ქართული ხალხური ზღაპრები როგორც სააღმზრდელო საშუალება – „რატომ სწავლობთ ზღაპარს მერვე კლასში?“
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 186 საჯარო სკოლის (“მეგა”) დაწყებითების უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
მახსოვს, მერვე კლასში ვიყავი. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი გვქონდა. ჩვენმა ნარგიზა მასწავლებელმა გადაშალა წიგნი, დახედა და ამოიკითხა: ,,ამირანი“, ზღაპარი. უცებ მიმოვიხილეთ, როგორი ჟანრია ზღაპარი, რა თავისებურება აქვს მას, რით გამოირჩევა იგი სხვა ჟანრებისაგან. თითქოს ყველაფერი მარტივი იყო და მოვრჩით. მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ დაგვისვა ასეთი შეკითხვა: თქვენი აზრით, ბავშვებო, რატომ სწავლობთ ახლა, მერვე კლასში ზღაპარს?
არ მახსოვს რა ვუპასუხეთ ბავშვებმა. თუმცა კი ცხადია, რომ ეს შეკითხვა ჩამრჩა გულში და ყოველთვის, როცა ზღაპრის წიგნს ვეხებოდი, მერვე კლასში დასმული შეკითხვის პასუხს ვეძებდი, რატომ უნდა ისწავლებოდეს ზღაპარი ზედა კლასებშიც და სკოლამდეც…
ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს, საინტერესო, ძალიან საინტერესო, ჩემთვის ამოუხსნელი – მე ასე ,,დავახარისხე“. თუმცა ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ხალხურ ზღაპრებში ასოებით ჩაქსოვილი სიგრძე-სიგანის, სიბრძნის მარცვლების ხელა და ოდენა სიბრძნე ვერც ერთი ქვეყნის ზღაპრებში ვერ აღმოვაჩინე.
ზღაპრები რომ განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ისიც ძალიან მარტივი ახსნა მგონია, რომ ზღაპარი პატარებს წარმოსახვის უნარს უვითარებს. ან რა საჭიროა, წარმოიდგინოს გველეშაპი ან თუნდაც დევი, არსებები, რომლებსაც ძალიან დიდი ფიზიკური ძალა და შესაძლებლობები აქვთ, შეუძლიათ გაანადგურონ ადამიანები – გველეშაპი და დევი, არსებები, რომლებიც არ არიან რეალურ ცხოვრებაში. განა რაში უნდა წაადგეთ თანამედროვე ბავშვებს მათთან ჭიდილის სცენების მოსმენა. თანაც არის საკმაოდ მძიმე და სასტიკი შინაარსის მქონე ზღაპრები, რომელთა მოსმენა დღის განმავლობაშიც დათრგუნავს და შეაშინებს და ბავშვს ვუყვებით ღამით, მით უმეტეს ძილის წინ.
დამეთანხმებით, რომ ყველაფერს მარტივად ითვისებ, რასაც ხელს პატარაობიდანვე მოჰკიდებ. და იმაშიც ყველა ერთსულოვანი ვართ, რომ მორალური კანონები იურიდიულ კანონებს აღემატება. ხომ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჯერ ქცევა გვაინტერესებს ჩვენი შვილის და შემდეგ სწავლა. ყველაფერს გავიღებდით, ოღონდ ჩვენი შვილები წესიერები, ზრდილობიანები, სამართლიანები გაიზარდონ. ჰოდა,ზღაპარი, ისეთი საუნჯეა, რომელიც პატარა არსებას ,,ადამიანის თვისებებს“ სძენს და უყალიბებს. მე, ნამდვილად არ ვდებ თავს ღრმა ცოდნასა და კომპეტენციაზე, თუმცა მაქვს ყველა ზემოთ დასმული შეკითხვის ჩემეული პასუხები, რომლებსაც ქვემოთ კონკრეტული მაგალითების მოყვანით მოგახსენებთ.
რატომ დევი და გველეშაპი? რისთვის დასჭირდა ადამიანს მათი გამოგონება და მით უფრო ბავშვებისთვის ამის ჩაგონება? ჩემი აზრით, უფროსები ამით მიანიშნებდნენ ბავშვებს, რომ ამ სამყაროში არსებობს ადამიანის შესაძლებლობებზე ბევრად დიდი ძალა, კეთილიც და ბოროტიც.
ამ ბოროტ ძალას ადამიანთა წარმოსახვაში გიგანტური ზომის სხეული ატარებდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ისაა, რომ ამხელა ზომის მრისხანე და დაუნდობელ არსებებსაც შეგიძლია გული მოულბო, ან მოხერხებულობითა და გამჭრიახობით აჯობო. როდესაც ზღაპარში ,,მეჩონგურე“ თავმდაბალი, თავისი სიმღერით განთქმული მეჩონგურე მეფის ქალის სათხოვნელად მივა, ურთულესი დავალების შესრულება დაეკისრება, მაგრამ არ უშინდება ამ განსაცდელს, სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. ის მიდის მრისხანე გველეშაპთან და თავისი ტკბილი ხმითა და სიმღერით გულს მოულბობს. ,,ტკბილმა სიმღერამ გველეშაპი გააბრუა. დიდხანს უსმენდა გაჩუმებული. ვეღარ გაუძლო მისმა ბოროტმა გულმაც და გასისხლიანებული თვალებიდან ცრემლები წამოუცვივდა. აკანკალებული და აცრემლებული უსმენდა საზიზღარი გველეშაპი მეჩონგურეს. ჩემს სიცოცხლეში ასეთი სიმღერა არ მომისმენია, არავის დამლაპარაკებია მაგნაირი ენით.“ ბოლოს კი თვითონ მოუწყვიტა უკვდავების ვაშლი და მისცა მეჩონგურეს. ეს ცხადი მაგალითია იმისა, რომ ბავშვებს ჩაენერგოს ადრეული ასაკიდან, რომ არ უნდა შეუშინდეს დაბრკოლებებს, რა გინდ დიდი და დაუძლეველი ეჩვენოთ მათ ის. ყველა ადამიანში დევს ,,შესაძლებლობა – დასძლიოს შეუძლებელი“ – მთავარია ის აღმოაჩინოს თავის თავში. მეჩონგურეს ხომ ფიზიკური ძალა არ გამოუყენებია. გააკეთა ის, რაც შეეძლო, მაგრამ თავისი საქმე, სიმღერა, საუკეთესოდ იცოდა. აი, სწორედ ესაა ბავშვისთვის მიმანიშნებელი, რომ აკეთო მთელი გულით ის, რასაც აკეთებ და არა ზერელედ, ვალის მოხდის მიზნით.
ან ზღაპარში ,,ნაცარქექია“, მახსოვს, ამოვიკითხე ერთხელ, თითქოს ბავშვებს აჩვევდნენ, რომ ზარმაცი, არაფრის მკეთებელი კაცი როგორ მდიდრდება დაუმსახურებლად, უშრომლად. ჩემი აზრით კი, ეს ზღაპარი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ერთი შეხედვით, არავინ არ უნდა განსაჯო, დასკვნა არ უნდა გამოუტანო, არც სხვის ენას არ უნდა აჰყვე. ამ ზარმაცმა ნაცარქექიამ შეძლო იმდენი, რამდენსაც ვერ შეძლებდა ყველა ,,ოჯახში შემომტანი“ ერთად. თავისი გამჭრიახობით, მოხერხებულობით, ჭკუით, სიბრძნით დაამარცხა დევები, რომლებიც ყველასთვის ზიანის მომტანები იყვნენ, განდევნა და მათი ქონება მხოლოდ თავისთვის კი არ დაიტოვა, დაბრუნდა საკუთარ კერაზე და რძალთან ერთად განაგრძო ცხოვრება. გამოდის, რომ ნაცარქექია მიმტევებელი და დიდსულოვანი ადამიანიც ყოფილა, თავისი ფუძე-კერის მოყვარული.
ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ მისი თავგადასავალი ეკლესიაში ყოფნის, წირვის მოსმენის შემდეგ დაიწყო. რელიგიური საკითხი ქართველი კაცისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და უმთავრესი იყო. ამას მოწმობს ქართული მითები და სხვა ზღაპრები, სადაც განგების ყოვლისშემძლეობასა და ყველგანმეფობაზეა საუბარი. მაგ: კოპალა(მითი), ზღაპარი ,,მეფე და ვეზირები“, სადაც მეფე ცდილობს შარი მოუდოს ვეზირს და ეკითხება:
– ,,აბა, ამიხსენ, ღმერთს პირი საითა აქვსო?
მეწისქვილემ აანთო სანთელი და მოახსენა:
– აბა, ამ სანთელს საითა აქვს პირიო?
მეფემ თქვა:
– ამას პირი ყოველმხრივა აქვსო.
მეწისქვილემ მიუგო:
– ღმერთსაც ყოველმხრივა აქვს პირიო“.
ვფიქრობ, ეს დეტალი სწორედ ამ ჩანაფიქრს გამოხატავს და აღნიშნავს.
ადამიანის გადარჩენას თავის ფიზიკურ შესაძლებლობებზე მეტად გონებრივი შესაძლებლობები რომ განაპირობებს, ამის ნათელი მაგალითია ზღაპარი ,,ნადირთა ძმობა“, სადაც მელიამ მოწიწებით გაყო საერთო ნადავლი იმგვარად, რომ თვითონ არაფერი არ შეხვდა. მართალია, თვითონაც იცოდა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სხვა პასუხის შემთხვევაში, შეიძლება სიცოცხლეს გამოსალმებოდა. ბავშვებისთვის უნებლიე ჩანერგვაა ის, რომ არ ღირს ყველასთან შენი სიმართლის დამტკიცებისთვის იბრძოლო. როცა დაინახავ მის რეალურ სახეს, სჯობს მშვიდად გაერიდო მას. რადგან მასთან ჭიდილი ისევ შენ თუ დაგაზარალებს. იმას მაინც ვერ შეცვლი.
ცხოვრებაში უამრავ ადამიანს ვხვდებით. ყველა თავისებურია. ზოგიერთზე შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ყველაზე უარესია ადამიანთა შორის. თუმცა სხვას გვასწავლის ზღაპარი ,,რძალ-მაზლის ამბავი“, სადაც რძლის უჭკუობით გაცეცხლებული მაზლი წავა, რომ თავის რძალზე ,,გიჟი ქალი“ იქნებ სადმე ნახოს. და მართლაც გაცილებით უარესი ზნისა და ქცევის მქონე ადამიანებსაც აღმოაჩენს. ,,ჩემს რძალზე უფრო გიჟებიც ყოფილან ქვეყანაზეო, – იფიქრა და რძალს აპატია“. რაგინდ ცუდი ადამიანი შეგვეყაროს ამ ქვეყნად, უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო სასტიკი ადამიანები და შემთხვევებიც არსებობენ. თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაზლმა აპატია რძალს – ეს კი კვლავ მიმტევებლობას ასწავლის ადამიანს.
ამ ქვეყანაზე ბუმერანგის პრინციპი არსებობს, რასაც სხვას უკეთებ იგივე გიბრუნდება. სწორედ ამას გვასწავლის ზღაპარი ,,ბრმა მეჩონგურე“, სადაც აღწერილია, როგორ გაება თვითონ მეფე მეჩონგურისთვის დაგებულ ყოველ მახეში. მიუხედავად იმისა, რომ მეჩონგურე ვერაფერს ვერ ხედავდა. იგი, თავისმა სიკეთემ დაიცვა და სწორი გზით ატარა.
უშრომლად, დაუმსახურებლად მიღებულ ვერანაირ სიმდიდრეს ვერ მოიხმარ. ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს. როცა შრომას დაიწყებ, აუცილებლად მოგემართება ხელი. ამბავი, რომელიც აღწერილია ზღაპარში ,,ბედი და იღბალი“ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ მისცა ღარიბ კაცს იღბალმა უშრომლად, დაუმსახურებლად ფული სამჯერ. მაგრამ გამდიდრებისა და ტკბილად ცხოვრების ნაცვლად, პირიქით, ის სულელი ეგონა თავის ცოლს და კონფლიქტიც კი მოუვიდა მასთან. მაგრამ როცა ბედმა მისცა მას ხუთი მანეთი, სწორად გათვალა, თუ რაში უნდა დაეხარჯა იგი. კი არ გაზარმაცდა, პირიქით, შრომა დაიწყო და მას შემდეგ შეძლო, რომ ტკბილად ეცხოვრა. ,,მუდამდღე ტყიდან ჩამოაქვს შეშა, ყიდის და თავისი ნაოფლარით ბედნიერად ცხოვრობს“. და ამის შემდეგ იღბლისგან ნაჩუქარი დაკარგული ფულიც იპოვა.
ქართულ ხალხურ ზღაპრებში აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. დიდგვაროვნები, მეფეები თავისი შვილების მომავლის დასაკავშირებლად ყოველთვის გონიერ ქალ-ვაჟებს ეძებდნენ და არჩევდნენ. როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ ახალგაზრდა სხვებისგან ჭკუით გამოირჩეოდა, თავის შვილსა თუ სამეფოს დაუფიქრებლად გადასცემდნენ მას. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნულია ქალის ჭკუა. მისი შესაძლებლობები. დღეს ვდავობთ ამ თემაზე, ვის რისი შესაძლებლობები თუ უფლებები გვაქვს. ალბათ, დროთა განმავლობაში, ჩვენივე ქცევით და მოქმედებით დავამახინჯეთ ეს შეხედულება, რადგან უძველესი დროიდან, ქართველი ქალის ჭკუასა და გონიერებაზე ბევრი იწერებოდა. მაგალითად ზღაპარში ,,ხელმწიფე და გლეხის ქალი“ გადმოცემულია, როგორ აღფრთოვანდა ქალის აზროვნებით ხელმწიფე და დაუყოვნებლივ შეირთო ცოლად.
,,ხელმწიფე ხშირად მიმართავდა ხოლმე რჩევისთვის თავის ჭკვიან ცოლს და მისი დარიგება ყოველთვის სასარგებლო იყო“. თუმცა ერთხელ ჭკუამოკლეობამ სძლია და გადაწყვიტა ცოლის თავიდან მოშორება. გლეხის ქალმა კიდევ ერთხელ გააკვირვა მეფე თავისი ჭკუით და მოხერხებულობით. მაშინ კი ,,მოეხვია და შერიგება სთხოვა“. გარდა იმისა, რომ ქალის შესაძლებლობებზეა საუბარი (მიუხედავად მისი გვარიშვილობისა), ზღაპარი ღიად გვასწავლის, რომ როდესაც შეგვეშლება რაღაც, არ უნდა შეგვრცხვეს პატიების თხოვნაც. რომ ბოდიში არის ვაჟკაცობა და საკუთარი დანაშაულის აღიარება. და მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, მაინც აპატიებენ შენდობის მთხოვნელს.
,,ხელმწიფის ვაჟი და გლეხის ქალი“ – ამ ზღაპარში ისევ ქალის სიბრძნე და შესაძლებლობებია წარმოჩენილი. გლეხის ქალი არ ხარბდება ქონებას და ასე მიმართავს ვაჟს: დღეს შეიძლება ხელმწიფე იყო, ხვალ კი აღარ, მერე რიღათი გნებავს იცხოვროო? წადი, რამე ხელობა ისწავლე და ცოლად მერე გამოგყვებიო! და რაც კიდევ მნიშვნელოვანია, ხელმწიფეც და ვაჟიც ასრულებენ გოგონას მოთხოვნას და ვაჟი იწყებს ხელობის სწავლას, რომლის დაუფლება ხდება შემდეგ მისი გადარჩენის საშუალება. ,,ამ ამბის შემდეგ ახალგაზრდა მეფე მუდამ ხელს უწყობდა ხელოსნობის განვითარებასა და გავრცელებას ხალხში“, – აქ პირდაპირი შთაგონებაა მოცემული, რომ რაც უფრო მეტი რამ იცი, რამდენადაც უფრო მეტად ხარ განვითარებული, მით უფრო მარტივია ცხოვრება. რომ არ არსებობს სათაკილო პროფესია. ყოველთვის დგება მომენტი, როცა სწორედ ამ ხელობის ცოდნა გადაგალახვინებს სიძნელეებს და გიხსნის. ცხოვრებაში ალალი შრომით მოპოვებული მიზერული ანაზღაურება გერჩივნოს დაუმსახურებელ ბევრ ფულს.
ზღაპარში ,,ალალი ორი შაური“ მამამ გადაწყვიტა თავი დაეღწია სიღარიბისთვის და მოჯამაგირედ დაუდგა სხვა სახელმწიფოში ერთ შეძლებულ ადამიანს. ღატაკმა კაცმა გასამრჯელოდ დაუფიქრებლად აირჩია ალალი ორი შაური. მართალია, სამი წლის მერე ექვსი შაურის მიღებისას გაბრაზებული და გულდაწყვეტილი წამოვიდა იმ სახელმწიფოდან, მაგრამ მოიარა რამდენიმე სახელმწიფო და ყველგან აღმოაჩინა ისეთი ადგილები, სადაც მხოლოდ ალალ ორ შაურზე ყიდდნენ მნიშვნელოვან და საჭირო ნივთებსა თუ დარიგებებს. ცხადია, კაცმა თავისი ალალი შრომით ნაშოვნი ფული საჭირო ნივთებში გადაიხადა, საინტერესო მინიშნებებიც მიიღო და საბოლოოდ, გამდიდრდა კიდეც. გამდიდრებული გლეხი ბოლოს ბრუნდება თავის ცოლ-შვილთან და დიდხანს აგრძელებენ ბედნიერად ცხოვრებას.
ყველა ზღაპარში რაღაც სიბრძნე დევს. რაღაცას გვასწავლის ის. ბავშვებისთვის მხოლოდ სიტყვით თქმა, დარიგება, უმაგალითოდ მითითება რაიმეზე ნამდვილად უშედეგოა. რას იმახსოვრებ ყველაზე დიდხანს? იმას, რასაც განიცდი. აი, ზღაპარი ყველაზე სწორი და მართებული საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თან განიცადოს, თან ისწავლოს, თან იფიქროს. მერე რა, რომ ზოგიერთი მათგანი სასტიკია, განა ცხოვრება სასტიკი არ არის? უსამართლობა არ ხდება? მაგრამ მთავარია, რომ პატარაობიდანვე იცი, უნებურად გიძახის და გამხნევებს შინაგანი ხმა, რომ აუცილებლად მიაღწევ შენი შრომითა და მონდომებით, შენი წესიერებით იმას, რაც დაიმსახურე. ამისთვის კი, შრომაა აუცილებელი. სიბრძნეს უნდა დაეუფლო და შენივე გონიერება გადაგარჩენს.
და რატომ იკითხება ზღაპარი ძილის წინ? ჩემი აზრით იმიტომ, რომ ამ დროს დიდი დრო აქვს ბავშვს დასაფიქრებლად. დარჩება საკუთარ თავთან და არავინ არ შეუშლის ფიქრში ხელს. თავდაპირველად ბავშვი ხშირად სვამს შეკითხვებს, რატომ მოხდა ასე? ისე? რისთვის? თუმცა შემდეგ თვითონვე უგებს თავის მომავალ პიროვნებას ღირსების სასახლეს და არასოდეს არ დატოვებს მას. რადგან იცის, მისი ,,აშენებისთვის გამოყენებული თითოეული აგურის ფასი, წონა, მნიშვნელობა, გრძნობა“. მანამდე კი, მის გონებაში ხდება უნებურად მისი ყოველი ნაბიჯის აწონა, შედარება, ფიქრი. და რეალურად ამ დროს აკეთებს არჩევანს, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში. უკვე იცის თავისი არჩევანის მოსალოდნელი სირთულეებიც, მარცხიც, და უსახელო ცხოვრების გემოც. და ამ პერიოდიდან იწყებს იგი საკუთარი თავის ძერწვას. აი, ამ დროს უკვე აღარ საჭიროებს იგი მშობლების ჩიჩინს, ან გარეგანი თუ შინაგანი მოტივაციის აღმძვრელ ხრიკებს.
მართალია, ზღაპრები ძველია, ძალიან ძველი და ჩვენ ახლა ხშირად ვიყენებთ ტერმინს ,,თანამედროვე ბავშვი“, მაგრამ ბავშვი ისეთია, როგორადაც აყალიბებს გარემო. შეიძლება შეიცვალა რაღაც, მაგრამ ბავშვი იყო, არის და იქნება ის, ვისაც დადებითი ემოციების გამო შეუძლია გაძლოს მშიერმა ისე, რომ შიმშილი ვერც იგრძნოს. ბავშვი ისაა, ვისაც ძალიან უყვარს დედა და მამა, ოჯახი, ახლობლები, თანატოლები. თბილი გარემო. ეს არ შეცვლილა და არც შეიცვლება არასდროს! შესაბამისად, ,,თანამედროვე ბავშვისთვის“ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გამოდის ქართული ზღაპრების მოსმენა და შემდეგ ფიქრი! ამ უკანასკნელისთვის ხომ მართლაც ძალიან ცოტა დრო რჩებათ ბავშვებს. ზღაპრებში გადმოცემული ამბები, სადაც რომელიმე პერსონაჟი სიბოროტეს ჩაიდენს, მაგრამ შეიცნობს თავის დანაშაულს, სინანულს განიცდის და შენდობას ითხოვს ამისთვის, ბოლოს მაინც მიეტევება. ფსალმუნებშიც ხომ ასეა ნათქვამი: ,,არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. სიტყვა ,,ცხონდეს“ ვიცით, რომ ცხოვრებას ნიშნავს. ასე რომ, არ არსებობს ამ ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც რაღაც შეცდომას არ დაუშვებს. მთავარია, დაფიქრდეს, გააანალიზოს და შეძლებისდაგვარად, მის გამოსწორებას შეეცადოს.
ზღაპრის დასაწყისი სიტყვები, ,,იყო და არა იყო რა“, პირდაპირ ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინებას აღწერს და გამოხატავს. ჩვენი ცხოვრებაც ხომ ასევეა, მოვალთ ამ ქვეყნად, ვურთიერთობთ სხვებთან, ვშრომობთ, თითქოს ვიღლებით კიდეც, მაგრამ სხეულისა და სულის გაყოფის ჟამს, წამიც კი ბევრია ჩვენი ცხოვრების გადასახედად. ან ზღაპრის დასასრულს ხშირად გამოყენებული ფრაზები: ,,დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ“- თუ არ იყო არაფერი, აბა რა, ან ვინ უნდა ცხოვრობდეს დღესაც ბედნიერად… ვფიქრობ, რომ ადამიანი მიდის, ,,იყო“, მაგრამ რჩება სიკეთე, რომელსაც ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში თესს და ახორციელებს. ხოლო ზღაპრის შინაარსი, რა გინდ დამზაფრავი არ უნდა იყოს, ბოლოს დალოცვა ,,მთქმელსაც და გამგონებელსაც ტკბილი სიზმრები ყველასა“, – თითქოს აბალანსებს და მაინც სიმშვიდეს უქმნის მოზარდს.
თითქოს გზას ავცდი და სხვა მიმართულებით დავიწყე ფიქრი და მსჯელობა. მაგრამ მე სწორედ იმ სიღრმეების დანახვა და ამოტანა მინდოდა, რასაც ზღაპარი შეფარულად გვასწავლის.
ამიტომ ვთვლი, რომ ქართული ხალხური ზღაპრები ფასდაუდებელი სააღმზრდელო საშუალებაა პატარებისთვის და დასაფიქრებელია დიდებისთვის. ამავე დროს, იგი მომავლის სარკეს წარმოადგენს და უნებურად საკუთარი თავის ძიებას, გარკვეულ თვისებათა შეძენას, გამომუშავებას და განმტკიცებას უზრუნველყოფს. გაიძულებს უკვე ადრეული ასაკიდან განსაზღვრო შენი მომავალი ცხოვრება და სულიერად განეწყო მომავალი დაბრკოლებების გადასალახად. ყველა გზა და მისი ბოლო შენთვის უკვე ცნობილია. არჩევანი მხოლოდ შენზეა.
ავტორის სხვა სტატიები:
რის ფასად მიიღწევა დღეს მასწავლებლობა – პედაგოგის წერილი მშობლებს
როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი