GE

როგორ ჩანს, საქართველოში, გამოცდის გარეშე უმაღლეს განათლებას მეტი უცხოელი მიიღებს

შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული და მხარდაჭერილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში კიდევ ერთი ცვლილება საქართველოში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ზრდას უკავშირდებოდეს.

ეს ცვლილება უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებმაც საქართველოში სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება მიიღეს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.

საქმე იმაშია, რომ არსებული კანონმდებლობით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში სრული ზოგადი განათლება აქვთ მიღებული, არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სწავლა უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გააგრძელონ.

ერთზე მეტი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება კანონში ცვლილების შეტანის შემდეგაც ისევ მოუწევთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თვლის, რომ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მიზანშეწონილია შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდეს:

„ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად არიან საქართველოს მოქალაქეები) და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.“

შეგახსენებთ, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 31 მაისს პირველი მოსმენით მიიღო (81 მომხრე, 0 წინააღმდეგი). წინ კიდევ 2 მოსმენაა.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების რეფორმა კიდევ სამი წლით გადაიდო?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm