GE

როდის გაიზრდება სტატუსიან პედაგოგთა დანამატი 100 ლარით? – 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს მთავრობამ, პარლამენტს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის შესახებაც საკანონმდებლო ორგანო, ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ იმსჯელებს.

პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია და განსაზღვრულია 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 199.2 მლნ ლარით აღემატება.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტატუსის მქონე მასწავლებელთა 100 ლარიანი სახელფასო დანამატის ზრდა დაგეგმილია 2021 წლის იანვრიდან. ასევე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მთავრობა კვლავ გეგმავს უფასო სახელმძღვანელოების და პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროგრამების გაგრძელებას.

ბიუჯეტის პროექტში თანხები ძირითადად მიმართულია შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 007.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 100.7 მლნ ლარით; მათ შორის გათვალისწინებულია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 9.3 მლნ ლარამდე.

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 18.2 მლნ ლარამდე.

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება – 885.0 მლნ ლარი.

განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა – 240.0 მლნ ლარი

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 26.3 მლნ ლარი.

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 23.6 მლნ ლარამდე.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” – 33.0 მლნ ლარი და სხვა.

პროფესიული განათლება – 52.5 მლნ ლარი.

უმაღლესი განათლება – 147.2 მლნ ლარი.

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 65.5 მლნ ლარი.

ინკლუზიური განათლება – 23.7 მლნ ლარი.

ინფრასტრუქტურის განვითარება – 125.8 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე).

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 18.0 მლნ ლარი.

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 5.0 მლნ ლარი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური