GE

როგორ აღმოჩნდნენ სკოლის მოსწავლეები მილიონი წლის გამოქვაბულში

4 მაისს, მდინარე ძევრულას ხეობაში უჩვეულოდ შემოსილი ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომლებიც უცნაურ ხმებსაც გამოსცემდნენ და უცნაურადაც იქცეოდნენ. ისინი, ერთი შეხედვით, პირველყოფილ ადამიანებს ჰგავდნენ, მაგრამ რეალურად, 21-ე საუკუნის მოსწავლეები იყვნენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, ისტორიის გაკვეთილზე ნასწავლი მასალის გასაცოცხლებლად, სოფელში არსებული ბუნებრივი და ისტორიული ძეგლი, საგვარჯილეს გამოქვაბული, გამოიყენეს და საუკუნეების წინანდელი რეალობა განასახიერეს.

სხვადასხვა მონაცემებით, საგვარჯილეს გამოქვაბულში ადამიანი ძვ.წ 40-35 ათასი წლის წინ დასახლდა. ობიექტზე სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგენილია, რომ იქ ადამიანები ზედა პალეოლითის, ნეოლითის, ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალურ ხანაშიც ცხოვრობდნენ და შესაბამისი იარაღები და ნივთებიც აღმოჩენილია. ექსპონატები ამჟამად საქართველოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული.

სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე, რომელიც ამავე დროს ისტორიის პედაგოგია, ამბობს, რომ საავტორო საგანმანათლებლო პროექტი „მილიონი წელი ჩვენს ერამდე“ ბუნებაში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა და რეკვიზიტები თავად მოსწავლეებმა სახლში მოპოვებული ნივთებით დაამზადეს.

„ეს იყო  გაკვეთილი-ინსცენირება, ჩვენ მსგავს მეთოდს 2012 წლიდან ვიყენებთ, მაგრამ ამჟამად სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“ და ეს მოდელი ზუსტად მსგავსი ხერხებით სწავლებას ითვალისწინებს. ეს არ გახლდათ მხოლოდ ინსცენირება. ბავშვებმა ყველაფერი მოიტანეს სახლებიდან, ძველი ზეწრები, თოკები, ნახშირი და ა.შ. საკუთარი ხელით მოამზადეს ჯერ რეკვიზიტები, შემდეგ იყო ლექციები, რომლებიც მათ თავად წარმოადგინეს, დეტალურად აღწერეს საგვარჯილეს გამოქვაბულთან დაკავშირებული ეპოქა და ისტორიული პერიოდები, ასევე პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების წესი. გამოვიყენეთ სკოლის ბაზაზე არსებული აუდიო-ტექნიკა და სხვადასხვა ხმის გამოყენებით, ეს ეპოქა გავაცოცხლეთ. ზოგი ბავშვი თითქოს შუბით ნადირობდა, ზოგი თევზს იჭერდა, ნაწილი მცველი იყო, გოგონები საკვებს ამზადებდნენ და ძალიან სახალისო და შემეცნებითი აქტივობა გამოვიდა. სწავლა თამაშით – ეს არის რეკომენდაცია რეფორმის ფარგლებში და ნამდვილად ნაყოფიერი გამოვიდა. მოსწავლეები, გარდა იმისა, რომ მოიძიეს ისტორიული ინფორმაცია, თავადაც უშუალოდ ჩაერთნენ ეპოქის განსახიერებაში და თანაც ხალისით, ეს იყო ზუსტად მიზანი“, – ამბობს მანუჩარ ფანჩულიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სკოლის დირექტორის თქმით, კოვიდ-რეგულაციების ფარგლებში, სასკოლო აქტივობების განხორციელება ღია ცის ქვეშ ნაკლებ რისკებს შეიცავს და სამომავლოდ სხვა ეპოქის მოდელირებაც არის დაგეგმილი.

„ასეთი სიმდიდრე გვაქვს სოფელში და არ შეიძლებოდა არ გამოგვეყენებინა, ამჯერად მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სამომავლოდ ვგეგმავთ 1095 წლის კლერმონის საეკლესიო კრების მოდელირებას, სადაც ნახავთ ჯვაროსან რაინდებს, ბიზანტიის იმპერატორს, რომის პაპს და ა.შ. რეკვიზიტების მომზადება უკვე დაწყებული გვაქვს. ეს ყველაფერი მოხდება ღია ცის ქვეშ, სადაც ინფიცირების ნაკლები რისკია, თუმცა ჩვენ ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, ბავშვები გადიან თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო ხსნარებით იმუშავებენ ხელებს, ატარებენ პირბადეებს, უბრალოდ ფოტოებში რამდენიმე წუთით მოიხსნეს, რომ გამოსახულება უფრო რეალური ყოფილიყო. ეს იყო ნამდვილად ეფექტური და ნაყოფიერი აქტივობა, რაც საზოგადოების შეფასებებშიც აისახა, მეცხრეკლასელი ჰომო ერექტუსები, ერგასტერები, ჰაბილისები, გეორგიკუსები ბიზონების, მამონტების, ლომების, ვეფხვების ხმაურში ნადირობდნენ, თევზაობდნენ და იბრძოდნენ გადარჩენისთვის“, – ამბობს მანუჩარ ფანჩულიძე.

ძევრის საჯარო სკოლაში ამჟამად 125 მოსწავლე სწავლობს. საჯარო სკოლას, რომელიც აგვისტოს ომის გმირის, უშანგი სოფრომაძის სახელს ატარებს, წლებია შენობის პრობლემა აქვს. სკოლის ინფრასტრუქტურა რამდენიმე ძველი ერთსართულიანი ნაგებობისგან შედგება, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან განაწილებულები. დირექტორის თქმით, ახალი სკოლისთვის ადგილი უკვე შერჩეულია და იმედი აქვთ, რომ სამშენებლო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.

ქართული ხალხური ზღაპრები როგორც სააღმზრდელო საშუალება – „რატომ სწავლობთ ზღაპარს მერვე კლასში?“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური