როგორ იქცევა აბიტურიენტი, თუ გამოცდამდე კოვიდი დაუდასტურდა, ან ტემპერატურა აქვს? – როდის უნდა ველოდოთ ახალ რეგულაციებს
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები, უკვე მეორედ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდება. შესაბამისად, წლევანდელ აბიტურიენტებსაც გარკვეული წესებისა და რეგულაციების დაცვა მოუწევთ.
გამოცდების მოახლოებასთან ერთად, EDU.ARIS.GE-ს სულ უფრო ხშირად მომართავენ კითხვით, რა წესები და შეზღუდვები იმოქმედებს წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე. შენარჩუნდება თუ არა გამოცდებზე კორონავირუსის მართვის შარშანდელი პრაქტიკა, თუ აბიტურიენტები ცვლილებებს უნდა ელოდონ?
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში 24 მაისს კითხვის (თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს კორონავირუსი აქვს ან სიცხე დაუფიქსირდა, როგორ უნდა მოიქცეს?) საპასუხოდ განუცხადეს, წელს რეგულაციები ჯერ გაცემული არ არის, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით გადაწყდება.
„შარშან ძალიან დიდი პრაქტიკა მივიღეთ. იყო ერთი შემთხვევა, როცა აბიტურიენტს დაუდასტურდა კორონავირუსი და მან გამოცდები სამედიცინო დაწესებულებაში ჩააბარა. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც მესამე გამოცდაზე დაუდასტურდა აბიტურიენტს ვირუსი და მასაც მიეცა გამოცდის ჩაბარების საშუალება. წელს ჯერ არ გაგვიცია რეგულაციები, მაგრამ შარშანდელ პრაქტიკასთან ძალიან ახლოს დარჩება. ყველაფერი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით მოხდება. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს უკვე დადასტურებული ექნება კორონავირუსი, მოგვმართავს და შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი განიხილავს და საჭიროებების შესაბამისად გადაწყვეტს, როგორ ჩატარდება ამ აბიტურიენტის გამოცდა. შეიძლება სიცხე დაუფიქსირდეს თერმოსკრინინგის დროს და ეს არა ვირუსით, არამედ სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, ამის მართვის პრაქტიკაც გვაქვს“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც მიმართა კითხვით, თუ როდის ელოდებიან გამოცდებზე კორონავირუსის პრევენციისთვის განახლებული რეკომენდაციების მიღებას. მათი განცხადებით, კოვიდრეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოცდების დაწყებამდე “რამდენიმე ხნით ადრე”.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების დროს იხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად; კოვიდრეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე“, – გვიპასუხეს ცენტრში.
ჯერ კიდევ მარტში, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმ აბიტურიენტებისთვის შესაბამისი სივრცის შექმნის მიზნით, რომელთაც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეთ.
“ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ შარშან და ყველა აბიტურიენტს და ასევე მასწავლებელს მიეცა შესაძლებლობა, რომ ეს გაეკეთებინა (გამოცდა ჩაებარებინა ავტ.), იცით, რომ მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს გადაუვადდათ გამოცდა. შესაბამისად, არის პროცედურები და რეგულაციები გაწერილი, თუ როგორ უნდა მივიღოთ ყველა აბიტურიენტი, მათ შორის, მივიღეთ შარშან კოვიდინფიცირებული აბიტურიენტიც. თუმცა წელს შეიძლება, კოვიდინფიცირებული აბიტურიენტების გამოცდა მოხდეს არა კლინიკაში, არამედ სხვა სივრცეში. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ეს უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება