როდის გეგმავს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის თანამედროვე მეთოდებით სწავლებას
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მოქმედი და ყოფილი სტუდენტები სწავლების მოძველებულ მეთოდებზე საუბრობენ. მათი თქმით, სასწავლებელში პროფესიული უნარების შესწავლა შეუძლებელია. ასევე, არ არსებობს სტუდენტური გაზეთი და ვებ-გვერდი, სადაც ისინი ნაშრომებს გამოაქვეყნებენ. სტუდენტები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და თანამდეროვე ჟურნალიზმის მოთხოვნების დანერგვას ითხოვენ. უნივერსიტეტში მათ ნაწილობრივ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ცვლილებებს ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავების შემდეგ შესთავზებენ. თუმცა შესაძლოა, პროცესი გაჭიანურდეს, რადგან როგორც ჟურნალისტიკის დეპარტამენტში განგვიცხადეს, პროგრამაზე მუშაობა ნელი ტემპით მიმდინარეობს.
მარიამ ირემაძე წერეთლის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. ის ამბობს, რომ პროფესიული უნარ-ჩვევები მან მხოლოდ წელს, მეოთხე კურსის მეორე სემესტრში შეისწავლა. მაგალითად, კამერასთან მუშაობა და ვიდეომონტაჟი, თუმცა უნივერსიტეტში ტელესტუდია ჯერ კიდევ გასულ წელს გაიხსნა.
გარდა ამისა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების თქმით, ისინი ახალი მედიის მწირ უნარ-ჩვევებს იძენენ. მარიამ ირემაძემ მხოლოდ რამდენიმე მათგანი დაასახელა. მაგალითად, ელექტრონული ფოსტის და ბლოგის შექმნა, სამაგიეროდ ისეთ საგნებს, როგორებიცაა ეკონომიკა და პოლიტოლოგია, სამი წლის განმავლობაში სწავლობენ.
„პირველი და მეორე კურსიდან ველოდებით როდის ვისწავლით იმ საგნებს, რომლებიც იქნება ჩვენს პროფესიასთან დაახლოებული. გვესმის, რომ ჟურნალისტები ვართ და გვჭირდება სხვადასხვა საგანში ცოდნის მიღება, მაგრამ ამასთან ერთად, გვჭირდება სპორტული და საგამოძიებო ჟურნალისტიკაც, ასევე სხვა საგნები, რაც ჩვენს პროფესიას უკეთესად შეგვასწავლის. უცხო ენების ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის, თუმცა უკვე ორი წელია აღარ გვასწავლიან“, – ამბობს მარიამ ირემაძე.
წერეთლის უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნაზე გვესაუბრება უკვე მოქმედი ჟურნალისტი, მარუსა ხურციძეც. ის იხსენებს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს ქართული ჟურნალ-გაზეთების დაარსების თარიღების დაზეპირება უწევდათ. ასევე, იზეპირებდნენ ახალი ამბის მომზადებას და ინტერვიუს ჩაწერას, იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაფერი რეალურ ამბებზე თავად მოემზადებიათ. მარუსა ამბობს, რომ უნივერსიტეტში 4–წლიანი სწავლების შემდეგ, პრაქტიკისა და ჟურნალისტიკის თანამედროვე მოთხოვნების დეფიციტის გამო, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლას მიმართა, რომელიც მისი თქმით, ჟურნალისტიკის თანამედროვე მოთხოვნების გაცნობაში დაეხმარა.
„ვესწრებოდით მოწვეული ჟურნალისტების ლექციებს, რომლებიც ჰყვებოდნენ ისტორიებს როგორ იყვნენ ნამდვილ ომში, რომელთაც გამოუცდიათ აქციები, დარბევები, ბევრი სისხლისღვრა, ბუნებრივი კატასტროფები, არჩევნები თუ უბრალოდ მტრულად განწყობილი რესპონდენტის ჩაწერები“, – ამბობს მარუსა ხურციძე და მიაჩნია, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სასწავლო პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი უნდა იყოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ აბიტურიენტები წერეთლის უნივერსიტეტის მაგივრად იმ უმაღლეს სასწავლებლებს აირჩევენ, სადაც ჟურნალისტიკას თანამედროვე სტანდარტებით ასწავლიან.
აწსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მზია თადუმაძე სტუდენტების პრეტენზიებს ნაწილობრივ ეთანხმება. მისი თქმით, შესაძლებელია თეორული საგნები შემცირდეს და პრიორიტეტი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლას მიენიჭოს. თუ რატომ არ განხორციელდა ამ დრომდე პროგრამაში ცვლილებები, მზია თადუმაძე განმარტებას აკეთებს:
„ამჟამად ჟურნალისტიკის მიმართულება სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტის სამიდან ერთ-ერთი მოდულია. დანარჩენი ორი საჯარო მმართველობის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებია. ჩვენი პროგრამა არ არის დამოუკიდებელი. ამისთვის კი აუცილებელია ცალკე პროგრამა, რაზეც მუშაობა დაწყებულია, მაგრამ დასრულებული არაა. მოთხოვნა არის ძლიან დიდი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს დავაკმაყოფილებთ, მაგრამ სამუშაო არის მოცულობითი და ადგილზე ძალიან დიდ დროს ითხოვს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს დასრულებული გვექნება და წარვადგენთ ადმინისტრაციაში აკრედიტაციაზე“, – განმარტავს მზია თადუმაძე.
აწსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ვიდრე ახალ სასწავლო პროგრამაზე მუშაობა დასრულდება, მანამდე ცვლილება მოქმედ პროგრამასაც შეეხება.
რაც შეეხება სტუდენტების პრეტენზიას, მოძველებული სწავლების მეთოდების და ჟურნალისტიკის თანამედროვე მოთხოვნების დეფიციტის შესახებ, მზია თადუმაძე მათ არ იზიარებს და განმარტავს, რომ პროფესიული საგნების სწავლება აქტიურად მეორე კურსიდან იწყება. მათ შორისაა ახალი ამბების წერის შესწავლა, რომელიც, მისივე თქმით, რეალურ ამბებს ეხება და ამისთვის ყოველდღიური საუნივერსიტეტო ცხოვრებაც საკმარისია.
„იმდენი რამ ხდება ჩვენს უნივერსიტეტში, მათ გარეთ გასვლა და ამბების ძებნაც არ სჭირდებათ. იმისთვის, რომ ისწავლოს ჟანრის აგება, ადგილზეც შეიძლება წავიდეს, დაესწროს ღონისძიებას და მოიტანოს ამბავი. ბუნებრივია, შემდეგ ჯგუფში ხდება მისი გარჩევა, რა გააკეთა სწორად და რა არა. გარდა ამისა, გვაქვს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ტელელაბორატორია, სადაც სწავლობენ გადაღებას და მონტაჟს“, – ამბობს მზია თადუმაძე.
რაც შეეხება ვებ-გვერდს, აწსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულებას ის არასოდეს ჰქონია. ამის მიზეზად ისევ ინტეგრირებული პროგრამა სახელდება. მზია თადუმაძე განმარტავს, რომ ეს მათ სამომავლო გეგმებში შედის. ასევე, მომავლისთვისაა გათვალისწინებული მედიალაბორატორიის შექმნა, რომელიც წერეთლის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოეწყობა.
მოამზადა დეა მანაგაძემ
- სკოლებს, სადაც ექიმის ხელფასი 800, ხოლო ექთანის 650 ლარი იქნება, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს by ARIS.GE-განათლება
- რა წავაკითხოთ არდადეგებზე – საშობაო ლიტერატურა ბავშვებისთვის by ARIS.GE-განათლება
- ახლებურად განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები by ARIS.GE-განათლება