GE

„როდესაც გვთავაზობენ სიახლეებს, არ ითვალისწინებენ საზღვრისპირა რეგიონების ვითარებას“- პედაგოგი მარნეულიდან

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სკოლებში გახანგრძლივებული არდადეგების შემდეგ, საჯარო სკოლების პედაგოგები მოსწავლეებთან დისტანციურ რეჟიმში ურთიერთობენ. ამ მხრივ გარკვეული პრობლემები აქვთ ისეთ მოზარდებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კი ამ პრობლემას ენობრივი ბარიერიც ემატება. როგორია არაქართულენოვანი მოსწავლეების მდგომარეობა და როგორ ახერხებენ პედაგოგები მოსწავლეებთან კომუნიკაციას მარნეულის რაიონში, რომელიც საკარანტინე ზონად ერთ-ერთი პირველი გამოაცხადეს და დღემდე მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE მარნეულელ პედაგოგს ესაუბრა.

სოფო აბაშიძე მარნეულის რაიონში მარადისის და არაფლოს საჯარო სკოლების ქართულ სექტორზე მუშაობს. წამყვანი მასწავლებელი ამბობს, რომ გარკვეულ სირთულეებს ენობრივი ბარიერი, ინტერნეტთან წვდომა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება ქმნის.

-რამდენ კლასთან გაქვთ დისტანციური კომუნიკაცია და რა პროგრამებს იყენებთ?

-დისტანციური კომუნიკაცია მაქვს ოთხ კლასთან. კომუნიკაციისთვის მესენჯერში გავაკეთე ე.წ. ჩათი, ვაპირებდი ამ საშუალებით ჩამეტარებინა მათთვის ონლაინ გაკვეთილები, შემდეგ კი შემოგვთავაზეს Taems-ის პროგრამა, დავრეგისტრირდით და ნელ-ნელა დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის გამოყენება.

-როგორია ბავშვების ჩართულობარამდენად არიან მზად და აქვთ თუ არა ტექნიკური საშუალებები ამისთვის?

-მოსწავლეთა ჩართულობა განსხვავებულია ასაკობრივი და ეთნიკური ჯგუფების მიხედვით. მაღალი კლასის მოსწავლეები შედარებით ადვილად გაერკვნენ პროგრამაში. გარდა ამისა, აქვთ ინტერნეტთან წვდომაც. დაბალ კლასელებს კი გაუჭირდათ პროგრამის ათვისება. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობაც. ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებიც ვერ ფლობენ, ან ცუდად ფლობენ სახელმწიფო ენას, ვერ ვაგებინებთ როგორ ისარგებლონ პროგრამით.

-თითო კლასიდან დაახლოებით რამდენი ბავშვი გერთვებათ, რა ძირითადი სირთულეები გამოიკვეთა მათი მხრიდან?

-მაღალ კლასებში ჩართულობა მაქსიმალურია, დაბალ კლასებშიც მშობლების დახმარებით თითქმის ყველა ერთვება. კონტაქტზე ვერ გამოდის მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე (ძირითადად არაქართველი) ენობრივი ბარიერის და/ან ინტერნეტის უქონლობის გამო. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სახლში ორი ან სამი მოსწავლეა, კომპიუტერი კი ერთი. თუ მათი გაკვეთილების დრო დაემთხვა ერთმანეთს, საქმე ცუდად იქნება (რამდენ მოსწავლეს შეიძლება შევუთანხმოთ დრო?).

-რა სირთულეები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგისთვის?

-როდესაც გვთავაზობენ სიახლეებს, არ ითვალისწინებენ საზღვრისპირა რეგიონების ვითარებას. ზემოთ აღნიშნული პრობლემები, კერძოდ, ინტერნეტთან ნაწილობრივი წვდომა და ტექნიკური უნარების ვერ ფლობა, ყველა მასწავლებლისთვის პრობლემაა. როცა ხედავ, რომ თუნდაც ერთი მოსწავლე ვერ გერთვება (რა მისი ბრალია, ოჯახს ინტერნეტი რომ არ აქვს?) გიჩნდება უსამართლობის განცდა. რა დააშავეს მათ? ეს არათანაბარ პირობებში ჩატარებული გაკვეთილები, შემდგომში აისახება კლასის აკადემიურ მოსწრებაზეც. როგორ შეძლებენ დანაკლისის ანაზღაურებას ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დავიკავშირეთ? – ეს უცნობია. დაიწყო ტელესკოლის პროექტი და ქართულენოვანი ბავშვები უყურებენ. განსაკუთრებულ პრობლემას წავაწყდი სადამრიგებლო კლასში, თვითონ დავარეგისტრირე თექვსმეტივე მოსწავლე, სათითაოდ დავუკავშირდი ტელეფონით მშობლებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუკარნახე როგორ შესულიყვნენ თავიანთ გვერდზე. ასეთი ძალისხმევის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ სამმა მოსწავლემ შეძლო პროგრამაში შემოსვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ველოდებით დანარჩენებს, ჯერ ვერ დავიწყეთ გაკვეთილები. გარდა ამისა, მათ არ აქვთ ინტერნეტი, მშობლებმა ტელეფონის wifi-ს საშუალებით უნდა გაუზიარონ, რაც საკმაოდ ძვირია.

-მარნეულის რაიონი რამდენიმე დღეა კარანტინის ზონად არის გამოცხადებული, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება? რამდენად აისახა ეს რეჟიმი მოსწავლეების ონლაინ გაკვეთილებში ჩართულობაზე? მათ განცდებზე?

-გამომდინარე იქიდან რომ სკოლაში არ დავდივარ, ვზივარ სახლში, ვცდილობ ონლაინ მუშაობას და ვოცნებობ მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მოსწავლეებიც განიცდიან შექმნილ ვითარებას, თუმცა კარანტინმა ხელი შეუწყო იმას, რომ სახლში მეტი დრო გაატარონ და იმეცადინონ.

-სოციალურ ქსელში გაქვთ პოსტი იმ ნეგატიური და ჰომოფობიური განწყობების შესახებ, რაც ადამიანების მცირე ნაწილმა, ეროვნული უმცირესობების მიმართ გამოხატა. რამდენად სურთ ამ თემებზე საუბარი ბავშვებს და რა ძალისხმევა გჭირდებათ პედაგოგებს ამ განწყობებთან გასამკლავებლად?​

-კარანტინით გამოწვეულ დაძაბულობას ემატება საზოგადოების ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება მარნეულელთა მიმართ, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა თითოეული მარნეულელისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის. ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს, ამ სიტუაციამ არანაკლები ემოციები გამოიწვია ქართველ ბავშვებშიც. თითქმის ყველა მოსწავლემ გამოაქვეყნა ემოციური პოსტი, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მარნეულიც საქართველოა, რომ მათ სხვა სამშობლო არ აქვთ და ა. შ. ვცდილობთ ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს და რამდენიმე არაადეკვატური ადამიანის გამო, უარყოფითად არ უნდა განეწყონ. აღნიშნული დამოკიდებულება, ვფიქრობ, რეგიონში ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს, თუმცა ის ფაქტი რომ დასაწვავად მთელ მარნეულს გვიმეტებდნენ, არ გვმიჯნავს, უფრო გვაერთიანებს ეთნიკურ უმცირესობებთან. ვფიქრობ, მალე ყველაფერი შეიცვლება, უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა.

ესაუბრა თამთა ვირსალაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური