GE

როდის გამოცხადდება საატესტატო და მისაღები გამოცდების ფორმატში ცვლილებები – მინისტრის პასუხი

საატესტატო და მისაღები გამოცდების ფორმატში ცვლილებების შეტანის შესახებ მიხეილ ბატიაშვილის უწყება მუშაობს და გადაწყვეტილების თაობაზე დეტალები საზოგადოებისთვის დაახლოებით ორ თვეში, 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, ეს ცვლილებები აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება.

„ამ მიმართულებით, რეფორმების პრეზენტაციის დროს ჩვენ გამოვაცხადეთ კონკრეტული ნაბიჯები. [მინისტრმა ამ პრეზენტაციაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მოხდება არსებული სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი.(ავტ)] ამჟამად მიმდინარეობს შეფასება, თუ რამდენად ადეკვატური და პასუხისმგებელია სისტემა ამ ყველაფრის მიმართ. ამის დასრულების შემდეგ ჩვენს შეფასებას და ხედვას, ალბათ, მომავალ წელს, წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ. რაც შეეხება საკითხს, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ამაზე ვმუშაობთ. რაც მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით შეფასებები მიმდინარეობს, მუშაობა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში მექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელი კლასების, ასევე ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი აბიტურიენტების შესახებ. გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი გეგმა გახდება ცნობილი და ვეცდებით, რომ აბიტურიენტებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა ამის შესახებ რაც შეიძლება ადრე გაიგონ. ეს ყველაფერი გათვლილი იქნება აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ხარისხის ეფექტზე გათვლილი, რომელიც მოემსახურება იმ მიზანს, რომ რაც შეიძლება მეტი აბიტურიენტი მოხვდეს მეტ წარმატებულ უნივერსიტეტში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა

კითხვაზე, მოესწრება თუ არა ცვლილებების განხორციელება ზაფხულში ჩასატარებელი ეროვნული გამოცდებისთვის, მინისტრი პასუხობს: „მუშაობა მიმდინარეობს, როგორც გითხარით და ყველაფერს მომავალი წლის დასაწყისში გაცნობებთ“.

განათლებაში ფუნდამენტური რეფორმების სანაცვლოდ მიღებული საგამოცდო ცვლილებები – ეროვნული გამოცდები „გარტყმაზე“ ორიენტირებული აბიტურიენტებისთვის რთულდება

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური