როგორ დაფინანსდებიან 2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტები გრანტით და რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო
განათლების მინისტრის ბრძანებით 2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.
როგორც ბრძანების დანართში ვკითხულობთ, 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 45 ათასი ლარი იქნება. აღნიშნული თანხიდან გაიცემა თითოეული გრანტი, მაგრამ არა უმეტეს 2 250 ლარისა.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.
ბრძანებით განისაზღვრა დაფინანსების პრინციპი, რომლითაც გრანტი გადანაწილდება.
დაფინანსების პრინციპი „1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მაგისტრანტები სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“ გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ იმავე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით, სადაც სურს განმცხადებელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება; ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილებას დაფინანსების მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე განათლების სამინისტრო მიიღებს.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი