GE

როგორ აფასებენ საგრანტო კონკურსს სტუდენტები და რამდენ მათგანი მიიღებს სასწავლო გრანტს

სტუდენტებმა, რომელთაც სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ან მისი გაუმჯობესება სურდათ, საგრანტო კონკურსის გამოცდა ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრებში სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 23%-ზე მეტი სტუდენტი არ გამოცხადდა.

წელს სახელმწიფოს მხრიდან გრანტის გაუმჯობესების მსურველთათვის 215 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც დაახლოებით 200 აპლიკანტის სამყოფია რეგისტრირებული კი 3 000 სტუდენტი იყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო. თანხა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც წინა წლებში.

“გრანტი დაახლოებით 200 ადამიანს გაუუმჯობესდება. ზოგი 50 %-დან 70%-ზე გადავა, ზოგიც სრულად დაფინანსდება. გამოცდაზე სულ 3 ათასი სტუდენტი იყო დარეგისტრირებული, ასე რომ კონკურსი მაღალია“- განუმარტა EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ.

საგრანტო გამოცდაზე რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით, ყველა საგამოცდო ცენტრში დილის 08:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდაზე, სტუდენტებს გამოცდის ჩასაბარებლად დრო 2 საათი და 35 წუთი ჰქონდათ. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებები არაერთგვაროვანია.

საგრანტო კონკურსის გამოცდა სტუდენტების ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მათ განსაკუთრებულად მათემატიკური ნაწილი ვერ ამოხსნეს, რის გამოც შიშობენ, რომ დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

„გამოცდა ძალიან რთული იყო, ისეთი რთული, რომ არ მახსოვს რა დავწერე. სამწუხაროდ არ მაქვს იმედი გრანტის გაუმჯობესების, რადგან ისე დავიბენი სულ ამერია ყველაფერი. ძალიან მოწყენილი ვარ, ვეცადე გამოცდის დრო სრულად გამომეყენებინა, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი. მათემატიკას ვერაფერი ვერ გავუგე“, – გვითხრა ნინი მიდოდაშვილმა.

„რა ვიცი რა ვთქვა? გამოცდა ასეთი რთული თუ იქნებოდა არ მეგონა. გრანტის გაუმჯობესება მინდოდა, მაგრამ რა გამოვა ვნახოთ. ტესტებში რა დავწერე ვერ გეტყვით. მე ,,სეუ“ – ში ვსწავლობ ფინანსებზე და მინდოდა 50%- იანი გრანტი მაინც მიმეღო, მაგრამ ამის იმედი ნაკლებად მაქვს,, – ამბობს მალხაზ ხიზანიშვილი.

„გამოცდა იმიტომ არის გამოცდა, რომ რთული უნდა იყოს, მაგრამ ასეთი სირთულის თუ იქნებოდა საერთოდ არ მოვინდომებდი გრანტის გაუმჯობესებას. მე ძალიან კარგად ვსწავლობ და კარგი სტუდენტი ვარ, თუმცა იმას რომ ამბობენ საგრანტო კონკურსის გამოცდები ადვილიაო, ამას არ ვეთანხმები. ტექსტები იყო მოცემული ისტორიულ ძველ ბერძნებზე, მათემატიკური იყო ალბათობები რაც ვერ დავწერე საერთოდ. ასე რომ გრანტს წელსაც უნდა დავემშვიდობო“, – ამბობს ანი ბაკურაძე.

„გამოცდა ისეთივე იყო როგორც წინა წელს, თუმცა მე უკვე მეორედ გავედი გამოცდაზე გრანტის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროდ, ეს წინა წელს ვერ შევძელი. ტექსტები რთული არ იყო, მხოლოდ მათემატიკური ნაწილი გამოირჩეოდა სირთულით. მათემატიკურ ნაწილში იყო მოცემული ფიგურები, ფართობები და ა.შ. ლოგიკური მსჯელობიდან ჭეშმარიტება და მცდარობა რაც არის ხოლმე ის იყო“, – გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ გერმანიშვილმა.

“გამოცდა იყო დაყოფილი სამ ნაწილად და ჩემთვის ყველაზე რთული იყო მათემატიკური ნაწილი. მათემატიკურ ნაწილში იყო მოცემული რამდენიმე ალბათობა და გეომეტრიული მაგალითები. სამწუხაროდ არ შემხვდა ანალოგიები, რაზეც გული ძალიან მწყდება, თუმცა არაუშავს, გრანტის გაუმჯობესების იმედი ამ ეტაპზე მაინც მაქვს“, – ამბობს ნუგზარ ედიშერაშვილი.

„სულ იყო 42 კითხვა, ვერბალური ნაწილიდან იყო მოცემული 16 კითხვამდე, დანარჩენი საკითხები იყო მათემატიკური და ტექსტის გააზრება. ტექსტის გააზრების პირველ ნაწილში იყო ძველი ბერძენი მკვლევარების ნაშრომები მოცემული, ტექსტის მეორე ნაწილი შეეხებოდა რევოლუციას და იყო ძველი რევოლუციები შედარებული ახალთან“, – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი გუგუტიშვილი.

„გამოცდა როგორც წინა წლებში, წელსაც დაახლოებით იგივე სირთულის იყო. რაოდენობრივ ნაწილს შევეხები, რომელიც არც ისე რთული არ იყო და ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა, იმიტომ, რომ მათემატიკური დავალებები ძალიან რთული იყო. ასოები იყო მოცემული და თითოეულ მათგანს მიესადაგებოდა ციფრები, ეს ციფრები ერთმანეთზე იყო გამრავლებული ოღონდ ჩვენ არ ვიცოდით რომელი ციფრების ნამრავლი იყო. შემდეგ იყო მოცემული ტოლობა და ამის მიხედვით უნდა გაგვერკვია – თუ ორი სიტყვა ერთმანეთის ტოლი იყო, სხვა რომელი სიტყვა შეიძლებოდა ყოფილიყო ერთმანეთის ტოლი“, – ამბობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ანა მარწყვიშვილი.

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

 მოამზადეს ნიკა გაბლიშვილმა და თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური