„როგორ დავალაგო უნივერსიტეტები და ფაკულტეტები სწორად?“ – საჭირო რჩევები აბიტურიენტებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, აბიტურიენტის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალის სწორად, უფრო ზუსტად კი მომგებიანად დალაგებაა.
გახსოვდეთ, ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის უფლება აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღის ჩათვლით აქვს.
როგორ დავალაგო უნივერსიტეტები და ფაკულტეტები სწორად? – EDU.ARIS.GE ამ სტატიაში შეეცდება, არაერთი აბიტურიენტის მიერ დასმულ ამ კითხვას წყაროებზე დაყრდნობით უპასუხოს და რჩევებიც გაგიზიაროთ.
სტუდენტის, ლიზი ლაცუზბაიას გამოცდილება და რჩევები აბიტურიენტისთვის გასაგებ ენაზე ასე ჟღერს:
მთავარია საკუთარი ქულებისა და კონკურენციის ობიექტურად შეფასება და უნივერსიტეტების სწორი წყობა შიდა ბარიერების ზრდის მიხედვით, რათა სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდეთ!
- გრანტი არ არის დამოკიდებული უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე, ცალკე კონკურსია და ცალკე ითვლება საგრანტო ქულა მხოლოდ 3 საგნით. (დამატებითი საგნების შემთხვევაში იმ საგანით, რომელშიც უფრო მეტია ქულა.);
- გრანტის წინასწარ გამოთვლა რთულია, ეს დამოკიდებულია წლევანდელ მდგომარეობასა და კონკურენციაზე, ამიტომ სიტყვაზე წინა წლის 50-იანი წელს შეიძლება 70-იანი იყოს ან პირიქით;
- უნივერსიტეტების დალაგება შეგეძლებათ სკალირებული/გათანაბრებული ქულების დადების შემდეგ მეორე დღის 6 საათამდე, თუმცა ამ პროცესს ნუ გაწელავთ (რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ შეგექმნათ) და მაინც ასე თუ ისე წინასწარ განსაზღვრეთ უნივერსიტეტთა სია;
- შიდა ბარიერების ნახვა შეგიძლიათ აბიტურიენტთა ცნობარში და უნივერსიტეტების დალაგების დროს განსაზღვრეთ, რომ თავიდან გიწერიათ ის უნივერსიტეტი, რომელშიც შიდა ბარიერი მაღალია და არა პირიქით, რადგან სხვა შემთხვევაში ასეთ წყობას აზრი არ აქვს. ასევე, თავი დაიზღვიეთ და ჩაწერეთ რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი, რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ;
- მიაქციეთ ყურადღება თქვენს პრიორიტეტულ ჩამონათვალს. ძირითადად ქულებზეა დამოკიდებული და არა დალაგებაზე, თუმცა მომხდარა ისეც, რომ ფაკულტეტზე მოხვედრილა ის აბიტურიენტი, რომელსაც შედარებით დაბალი ქულა ჰქონდა და პირველი ეწერა, ხოლო ვისაც მეორეზე ეწერა და უფრო მაღალი ქულა ჰქონდა, ვერ მოხვედრილა. ამიტომაც, თქვენი ქულების მიხედვით განსაზღვრეთ, სად გაქვთ მეტი შანსი. თანაბარი სკალირებული ქულის შემთხვევაში, პრიორიტეტი იმას ენიჭება, ვისაც პირველი უწერია და მაინც ყურადღება უნდა მიაქციოთ უნივერსიტეტების სწორ წყობას.
- მიაქციეთ ყურადღება შიდა ბარიერებს, თუ უნივერსიტეტის რომელიმე საგნის ბარიერი გადალახული არ გაქვთ, რაც არ უნდა მაღალი ქულა გქონდეთ დანარჩენებში, ამ უნივერსიტეტში შანსი არ გაქვთ;
- მიაქციეთ ყურადღება კონკურსს, თუ საუნივერსიტეტო ბარიერი გადალახული გაქვთ და მაგალითად 100 ადგილია და 100-ს უწერია პირველზე, დიდი ალბათობაა, რომ მოხვდებით, მაგრამ თუ 1 ადგილზე 3 და 4 კაცი მოდის, შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია და მხოლოდ შიდა ბარიერის გადალახვით ვერ მოხვდებით. ამიტომ, თვალი გაუსწორეთ რეალობას და განსაზღვრეთ თქვენი შანსები პრიორიტეტების დასალაგებლად;
- თუ 4 საგნით აბარებდით და ერთ საგანში ჩაიჭერით, შეგიძლიათ ჩაბარებული 3 საგნით სხვა ფაკულტეტზე ჩააბაროთ. მაგალითად, სიტყვაზე, თუ აბარებდით ქიმია/ბიოლოგიას და ქიმიაში ჩაიჭერით, შეგიძლიათ ჩააბაროთ ბიოლოგიურზე, ფსიქოლოგიასა და ვეტერინარიაზე, ან მეორე შემთხვევაში მაგალითად ქიმიურზე. (გამოსავალი ყოველთვის არსებობს);
- რაც შეეხება სააპელაციო პროცესს, წინა წლებზე დაკვირვებით, ბევრ ქულას არ ამატებენ. ამიტომ, თუ ის 2 ქულა გრანტსა და მოხვედრას არ გიწყვეტთ, განსაზღვრეთ, გიღირთ თუ არა რისკი. ასევე, ქართულში არ საჩივრდება კონკრეტული კრიტერიუმი თემაში, ამიტომაც მაღალია ასევე ქულის დაკლების რისკი, რადგანაც შევხედე, რომ ძირითადად არასწორ კრიტერიუმებში აქვთ დაკლებული ბავშვებს ქულა და შესაძლებელია სულ სხვა კრიტერიუმშიც დააკლონ.
აბიტურიენტების უმრავლესობას პრიორიტეტული ჩამონათვალის პირველ სამეულში (ან/და ხუთეულში) სასურველი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები შეჰყავთ, შემდგომ კი ნაკლებად სასურველი. ამასთან, ცნობილია, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა კითხვა -რის მიხედვით უნდა დაალაგონ პრიორიტეტული ჩამონათვალი და თუ აბიტურიენტთა ქულები დაემთხვა ერთმანეთს, ვის მიენიჭება უპირატესობა, მაინც აქტუალურია.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს: პირველ და მეორე ადგილას ყოველთვის დაწერეთ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც ყველაზე მეტად გსურთ ჩარიცხვა და სწავლის გაგრძელება, შემდეგ კი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიუთითოთ პროგრამები ცნობარში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით.
როგორ უნდა განახორციელოთ ცვლილება სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში:
- აყენებთ კურსორს იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და ირჩევთ ღილაკს – წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს – დამატება, ბოლოს – შენახვა.
- თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს – დამატება და წერთ სასურველ პროგრამას, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს – წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგომი პროგრამა ინაცვლებს პირველ საფეხურზე.
- არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენოთ ღილაკი – შენახვა.
გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით.
როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი და თუ აბიტურიენტთა ქულები დაემთხვა ერთმანეთს, ვის მიენიჭება უპირატესობა:
ეროვნული გამოცდების შესახებ დებულების თანახმად, თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება.
კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.
თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო? – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.
თუ პროგრამა პირველ ადგილას მაქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს? – იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს აქვს თქვენზე მაღალი ქულები, მაგრამ არ ეყო პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს მესამე არჩევანზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა თქვენ რეიტინგულ სიაში პირველ ადგილას გქონდათ მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.
როგორ ხდება აბიტურიენტების გადანაწილება პროგრამებზე:
კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში (ცენტრი საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს) აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
აკადემიურ პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისათვის.
თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისათვის დაწესებული ორი ან რამდენიმე დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა დამატებითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება დამატებითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა დადგენილი საგნების ჩამონათვალის შესაბამისად (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება.)
თუ აბიტურიენტი დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის რელევანტურ საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ზემოთ მოცემული წესის შესაბამისად.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება