როგორ დაალაგოს აბიტურიენტმა ფაკულტეტები, როცა ჯერ კიდევ არ აურჩევია მისთვის პრიორიტეტული პროფესია – ინტერვიუ სპეციალისტთან
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
როგორც ვიცით, ამ ვადებში გამოსაცდელი ვალდებულია, ელექტრონულად შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მას აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვს. შესაბამისად, აბიტურიენტებს პროფესიის არჩევამდე რამდენიმე თვე აქვთ დარჩენილი და ყველა თანხმდება, რომ მღელვარება უადგილო სულაც არ არის, რადგან პროფესიის არჩევა საპასუხისმგებლო და საკმაოდ რთული საქმეა.
რა შეცდომები არ უნდა დაუშვას აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას – ჩამონათვალი
EDU.ARIS.GE აბიტურიენტებისთვის სწორედ ამ ეტაპზე საინტერესო საკითხებზე კარიერული განვითარებისა და წინსვლის მენტორს, ქალბატონ მაია ხაჩიძეს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, როგორ დაალაგოთ ფაკულტეტები, როცა ჯერ კიდევ არ გაქვთ შერჩეული პრიორიტეტული პროფესია და სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის გვიზიარებს დამხმარე ანკეტა-კითხვარს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენს შესაძლებლობებსა და მიზნებზე, მორგებული პროფესია შეარჩიოთ.
– ქალბატონო მაია, პირველ რიგში, გვითხარით, რამდენად საპასუხისმგებლო პროცესია აბიტურიენტებისთვის პროფესიის შერჩევა?
– პროფესიის სწორად არჩევა უმნიშვნელოვანესია, რადგან დროის დიდ ნაწილს სამსახურში ვატარებთ. პროფესიის სწორად შერჩევა დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს და აქედან გამომდინარე, დიდი პასუხისმგებლობაცაა. თუმცა, თუ ისე მოხდება, რომ სწორად ვერ შევარჩევთ და მომავალში აღმოვაჩენთ, სხვა რამ გვაინტერესებს, არც ამან არ უნდა შეგვაშინოს, არასოდესაა გვიანი შევიცვალოთ პროფესია. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, გვენანება ის დაკარგული დრო და რესურსი და ამიტომ, უმჯობესია, საწყის ეტაპზე კარგად დაფიქრება. ასევე სასურველია, მოზარდებმა 18 წლამდე და შემდეგაც გაიარონ სხვადასხვა კურსები. კარგია, თუ დაეუფლებიან უცხო ენებს, როგორიცაა ინგლისური, ესპანური, ფრანგული, იტალიური, რაც საშუალებას მისცემთ, იმუშაონ მუდმივად ან სხვადასხვა სფეროში საკუთარი პროფესიის პარალელურად.
– როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდებმა სრულიად დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ პროფესია თუ აუცილებელია, უფროსების აზრი და რჩევებიც გაითვალისწინონ?
– პროფესიის შერჩევისას მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი კარგად ჰქონდეთ შესწავლილი, თვითგამორკვევის პროცესში კი უფროსების დახმარება და გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ გავლენა მოახდინონ საბოლოო გადაწყვეტილებაზე. არავის და არაფრის ზეგავლენით არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან მათ მთელი ცხოვრება მოუწევთ არჩეული საქმის კეთება, ამიტომ, აუცილებელია, თავად აირჩიონ პროფესია.
– რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა ვიდრე სასურველი პროფესიების ჩამონათვალს გააკეთებენ?
– ზოგადად, პროფესიის არჩევა და საკუთარი თავის კვლევა საკმაო დროსა და სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. სწორედ ამაში გეხმარება კარიერული მენტორი სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. მოკლედ კი, რაც შემიძლია ვურჩიო ესაა, რომ გაითვალისწინონ საკუთარი:
- უნარები – რისი კეთება გამოსდით თავისთავად, კარგად;
- ღირებულებები – რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რას გააკეთებდნენ და რას არ გააკეთებდნენ;
- ინტერესები – რა მოსწონს, რისი კეთება აინტერესებს;
- მოტივატორები – რისი კეთება აძლევს ძალასა და ენერგიას;
- სხვა დეტალები – მომავალი სამსახურის მდებარეობა; როგორი ტიპის სამუშაო სურთ; რომელი სფერო; შენობაში ურჩევნია თუ შენობის გარეთ (ან გასვლითი);
დაფიქრდნენ, რას გააკეთებდნენ სიამოვნებით უხელფასოდ.
– გაგვაცანით ანკეტა-კითხვარის მაგალითი, რომელსაც შესთავაზებდით აბიტურიენტს, თუ მას ჯერ კიდევ არ აქვს შერჩეული პროფესია ან აქვს და აინტერესებს, რამდენად სწორია მისი არჩევანი…
– ამ სამ კითხვაზე გაცემული პასუხების გადაკვეთაზე აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ პროფესიას:
- რა გსურს – რას გააკეთებდით მთელი სიცოცხლის მანძილზე და რატომ გააკეთებდი, რა არის შენი მოტივაცია.
- რისი კეთება შეგიძლია – რისი კეთების უნარი გაქვთ, რა გამოგდით ყველაზე კარგად, რა განიჭებს ბედნიერებას?
- რას უნდა მოელოდე შენი არჩევანისგან – რასაც თქვენ აირჩევთ, ის საქმიანობა ბაზარზე საჭიროა? კარგად ანაზღაურებადია? მაგალითად, შეიძლება, ურმების გაკეთება შემიძლია, მაგრამ დღეს თუ ურმით არავინ დადის, ე.ი. ბაზარზე არაა საჭირო და წინდაწინ ვიცი, რა შეიძლება, რომ ჩემს არჩევანს მოჰყვეს.
– ქალბატონო მაია, შეგიძლიათ მიმართოთ აბიტურიენტებს, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი მათთვის დღეს?
– უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროფესიული წარმატების მისაღწევად იმდენივე განსხვავებული გზა არსებობს, რამდენიც განსხვავებული ადამიანია. არ არსებობს “იდეალური” პროფესია, რომლისკენაც ყველა უნდა მიილტვოდეს, მაგრამ არსებობს პროფესია – იდეალური თქვენთვის. მთავარია, მოუსმინოთ საკუთარ შინაგან ხმას, მიჰყვეთ თქვენ სურვილებსა და შესაძლებლობებს და ყველაფერი გამოგივათ.
აბიტურიენტებო, მიზნების ასრულებასა და წარმატებებს გისურვებთ!
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრა მზეო შველიძე
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან