GE

როდის და რა ფორმით მიენიჭებათ პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი

„მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტებიდან სკოლებში უნდა წარადგინონ ამ პროგრამის დასრულების შესახებ ცნობა, ან სერტიფიკატი, სკოლა გადასცემს ამ ინფორმაციას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც გასცემს ბრძანებას  კურსდამთავრებულებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდაჭერის ქვეპროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერმა ქრისტინე ინგოროყვამ განუცხადა.

როგორც ცნობილია, მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს სკოლებში მუშაობის დაწყებამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსი არ მიენიჭებათ.

რა ვადებში და როგორ ხდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება პროგრამის დამთავრებულებისთვის, ასევე საგნის და პროფესიული უნარების ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგებისთვის, ამის შესახებ ქრისტინე ინგოროყვა გვპასუხობს.

– მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს როდის და როგორ მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი?

– მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამის დასრულების შემთხვევაში ხდება ასე: თუ სკოლაშია დასაქმებული ადამიანი და სტატუსი არ აქვს, მიაქვს სკოლაში ამ 60-კრედიტიანი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ცნობა, ან სერტიფიკატი, ტვირთავენ განათლების ველში, როგორც დიპლომს ტვირთავენ ისე და სკოლა გვწერს ჩვენ, რომ ჰყავს მასწავლებელი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა, გაიარა 60-კრედიტიანი მომზადების კურსი და გვთხოვს, რომ მივანიჭოთ სტატუსი. შემდეგ განიხილავს შესაბამისი სამსახური ამ კორესპონდენციას და ენიჭებათ სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომელი საგანიც ჩააბარა, იმას ასწავლის თუ არა და ა.შ.

– რა ვადებში განიხილავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი სკოლის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას მასწავლებლის მიერ 60-კრედიტიანი გავლის შესახებ?

10 სამუშაო დღის ვადაში განვიხილავთ ზოგადად, მაგრამ ყოველი თვის 10 რიცხვში მასწავლებლის სახლი იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ. ყველანაირად ვცდილობთ  ხელფასი და დანამატი არ დაეკარგოს მასწავლებელს. ოფიციალურად 10 სამუშაო დღის ვადა გვაქვს, რომ განვიხილოთ შემოსული განაცხადი.

– ანუ ვინც ახლა იწყებს სკოლებში მუშაობას და აქვს გავლილი მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამა, მათ დროულად უნდა მიიტანონ ეს ცნობა სკოლებში, რომ სკოლებმა სწრაფად გადმოგცენ თქვენ ეს ინფორმაცია?

– თუ ახლა იწყებენ მუშაობას, სკოლა გვწერს ახალი პედაგოგის აყვანის შემთხვევაში, რომ მას გავლილი აქვს მასწავლებლის მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი, ჩაბარებული აქვს გამოცდა, განვიხილავთ და ბრძანებით ვანიჭებთ სტატუსს.

– სტატუსის დანამატი როგორ ეძლევათ?  რამდენია ეს დანამატი და თუ არის დამოკიდებული საათობრივ დატვირთვაზე?

– 320 ლარი არის სრული დანამატი უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში. 15 საათი უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, პედაგოგს, რომ სრული დანამატი მიიღოს, სხვა შემთხვევაში, დანამატი პროპორციულად გადანაწილდება. უცხო ენების შემთხვევაში, მაგალითად, თუ მასწავლებელი სკოლაში 5 საათს ასწავლის გერმანულს და მეტი საათი ფიზიკურად არ არის ამ საგანში, ამ შემთხვევაში მასაც სრულად აძლევენ დანამატს. დანარჩენ შემთხვევაში, საგნობრივ ჯგუფშიც უვრცელდებათ სტატუსი. მაგალითად, თუ ისტორია აქვს ჩაბარებული, მაგრამ ასწავლის ისტორიასაც და გეოგრაფიასაც და მთლიანად ამ ორივე საგანში 15 საათი აქვს, მასაც დაერიცხება უფროსის მასწავლებლის სტატუსის სრული დანამატი.

– რაც შეეხებათ მოქმედ მასწავლებლებს, რომლებსაც საგანში გამოცდა ჩაბარებული ჰქონდათ და ახლა გადალახეს ზღვარი პროფესიულ უნარებში, მათ როგორ მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი?

– თუ საგნის გამოცდა ჩაბარებული ჰქონდათ 10 კრედიტზე და წელსაც 10 კრედიტზე ჩააბარეს პროფესიული უნარები, მათ ავტომატურად აესახებათ, მას შემდეგ რაც ჩვენთან მოვა საბოლოო შედეგები. ან პირიქით თუ უნარები ჰქონდათ ადრე ჩაბარებული და ახლა საგანი ჩააბარეს  და 10-10 კრედიტი დააგროვეს თითოეულში, მათ ავტომატურად აესახებათ. საბოლოო შედეგებს გამოგვიგზავნის გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრი, ჩვენ ვამუშავებთ და ვუგზავნით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. თავად მასწავლებლებს არ სჭირდებათ გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის წარდგენა არსად. რაც შეეხება დანამატის გაცემას, 10 სექტემბრიდან ესეც უნდა მოესწროს სავარაუდოდ, რომ სექტემბრის დანამატიც ჰქონდეთ.

იხილეთ როდის და სად შეძლებენ 2018 წლის მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის აღებას აპლიკანტები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური