GE

როდის გადაეცემათ 2017 წლის სკოლადამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები

ზოგადი განათლების წარჩინებით დამთავრებისთვის განათლების სამინისტროს 2016-2017 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებისთვის ამ დრომდე არ გადაუცია. გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა და ახლა ბაზრის მოკვლევის განმეორებით ჩატარების შემდეგ ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, 2017 წელს სკოლადამთავრებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემა, სავარაუდოდ, სასწავლო წლის დასრულებამდე უნდა მოესწროს.

„ოქროს მედლები, ჩვენი ვარაუდით, ამ სასწავლო წლის ბოლომდე გადაეცემათ მედალოსნებს“.

„წინა ტენდერის ჩაშლის მიზეზი ის არის, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო ბოლომდე ვერ დაადასტურა თავისი შესაძლებლობები, ამის გამო ეს ტენდერი ვერ შედგა. ახლა თავიდან იწყება ტენდერის გამოცხადება. მიმდინარეობს ბაზრის მოკვლევა და შემდეგ კანონის შესაბამისი პროცედურები განხორციელდება.

„ტენდერში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, კანონის შესაბამისად, ვინც ყველაზე ნაკლები თანხა შემოგვთავაზა იმას დავთანხმდით, თუმცა მოხდა ისე, რომ მათ კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლომდე ვერ წარმოადგინეს. ამ ეტაპზე ჯერ ფასის მოკვლევა და ფასის დამატება ხდება, რადგან წინა ბიუჯეტი ნაკლები იყო, ამიტომ გარკვეული პროცედურები ჩასატარებელია, დოკუმენტაცია მზადდება.

ცნობისთვის, მედლების გადაცემა გასულ სასწავლო წელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიზეზით გაჭიანურდა. „შარშანდელ კომპანიამ ვერ წარმოადგინა იმ სტანდარტების შესაბამისი მედლები, რომელიც ჩვენ გვქონდა და ამიტომ მოხდა მედლების თავიდან დამზადება“, – განმარტეს სამინისტროში.

წარჩინებულთა სია 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

მედლებისა და კოლოფების დიზაინი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური