GE

ფსიქოლოგიის  როლი მასწავლებლის სამსახურში – პრაქტიკული მაგალითები

მაია მელაშვილი

ფსიქოლოგია დიდ ადგილს იკავებს პედაგოგის მოღვაწეობის სფეროში, ფსიქიკური პროცესები როგორიცაა: ინტერესები, მიდრეკილებანი, ნიჭიერებანი, ტემპერამენტი და ხასიათის ცოდნა, აუცილებელია მასწავლებლებისათვის, რადგან საქმე აქვთ ბავშვების სულიერ ცხოვრებასთან და  სწორი მიმართულებით აღზრდასა და განვითარებას ისახავენ  მიზნად.

რა ადგილს იჭერს ფსიქოლოგიის ცოდნა პედაგოგიურ საქმიანობაში,  სად  და რაში შეიძლება დაეხმაროს იგი მაწავლებელს?

სწავლა და აღზრდა ერთი მთლიანი პედაგოგიური პროცესის ორი, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მხარეა, სწავლა იძლევა ცოდნას ობიექტური სინამდვილის მოვლენების შესახებ, აღზრდა კი აფორმებს აყალიბებს პიროვნებას, უმუშავებს ინტერესებს, მისწრაფებებს, მოთხოვნილებებს, ნებისყოფას, ხასიათს, გრძნობებს და ემოციებს.

ნორმალურ პირობებში სწავლა აღმზრდელობით ხასიათს ატარებს და აღზრდა-სწავლებასაც გულისხმობს. მასწავლებელს  საქმე აქვს მოზარდთან, როგორც განსაზღვრული სახის ფსიქიკური პროცესებისა და შესაძლებლობების სუბიექტთან. თუ მათ არ იციან რა ბუნების მასალასთან აქვს საქმე, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ ამ მასალის წარმატებით გამოყენებას და ჩამოყალიბებას მოცემული მიზნის შესატყვისად.

მასწავლებლის პირველი ამოცანა, რომლის გადაჭრასაც იგი კლასთან მუშაობის დაწყების პირველივე დღიდანვე უნდა შეეცადოს შემდეგშია: მან უნდა გამოიკვლიოს სწავლის რა ნიჭის და ცოდნის რა მარაგის მოსწავლეებისაგან შედგება კლასი. ამ ცოდნის სწორად გადაწყვეტაზე ბევრადაა დამოკიდებული მასწავლებლის წარმატება. მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა მხოლოდ ასეთ შესწავლას შეიძლება დაეყრდნოს. შეუძლებელია ყველა მოსწავლეს დავალების ერთნაირად მომზადება, საკითხის ერთნაირი ძალით გაშუქება, ცოდნის ერთნაირი მოცულობით შეთვისება მოვთხოვოთ.

სწავლის პროცესში წამყვან როლს ასრულებს ინტელექტი, ფსიქიკური შესაძლებლობები კი მას ეხმარებიან. სკოლაში ყველანაირი ინტელექტუალური შესაძლებლობის ბავშვები მოჰყავთ. მასწავლებელი უნდა იცნობდეს თავისი კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომ თითოეულს მისი ნიჭისა და უნარის შესატყვისად მიუდგეს, მიაწოდოს ან მოსთხოვოს სასწავლო პროგრამა. ამასთან, მასწავლებელმა საჭიროა იცოდეს რა ფსიქოლოგიური შესაძლებლობებია ჩართული სწავლაში.

მასწავლებელი ანგარიშს უნდა უწევდეს მეხსიერების როგორც საერთო, ისე ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს. ცოდნა მიიღება გარედან, გძნობის ორგანოების გზით, სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენაზე უშუალო ან შუალობით დაკვირვების შედეგად. გარე სინამდვილის, საგნებისა და მოვლენების წვდომას აღქმა ეწოდება. სწავლის პროცესი იწყება აღქმით, მაგრამ ცოდნა არ მიიღება მარტო აღქმით, ცოდნა გულისხმობს აღქმულის, ნახულის ან გაგონილის შენახვას და საჭიროების დროს ცნობიერებაში ხელახლა აღდგენას ან რეპროდუქციას. აღქმული შთაბეჭდილების შენახვა და რეპროდუქცია მეხსიერების საქმეა, მეხსიერების გარეშე კი სწავლა შეუძლებელია. მარტო აღქმა და მეხსიერება, რაგინდ ინტენსიურადაც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, ცოდნის მიღებას ვერ უზრუნველყოფენ. აღქმული და დამახსოვრებული მხოლოდ გაგების შემდეგ იქცევა ცოდნად. გაგება ინტელექტის უმაღლესი ფუნქციის-აზროვნების საქმეა. გაგება ნიშნავს მოვლენათა შორის  არსებული კავშირის, მიმართულებების წვდომას, დანახვას, რაც მხოლოდ აზროვნების თავლითაა შესაძლებელი.

სკოლაში გვხვდება ისეთი მოსწავლე, რომელიც იმის გამო, რომ განსაკუთრებულად კარგი მეხსიერება აქვს და ბეჯითია, თითქმის სიტყვა-სიტყვით გადმოსცემს ყველაფერს, მაგრამ შეიძლება საქმე გვქონდეს გაზეპირებასთან. ანუ შესაძლებელია, რომ მოსწავლის მთელი ტვირთი აღქმასა და მეხსიერებაზე ჰქონდეს გადატანილი და არ აზროვნებდეს. ასეთ შემთხვევაში ნამდვილი ცოდნის ნაცვლად ვღებულობთ სიტყვათა გარკვეულ თანმიმდევრობას, გაზეპირებას. მასწავლებელი  ყოველგავრ  ღონეს უნდა ხმარობდეს იმისათვის,  რომ მოსწავლის აზროვნება აამუშავოს.

აღქმისა და აზროვენებისათვის საჭირო ფსიქიკურ პირობას ქმნის ყურადღება. ყურადღების თავისებურებათა მიხედვით ადამიანები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ეს განსხვავება სასკოლო მოზარდების ასაკზეც ვრცელდება. ყურადგება შიძლება იყოს კონცენტრაციული ან დისტრიბუციული. ყურადღება კონცენტრაციულია, როცა მოსწავლეს შეუძლია მთელი ყურადღება გადაიტანოს ყოველ მოცემულ მომენტში ერთი გარკვეული მიმართულებით; ერთ გარკვეულ შთაბეჭდილებაზე აქვს მიქცეული და არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული შთაბეჭდილება იქონიოს მხედველობაში. სწავლის პროცესი სწორედ ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. რაც უფრო მეტი ძალითაა ყურადღება კონცენტრირებული გაკვეთილზე, სასწავლო მასალაზე, მით ურო მეტადაა აღქმული და გააზრებული.

ზოგიერთ მოსწავლეს ნაკლებად, ან საერთოდ არ ეხერხება ყურადღების კონცენტრაცია, მათ ყურადღება ერთდროულად რამდენიმე შთაბეჭდილებაზეა განაწევრებული ასეთ ყურადღებას კი დისტრიბუციული ყურადღება ეწოდება. დანაწევრებული ყურადღების მქონე მოსწავლეებთან მეტი მუშაობაა საჭირო, აუცილებელია კონცენტრირებული ყურადღების განვითარება.

კონცენტრაცია და დისტრიბუცია ყურადღების ერთი თავისებურებაა. მის მეორე თავისებურებას დინამიკურობა და სტატიკურობა წარმოადგენს. დინამიკური ყურადღება ისეთ ყურადღებას ეწოდება, რომელსაც არ შეუძლია ხანგრძლივად  ერთი მიმართულებით მუშაობა, ერთ საგანზე ან მოვლენაზე. ასეთი ყურაღება დიდხანს ვერ ჩერდება სასწავლო მასალაზე და სწავლაში წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. სკოლამ მოსწავლეს სტატიკური ყურადღების უნარი უნდა გამოუმუშაოს.

სტატიკური ყურადღება ისეთი ყურადღებას ეწოდება, რომელიც ხანგრძლივად მუშაობს ერთი მიმართულებით, ერთ საგანზე, ერთ მოვლენაზე.

როგორც კონცენტრირებული, ისე დისტრიბუციული ყურადღება სტატიკურიც შეიძლება იყოს და დინამიკურიც. სწავლაში წარმატებისათვის სტატიკური კონცენტრაციული ყურადღებაა საჭირო, მაგრამ ცხოვრება ყურადღების კონცენტრაციასაც ითხოვს და დანაწევრებასაც. ამიტომ, მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ ორივე უზრუნველყოს.

ასე რომ, მოსწავლებელმა მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ უნდა მოახდინოს გაკვეთილზე. მან ასევე უნდა უზრუნველყოს ცოდნის მიღებისათვის საჭირო ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება, იმის სწავლა, თუ როგორ უნდა იაზროვნონ, კონცენტრაციის ორივე ფორმის უნარი, ამისათვის აუცილებელია მასწავლებელი კარგად იცნობდეს ინტელექტუალური შესაძლებლობათა მოქმედების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს.

ფაქტორები, რომლებიც საქართველოში რეპეტიტორების ინსტიტუტის პოპულარობას განაპირობებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური