GE

სახელმწიფო უნივერსიტეტების „შფოთვა“ დაფინანსებაზე და მინისტრის მოადგილის ხისტი პასუხი – როდის ამოქმედდება ახალი მოდელი

განათლების მინისტრის მოადგილისთვის გაუგებარია, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ბიუჯეტი შარშან დაამტკიცეს, რატომ შფოთავენ დაფინანსების ახალ მოდელზე აპრილში.

იმ ფონზე, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან, სწავლის დაფინანსება აქამდე არსებული საგრანტო სისტემა გაუქმდა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო უნდა იყოს (21 600-მდე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ავტ.), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, რა პრინციპით დაფინანსდებიან სახელმწიფოსგან, რაც მათ გაურკვევლობასა და შეშფოთებას იწვევს.

აღნიშნული გაუგებრობის შესახებ განცხადებები აპრილის თვეში, უნივერსიტეტების რექტორებისგან, საქართველოს პარლამენტშიც გაკეთდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ზვიად გაბისონია კი არ ეთანხმება უნივერსიტეტების შფოთვას და გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

მისივე თქმით, საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსების ახალ მოდელზე 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან გადავლენ და „ვადებში პრობლემა არ იქნება“.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დაფინანსების მოდელი წარვადგინოთ. არ გვინდა, ეს იყოს დაუმუშავებელი, ან რამე ტიპის ხარვეზები ჰქონდეს. დაფინანსება არის ყველაზე რთული, მოგეხსენებათ, რადგან ის მოიცავს არამარტო აკადემიური სექტორის ანაზღაურების ნაწილს, არამედ სტუდენტის თვითღირებულების განსაზღვრას, პროგრამების დადარებას, პროგრამის ღირებულების განსაზღვრას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ა.შ.

„გარწმუნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობას დაზუსტებული ხედვა ექნება დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით და ვადებში შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოში.

EDU.ARIS.GE-მ ზვიად გაბისონიას ჰკითხა, რა ეტაპზე არიან დაფინანსების პრინციპის შემუშავების კუთხით ამ დროისთვის და რა აქვთ სათქმელი გაურკვევლობაში მყოფი  სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დონორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების ოპტიმალურ მოდელსა და დეტალების დაზუსტებაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს კი „შფოთვის მიზეზი არ აქვთ“:

„რა არის შფოთვის მიზეზი სახელმწიფო უნივერსტიტეტებისა, რომლებსაც 2026 წლის ბიუჯეტი უკვე აქვთ დამტკიცებული? ჩვენ ახლა ვმუშაობთ დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის მიხედვითაც, სწავლა უნდა გადავიდეს სრულად უფასო სწავლების მოდელზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე სამინისტრო, დონორებთან ერთად, კონცენტრირებულია იმაზე, რომ განსაზღვროს დაფინანსების ის ოპტიმალური მოდელი და დეტალებს ვაზუსტებთ, რომლითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი 100%-იანი სწავლება და ა.შ. უბრალოდ, ცოტა უხერხულია, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც უნივერსიტეტი შფოთავს ისეთ საკითხზე, რომელიც საშფოთი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ მათ ბიუჯეტები უკვე დაამტკიცეს შარშან. შესაბამისად, თუ უნივერსიტეტმა ბიუჯეტი დაამტკიცა შარშან, რატომ შფოთავს აპრილის თვეში? ვერ ვიგებთ. შფოთვა შეიძლება მაშინ, როდესაც ახალი დაფინანსების მოდელიდან გამომდინარე, რამე პრობლემა უნდა შეექმნას… შესაბამისად, გარწმუნებთ, რომ შფოთვის მიზეზი არ არსებობს”, – გვითხრა ზვიად გაბისონიამ 17 აპრილს.

განათლების მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტებს ისიც შეახსენა, რომ სახელმწიფო წარსულშიც ეხმარებოდა უნივერსიტეტებს, რომლებსაც აქამდე არსებული საგრანტო მოდელით დაფინანსება არ ჰყოფნიდათ:

“ყველა უნივერსიტეტი, საგრანტო მოდელიდან გამომდინარე, იყო დოტაციაზე. ყველგან სახელმწიფო ეხმარება. ვინც შფოთავს – ისედაც არ ჰყოფნიდა დაფინანსება და მუდმივად სამინისტრო აფინანსებს, ეხმარება და ა.შ. – სახელმწიფო უნივერსიტეტებია და ამიტომ. რეგიონებს ცალკე ვეხმარებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცალკე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ცალკე და ა.შ. იდეაში, თვითკმარი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც იცით, რომ უცხოელი სტუდენტებიდან გამომდინარე, ძალიან დიდ სახსრებს ამობილიზებდა“.

ასევე იხილეთ:

დეპუტატი: „განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი“

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური