GE

განათლებაში ფუნდამენტური რეფორმების სანაცვლოდ მიღებული საგამოცდო ცვლილებები – ეროვნული გამოცდები „გარტყმაზე“ ორიენტირებული აბიტურიენტებისთვის რთულდება

მამუკა ბახტაძემ, პრემიერად წარდგენის დღეს, 14 ივნისს, განათლება მისი მთავრობის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და თქვა, რომ ეს არის სფერო, სადაც ფუნდამენტური რეფორმები განხორციელდება.  მიმდინარე წლის ივლისში კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, წარდგენისთანავე, განათლების სფეროში, სწრაფ და გრძელვადიან, შედეგებზე ორიენტირებული, ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეფორმები დააანონსა, რომელიც განათლების ხუთივე საფეხურზე უნდა დაიწყოს.

წლიდან–წლამდე, მინისტრიდან–მინისტრამდე, პედაგოგები და მოსწავლეები დაანონსებული ცვლილებების რეჟიმში ცხოვრობენ, ვიდრე ერთი მინისტრის წამოწყების გაანალიზებას იწყებენ, უკვე ახალი მინისტრის დაგეგმილი ინოვაციის გაცნობა უწევთ.  სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გარკვეული ცვლილებები, აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთესად შეფასების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განახლებული ტესტების ფორმატის სახით მივიღეთ. ცვლილება 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ ოთხ საგანს ეხება. კერძოდ, შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების და არჩევით საგნების – ლიტერატურისა და გეოგრაფიის გამოცდის ტესტური დავალებები.

სიახლე ძალაუნებურად, აბიტურიენტებთან ერთად, რეპეტიტორი მასწავლებლების მუშაობის პრინციპს და პრიორიტეტების გადაფასებასაც ითვალისწინებს, თუმცა დაინახეს თუ არა მასწავლებლებმა თავიანთი სწავლების მეთოდის, მიდგომების ცვლილების აუცილებლობა, ამას 2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები გვიჩვენებს. სპეციალისტების აზრით კი ეს ცვლილებები ჯერ შორსაა იმ მოლოდინისგან, რასაც განათლების სისტემის „ფუნდამენტური რეფორმა“ ჰქვია.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი მაკა სახურია EDU.ARIS.GE–სთან ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება სირთულეს, სავარაუდოდ, მხოლოდ ძალიან სუსტი აბიტურიენტებისთვის წარმოადგენს, ვისაც თხზულების წერა უჭირს.

„შეიძლება, რაღაც მიმართულებით გართულებები იყოს, მაგრამ რეალურად, საგანში კარგად მომზადებული ბავშვისთვის არაფერი შეცვლილა, დავალების მოცულობა და დრო შემცირდა, მაგრამ გართულდა იმ მიმართულებით, რომ მხატვრულ ტექსტებს დართული ჰქონდა 15 კითხვა, რომელიც ტექსტის გაგება-ანალიზისგან შედგებოდა. იმიტომ, რომ დახურული ტესტი იყო ოთხი სავარაუდო პასუხით, რის შედეგადაც თხზულებამ მიიღო ფრაგმენტულობის და ნაკუწებისგან რაღაცის აგების ფორმა. გამოცდილი პრაქტიკაა, რომ როდესაც გამოსავალს ვერ პოულობს ადამიანი, გაჭირვება რას აღარ აკეთებინებს. რეალურად ეს არ იყო თხზულება. ეს იყო გამოსავალი უკიდურესად სუსტი აბიტურიენტებისთვის, ვინც კითხვებზე პასუხით ცდილობდა დაეგროვებინა ქულები, რომელიც ხშირ შემთხვევაში „გარტყმული“ იყო და ბავშვის რეალურ ცოდნას არ აჩვენებდა“, – აღნიშნავს სახურია.

იდენტურია საჩხერის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ირმა კაპანაძის შეფასებაც. მისი თქმით, გამოცდების მესვეურებმა გააზრების ნაწილი წამოსწიეს წინ და ვინც მხოლოდ გრამატიკით და კითხვებზე პასუხით ცდილობდა ბარიერის გადალახვას, გამოცდის ჩაბარება გაუჭირდება.

„მართალია, ბარიერმა დაიწია, მაგრამ მისი მიღწევა ძალიან სუსტი აბიტურიენტებისთვის მეტად გართულდა, ძლიერი და საშუალო სიძლიერის მოსწავლეებისთვის კი არსებითად არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნავს იგი.

განათლების მკვლევარი, რევაზ აფხაზავა EDU.ARIS.GE–სთან საუბარში აცხადებს, რომ საგამოცდო ტესტების ფორმატის განახლება არსებითი ცვლილება არ არის და თუ გვინდა, რომ ახლო მომავალში რეალური შედეგი მივიღოთ, სისტემაში არსებულ პრობლემებს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ:

რევაზ აფხაზავა: ტესტში რაღაც დავალებების ხვედრითი წილის შემცირება თუ გაზრდა არსებით ცვლილებას არ ნიშნავს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისასალმებელი ნამდვილად არის. კარგია, რომ უფრო სააზროვნო დავალებების ხვედრითი წილის გაზრდაზე წავიდნენ და არა მექანიკური დავალებების გაზრდაზე, ეს მიმართულება კიდევ უნდა გაძლიერდეს და სხვა ბევრი კომპონენტიც დაემატოს. თუ ღია დავალებებზე მეტი აქცენტი გაკეთდება, აზროვნების უნარი მეტად გამოიკვეთება, ეს ისეც ფასდებოდა, უბრალოდ მისი ხვედრითი წონა იზრდება საგამოცდო ტესტში. „გარტყმის“ შანსი კი, იკლებს, იმიტომ რომ, ნაკლებად შესაძლებელია, სწორ პასუხს „გაარტყას“ აბიტურიენტმა ისეთ დავალებებში, სადაც აზროვნებაა საჭირო, სადაც მსჯელობაზეა მოთხოვნილება.

–სხვა კომპონენტების დამატებაში რას გულისხმობთ, ბატონო რეზო?

–ჩემი აზრით, საგამოცდო სისტემა მთლიანადაა შესაცვლელი, მეტი კომპონენტია დასამატებელი აბიტურიენტის უნარების შესამოწმებლად, ვიდრე დღეს არის. დღეს გვაქვს მხოლოდ დავალებები, რომლებიც, მაგალითად, საერთოდ ვერ ამოწმებს ვერბალური კომუნიკაციის უნარს. წადით აბა, გააჩერეთ ქუჩაში ადამიანი და ჰკითხეთ რამე! გრამატიკულად თუ გაგცემთ პასუხს? რამდენი ლაპარაკობს გამართულად? ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავისი აზრის ჩამოყალიბებას, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი აკლიათ.

ვერბალური კომუნიკაციის უნარი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად და არ ვამოწმებთ! არ ვამოწმებთ, რამდენად აქტიური იყო აბიტურიენტი სკოლაში, როგორც მოქალაქე. სკოლის პროექტებში მონაწილეობდა თუ არა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში. დაზეპირებული აქვს რაღაც წესები და თარიღები, თუ იცის გააზრებულად და მასზე არგუმენტირებული მსჯელობა, საწინააღმდეგო არგუმენტის მოყვანა შეუძლია? სულაც არ არის მნიშვნელოვანი, შუშანიკის წამება და ისტორიული თარიღები ზეპირად ეცოდინება თუ არა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ სიღრმისეულად შეეძლოს საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა, მსჯელობა და ა.შ. სასკოლო შეფასება უნდა განვითარდეს, მოსწავლეების პორტფოლიო უნდა დგებოდეს, უნდა ვფლობდეთ როგორც აბიტურიენტის აკადემიური მოსწრების, ასევე, მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. არა მგონია, რომ მოსწავლის მსჯელობისა და აზროვნების უნარებს ავითარებდნენ დღევანდელ სკოლებში.

–თუმცა იმ უნარების განვითარებას, რაც ახლა აღნიშნეთ, კარგა ხანია ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს…

–ეროვნული სასწავლო გეგმით და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით რაც არის გათვალისწინებული, იმის მიღწევა ვერ ხერხდება, სამწუხაროდ, რადგან ვერბალური და, უფრო მეტად, წერითი კომუნიკაცია, აზრის ჩამოყალიბება პროფესორ-მასწავლებლებს და პედაგოგებსაც უჭირთ. ვერ ვაწვდით ხარისხიან განათლებას, არ გვყავს კარგი მასწავლებლები, რასაც ეროვნული შეფასება აჩვენებს და საერთაშორისო შედეგებიც ადასტურებს. ამაზე ვლაპარაკობთ ოცი წელია, მაგრამ სკოლა ვერა და ვერ აძლევს მოსწავლეს იმ უნარებს, რომელიც შემდგომში სწავლის გაგრძელებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის გამოადგება…

როგორც განათლების მკვლევარი აღნიშნავს, ეროვნული გამოცდები გარკვეულ დაკვეთას აძლევს სკოლას და სკოლაც ცდილობს, როგორღაც აუწყოს ფეხი გამოცდებს, არადა, სულაც არაა სკოლის ფუნქცია გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადება. რევაზ აფხაზავას აზრით, არსებითად უნდა შეიცვალოს მისაღები გამოცდების სისტემა, უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტების როლი აბიტურიენტთა შერჩევა-შეფასების პროცესში და უფრო ვრცელი ინფორმაცია უნდა მიიღონ მათ აბიტურიენტების შესახებ. თვითონ უნივერსიტეტებს უნდა მიეცეთ მათთვის მისაღები კრიტერიუმებით აბიტურიენტის შერჩევის შესაძლებლობა.

„სამწუხაროა, რომ დღეს უნივერსიტეტი არ არის დაინტერესებული, ხარისხიანი განათლების მქონე სტუდენტი მიიღოს. დაინტერესებულია, მიიღოს ნებისმიერი, ვინც გინდა იყოს ის, რათა ფული შეუვიდეს… ეს ყველაფერი უკვე მიდის დაფინანსების პრობლემასთან და მთელ რიგ კომპლექსურ საკითხებთან, რომელთა ცალ-ცალკე მოგვარებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, -აცხადებს აფხაზავა.

სპეციალისტის მიერ ნახსენები ხარისხიანი განათლების მქონე სტუდენტი ვერაფრით იქნება „გარტყმაზე“ ორიენტირებული ყოფილი აბიტურიენტი, თუმცა აიძულებს თუ არა გამოცდების ცენტრის მიერ შეტანილი საგამოცდო ცვლილებები ზარმაც მოსწავლეებს მეცადინეობას, დაზეპირებაზე ორიენტირებულ რეპეტიტორებს კი სწავლების მეთოდის შეცვლას, ამას სექტემბერში გავიგებთ, როცა უმაღლესში ჩარიცხული სტუდენტების რიცხვი გაცხადდება. იქამდე კი, კითხვა: ემსახურება თუ არა ეს ცვლილება ნაკლები რაოდენობის მოსწავლეების გასტუდენტებას და რამდენად ჰქონდათ ცვლილებების ავტორებს ასეთი გათვლა, ღიად რჩება.

ამავე თემაზე:

უცხოური ენების პედაგოგებს აბიტურიენტებისთვის სწავლების მეთოდის შეცვლა მოუწევთ – როგორ აფასებენ სიახლეს სპეციალისტები

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით

რამდენი იქნება გამსვლელი ქულა აბიტურიენტებისთვის ქართულის გამოცდაზე და ვისთვის გართულდა ტესტი

ნონა ქარქაშაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური