როგორ გავუმკლავდეთ რთულ მოსწავლეებს – 7 ნაბიჯი
მაია მელაშვილი
მასწავლებლობა – ეს პროფესია, არც ისე ადვილია, როგორც მეგონა, სანამ მას ჩემს პრაქტიკაში მოვსინჯავდი. მასწავლებელი უნდა იყოს არა მარტო საგნის კარგი სპეციალისტი, არამედ კარგი კომუნიკატორიც, შეეძლოს პრობლემის სწრაფი მოგვარება, იყოს მუდმივი ინოვატორი, სოციალური ორგანიზატორი. ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ ენერგიას, მოთმინებას და დროს. მასწავლებლების პროფესიას კიდევ უფრო ართულებენ მოსწავლეები, რომლებსაც ,,რთულ მოსწავლეებს“ ვუწოდებთ.
დღეს არ მეგულება არც ერთი ისეთი მასწავლებელი, რომელსაც სულ ცოტა 2 ან 3 ,,რთული მოსწავლე“ არ ჰყავდეს, ისინი ჩვენს სასწავლო პროცესს რთულად სამართავს ხდიან მაშინ, როცა სწავლება არის საკმაოდ სახალისო პროცესი, როცა ის სწორად მიმდინარეობს.
რთული მოსწავლეების გასამკლავებლად მასწავლებლები სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ. ორი ყველზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას მათთან ურთიერთობისას ეს არის:
1. ყვირილი, ჩხუბი, არასასიამოვნო ფრაზების გამოყენება, მუქარა – ასეთი სტრატეგია გააუარესებს მდგომარეობას და შედეგად, შეიძლება, მივიღოთ მოსწავლის უპატივისმცემლობა ჩვენდამი და არასასიამოვნო გარემო.
2. გადაჭარბებული შექება – ნუ ვეცდებით, რომ როდესაც დავალებას შეასრულებენ, სხვაზე მეტად შევაქოთ, მივცეთ ამ ქებას დემონსტრაციული სახე. ჩვენი მიზანია მათი ჩართვა სასწავლო პროცესში და არა მათი განსხვავება სხვა მოსწავლეებისაგან. ასეთმა ქცევამ, შეიძლება, გააღიზიანოს სხვა მოსწავლეები და მათში უსამართლობის განცდა გააჩინოს.
გაგიმხელთ რამდენიმე რჩევას, რომელიც რთულ მოსწავლეებთან ურთიერთობისას დაგეხმარებათ:
1. იქონიეთ კომუნიკაცია მშობელთან ხშირად და დროულად: მშობელს ხშირად აცნობეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მის შვილთანაა დაკავშირებული, როგორც აკადემიური მოსწრების, ასევე მისი ყოფაქცევის თაობაზე. როცა მშობელი ინტენსიურადაა ჩართული სასწავლო პროცეშსი, ეს ზრდის მოსწავლის პასუხისმგებლობას.
2. დაუწესეთ ქცევის წესების დარღვევის ლიმიტი: სასწავლო წლის დასაწყისში გააცანით ქცევის წესები, მკაფიოდ და კონკრეტულად განუმარტეთ წესების დარღვევის სადამსჯელო ღონისძიებები და ლიმიტი.
3. ხშირად შეახსენეთ მოვალეობები: აკონტროლეთ საშინაო და საკლასო სამუშაო, ხშირად მიეცით განმავითარებელი შეფასებები, მიაწოდეთ ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ, რომ არ მოყვეს სხვა გართულებები, როგორიცაა კლასში დარჩენა, გარიცხვა და სხვა.
4. მათთან სასაუბროთ საუკეთესო დრო შეარჩიეთ: თავი აარიდეთ კლასში შენიშვნის მიცემას სხვების თანდასწრებით, შეხვდით ინდივიდუალურად.
5. განუვითარეთ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები: შეაგროვეთ ინფორმაცია, დადის თუ არა რომელიმე სპორტზე, არის თუ არა რომელიმე ჯგუფის წევრი, ჰყავს თუ არა დედმამიშვილი; დაგეგმეთ საკლასო აქტივობები ისე, რომ ხშირად იყოს ჩართული ჯგუფურ სამუშაოებში. ეს დაეხმარებათ მათ, რომ განივითარონ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, გახსოვდეთ, ხშირად მათი პრობლემა სწორედ საკომუნიკაციო უნარების არ ფლობაა.
6. შეაგროვეთ ინფორმაცია სხვა პედაგოგებისგან: ხშირად შეხვდით დამრიგებელს და სხვა მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ შეხება ამ მოსწავლესთან, მიიღეთ მათგან ინფორმაცია როგორც სოციალური კუთხით, ასევე მისი ზოგადი აკადემიური მოსწარების შესახებ, რათა მოსწავლის სწორი შეფასება მოხდეს.
7. არასდროს უარყოთ: ყოველთვის ეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ მის დადებით მხარეებზე, შესთავაზეთ ინდივიდუალური სავარჯიშოები, რათა მოხდეს მისი მაქსიმალურად ჩართვა სასწავლო პროცეში.
ცხადია, ეს პრაქტიკული რეკომენდაციები არ არის იდეალური. მისი მოდიფიცირება შესაძლებელია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ის მაინც დაგეხმარებათ რთულ მოსწავლეებთან ურთიერთობის ნორმალიზებაში.
ფსიქოლოგიის როლი მასწავლებლის სამსახურში – პრაქტიკული მაგალითები
გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.smartclassroommanagement.com/2010/03/13/difficult-students-turning-them-around-part-3/
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი