწია ზვიად გაბისონიას პარლამენტის დეპუტატისა და განათლების კომიტეტის წევრის, გიორგი სოსიაშვილის კითხვის პასუხად. ამ კონტექსტში პარლამენტის წევრი უნივერსიტეტების ვალდებულების საკითხით დაინტერესდა:
გიორგი სოსიაშვილი: როგორც ვიცით, ორგვარი სამაგისტრო პროგრამები იქნება, ერთი – ერთწლიანი, რომლის კურსდამთავრებულიც არ მიდის სამეცნიერო მიმართულებით, ანუ დოქტორანტურაში და მეორე – თუ სტუდენტს სურვილი ექნება, რომ გააგრძელოს დოქტორანტურაში სწავლა. ამ მხრივ უნივერსიტეტებს ორნაირი პროგრამის აკრედიტაციის განხორციელება მოუწევთ? დავუშვათ, თუ უნივერსიტეტს ჰყავს მაგისტრანტები და ეს მაგისტრატურა დაამთავრა სტუდენტმა, რომელსაც შემდეგ გაგრძელება სურს სადოქტორო პროგრამაზე, მაგალითად თელავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ შემთხვევაში ეს მეორე სახის პროგრამა თელავის უნივერსიტეტსაც ექნება რომ იქ გააგრძელოს?
როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ განმარტა, დღეს არსებული კანონმდებლობისა და მოდელის მიხედვით, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები, სადაც სტუდენტი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ეუფლება პროფესიას, აქვს მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებს და მათ მეორე კომპონენტი არ სჭირდებათ.
საკითხი კი, რომელიც განათლების კომიტეტზე გიორგი სოსიაშვილმა დააყენა, ამ დროისთვის ბუნდოვანია. აი, როგორ ხედავს პროცესს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ზვიად გაბისონია: „იმის გამო, რომ ამ ეტაპისთვის გარდამავალ ფაზაში ვართ და წინ გვაქვს ინსტიტუციური აკრედიტაციები, ასევე კლასტერული აკრედიტაციებიც, იმისათვის, რომ რეაკრედიტირება არ ყოფილიყო საჭირო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პროგრამა, რომელიც ამ ეტაპისთვის გადადის 1+1 მოდელზე, სწორედ ამ პრინციპზე გადავიდეს და შესაბამისად დაწყებული იგივე სამართალი, ეკონომიკა და ა.შ. უნივერსიტეტები 1+1 მოდელზე ახდენენ [ცვლილებებს], რომლის მიხედვითაც, პირველი წელი არის მაგისტრის კვალიფიკაციის მისანიჭებელი წელი, ხოლო მეორე წელი არის ე.წ. კვლევითი მაგისტრატურა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის იქნება 1+1 მოდელით გადაწყობა იმისათვის, რომ რეაკრედიტაციებით ასობით პროგრამის პარალიზება არ მოხდეს, ხოლო სამომავლოდ, თქვენ იცით, რომ ეტაპობრივად კლასტერული აკრედიტაციების დროს (უნივერსიტეტებს) ექნებათ საშუალება, [საგანმანათლებლო პროგრამას] გაუკეთონ სრული მოდიფიცირება და შეეძლებათ, არჩევანი გააკეთონ – დატოვონ მხოლოდ ერთწლიანი სამაგისტრი პროგრამები, თუ დაამატონ 1+1 მოდელი. ჩვენ მითითებას არ ვაძლევთ, კანონმდებლობა მას მხოლოდ ოფციის სახით აძლევს.
„ვადასტურებთ იმას, რომ თუ პლუს ერთი მოდელი არ იქნება გამოყენებული იმ პროგრამაზე [რომელსაც მაგისტრატურის სტუდენტი აირჩევს], სტუდენტს თავიდანვე ეცოდინება, რომ ის მხოლოდ ერთი კვალიფიკაციით მიდის და ფიზიკურად ვერ მოახდენს მის გაგრძელებას.
სადისკუსიო ნაწილი გახლავთ შეეძლება თუ არა ასეთ სტუდენტს, რომ სხვა უნივერსიტეტის მეორე წლით ისარგებლოს. ჩვენ გვინდა უფრო ფრანგული მოდელისკენ წავიდეთ, სადაც ერთმანეთისაგან განსხვავებული იქნება: პირველი წელი იქნება სრულფასოვანი მაგისტრის ხარისხი იმ შემთხვევაში, თუ მას არ უნდა მეცნიერებაში წავიდეს (ასეთი ჩვენი გათვლით საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნება, რომლებიც უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებულები იქნებიან). ხოლო ისინი, ვისაც სურვილი ექნებათ მესამე საფეხურზე, ანუ უმაღლეს, სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარონ, აქ აუცილებელი კომპონენტი იქნება კვლევითი მაგისტრატურა“, – თქვა ზვიად გაბისონიამ საკანონმდებლო ორგანოში.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გივი მიქანაძის უწყება მეორე საფეხურის მაგისტრატურის მოდიფიცირებას გეგმავს:
„მოკლედ გეტყვით შინაარსობრივ ნაწილზე: აქაც ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, სამომავლოდ, როგორ უნდა მოხდეს მეორე საფეხურის მაგისტრატურაზე მოდიფიცირება და ხომ არ შეიძლება, დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტები იქნას ჩამოტანილი კვლევითი მაგისტრატურის კომპონენტში იმისათვის, რომ გამოვათავისუფლოთ ის კრედიტები და დრო დოქტორანტურაში, რათა [სტუდენტმა] უფრო მეტი დრო დახარჯოს პუბლიკაციების მოსამზადებლად, კვლევების საწარმოებლად, უფრო მეტი დრო დახარჯოს იმისათვის, რომ ასისტირება მოახდინოს, უფრო მეტი საშუალება ჰქონდეს იმისათვის, რომ უშუალოდ მესამე საფეხურის ამოცანები გადაჭრას, მათ შორის კვლევითი კომპონენტის ნაწილში. ასე რომ, ამ ეტაპისთვის ვადასტურებთ, რომ მოდელი ორი წელი გარდაქმნილი იქნება 1+1-ად ისე, რომ რეაკრედიტაცია არ დასჭირდება, (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლად ძირითად საგნებში არ აპირებენ შეჭრას [უნივერსიტეტები]. მაგრამ თუ ვთქვათ თვლიან, რომ პროგრამაში ძირითად საგნებში მოდიფიცირება სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მას რეაკრედიტაცია დასჭირდება, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს“.
ასევე იხილეთ:
-
ხშირად დასმული კითხვები პირველ კლასში რეგისტრაციისთვის და ყველა პასუხი/რჩევები მშობლებს EMIS-ისგან
by მოსწავლის მშობელს
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება