GE

როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები პედაგოგებისთვის? – განათლების სამინისტროს განმარტება

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო არდადეგები უკვე დაიწყო, 25 მაისიდან კი სკოლას პირველკლასელებიც დაემშვიდობებიან. როგორც წესი, პედაგოგებისთვის სასკოლო არდადეგები უფრო გვიან იწყება ვიდრე მოსწავლეებისთვის. ჟურნალების შევსება, მოსწავლეების საქაღალდის მოწესრიგება, წლიური გეგმის მიღწეულ შედეგებზე ანგარიშების მომზადება, ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა სახელმძღვანელოების ჩაბარება… პედაგოგებს, სასწავლო წლის დასრულების შემდეგაც უამრავი საქმე აქვთ, განსაკუთრებით, თუ მასწავლებელი კლასის დამრიგებელიც არის. შესაბამისად, როგორც ისინი გვიყვებიან, სკოლაში სიარულის საჭიროებაც აქვთ და ვალდებულებაც.

EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია, როდის სრულდება სასწავლო წელი მასწავლებლებისთვის, რომელი რიცხვიდან აღარ აქვთ სკოლაში ვიზიტის ვალდებულება და უნაზღაურდებათ თუ არა საგაკვეთილო სამუშაო პერიოდში გაწეული შრომა.

როგორც ანათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 24 მაისს განგვიმარტეს, პედაგოგი იმ შემთხვევაშია ვალდებული, არდადეგების დროსაც იაროს სკოლაში, თუ დასასრულებელი დარჩა კონკრეტული საქმეები და არის დირექტორის მოთხოვნაც.

„სასწავლო წელი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის დასრულდა 19 მაისს, პირველკლასელებისთვის სრულდება 25 მაისს, ხოლო დანარჩენ სასწავლო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის 18 ივნისს. რაც შეეხება პედაგოგებს, მათ თვის ბოლომდე ან შემდეგაც აქვთ სკოლაში სიარულის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ეს დამსაქმებლისა და სკოლის დირექტორის მოთხოვნაა და პედაგოგს შესასრულებელი აქვს გარკვეული საქმეები. ეს საკითხი ყველა მასწავლებლისთვის ინდივიდუალურია“, – დაგვიზუსტეს უწყებაში.

ჩვენს კითხვაზე, აუნაზღაურდებათ თუ არა პედაგოგებს არასაგაკვეთილო პერიოდში გაწეული შრომა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ასეთი პასუხი გაგვცეს: „რასაკვირველია, არის ანაზღაურებადი. თუ ისინი სკოლაში დადიან სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ეს დრო უკვე ეთვლებათ შვებულებად და მოგეხსენებათ, შვებულების დროს, საჯარო სკოლის პედაგოგები მაინც იღებენ ანაზღაურებას“.

როგორც ჩანს, კონკრეტული პასუხი კითხვაზე რომელი რიცხვიდან აღარ აქვთ სკოლაში ვიზიტის ვალდებულება პედაგოგებს, არ არსებობს და მასწავლებლებისთვის საზაფხულო არდადეგების დაწყება დამოკიდებულია სკოლის დირექტორის დირექტივასა და დარჩენილ შესასრულებელ სამუშაოებზე.

ასევე იხილეთ:

მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს შეფასებების ნახვა უკვე შეუძლიათ, ვის მოუწევს სკოლაში ვიზიტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური