როგორ იქმნება მოსწავლის დამოუკიდებლობაზე ორიენტირებიული დავალებების კრებული – დეტალები „iსკოლის“ ინოვაციურ პროექტზე
დისტანციური განათლების სრულყოფისა და სამომავლოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისი ციფრული საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმის შესაქმნელად, ახალი პროექტი ამოქმედდება, რომელიც თანაბრად საჭირო, სასარგებლო და საინტერესოა როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო ასაკის ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის.
საუბარია კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულზე, რომელიც ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, განათლების სამინისტროს, განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ერთობლივი ნამუშევარია. კრებული თითოეული კლასის მოსწავლეებისათვის იქმნება. მასალა ივნისის ბოლომდე, კვირაში ერთხელ, ვებ-გვერდზე el.ge განთავსდება და მათი გამოყენება ნებისმიერ მსურველს, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ შეეძლება. მათ შესრულებას კი მოსწავლეები დამოუკიდებლადაც შეძლებენ და პედაგოგებთან ერთადაც.
აღნიშნული პროექტის მიზანი დისტანციური სწავლების პროცესის გამრავალფეროვნება და მისი ეფექტურობის გაზრდაა. იდეის ავტორებისა და მხარდამჭერების ამოცანაა მასწავლებლები და მოსწავლეები, ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისას, დამატებითი რესურსით მოამარაგონ, რაც პროცესს მოსწავლისათვის უფრო დინამიკურს, საინტერესოსა და სახალისოს გახდის.
პროექტი სკოლამდელი ასაკის ბავშვების ინტერესებსაც ითვალისწინებს და მშობლებს სხვადასხვა საინტერესო რჩევას სთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშაონ ბავშვთან, რათა მისი ყოველდღიურობა გაამრავალფეროვნონ და შვილის სკოლისათვის მომზადებაც უზრუნველყონ, თუკი მომდევნო სასწავლო წლიდან ბავშვი სკოლაში მიდის. ეს ყველაფერიც იმავე ვებ-გვერდზე განთავსდება და აგრეთვე, პირველი არხი – განათლება ეთერში გადაიცემა. პროცესში ჩართულნი იქნებიან სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებიც, რომლებიც მშობლებს რჩევებს გაუზიარებენ. პროექტის მესვეურნი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მშობლებმაც მიიღონ მხარდაჭერა, რათა მათ ბავშვებთან სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის გაჩერების კომპენსირება მოახერხონ.
„მასალა მრავალმხრივი გამოყენებისთვის არის გათვლილი – როგორ მოსწავლეებისათვის დამოუკიდებლად სამუშაოდ ისე მასწავლებლებისათვის, რათა მათ ამ რესურსის სასწავლო პროცესში ჩართვა შეძლონ“, – აცხადებს განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.
მისი თქმით, პროექტი ცდილობს სისტემურად მიუდგეს დამხმარე რესურსების შექმნას და გამოეხმაუროს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს, მიზნებსა და თემებს.
„ჩვენი ერთ-ერთი მოლოდინი ისაა, რომ ეს გამოცდილება მნიშვნელოვან ნიადაგს მოამზადებს მწყობრი ციფრული სასწავლო რესურსების პლატფორმის შესაქმნელად. პროექტის გამოცდილებამ დასაბამი უნდა მისცეს ციფრული სკოლის უფრო მასშტაბური პლატფორმის განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო კარგად მოერგება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და მიზნებს. შესაბამისად, სკოლებს საინტერესო, სახალისო, თანამედროვე სასწავლო მასალით მოამარაგებს. სისტემური მიდგომა – ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ პროექტს სხვებისაგან გამოარჩევს და კარგ საფუძველს ამზადებს შემდგომში უფრო მასშტაბური საქმიანობის განსახორციელებლად. ასეთ ციფრული რესურსების არსებობა სასწავლო პროცესს გააადვილებს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული მასალა დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად იქმნება. ამიტომ, ავტორები ფიქრობენ, რომ იგი განათლების სისტემას, ახალი კურიკულუმის დანერგვაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება.
საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფს, რომელიც გეოგრაფიას, ისტორიას და სამოქალაქო განათლებას აერთიანებს, მაკა ბიბილეიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ ის და მისი გუნდი ამზადებენ დავალებებს აღნიშნულ საგნებში. ამბობს, რომ მათ მიერ შედგენილი დავალებები განსხვავდება იმ მასალისგან, რომელთაც ბავშვები სკოლებში არიან მიჩვეულები.
კომპლექსური დავალება, მისი თქმით, განათლების სისტემაში, ახალი ხილია. იგი ბავშვს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას უვითარებს. ანუ, ეს არაა მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული დავალებები. მას აზროვნება, მოცემული პირობის კარგად გააზრება სჭირდება. ამოცანები იმაზეა ორიენტირებული, რომ ბავშვმა თავად შეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა და რაც მთავარია, მოუნდეს ეს. შესაბამისად, სწავლა – სწავლების პროცესი გამოკვეთილია. ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ მხრივ ისინი ნამდვილად განსხვავებულია.
„გვინდა ამ პროექტის ფარგლებში მივაღწიოთ იმას, რომ დავალებები სახალისო და საინტერესო იყოს და ამავდროულად, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დავეხმაროთ მათზე მუშაობა მარტივად შეძლონ. ეს სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ რესურსები დავალებებს თან ახლავს, მოსწავლეს დამატებით ინფორმაციის ძებნა არ სჭირდება“, – აცხადებს მაკა ბიბილეიშვილი.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ აღნიშნულ რესურსს პედაგოგები აქტიურად გამოიყენებენ, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ არ ეგულება მასწავლებელი, რომელიც ახლა, ამ სიტუაციაში, სადმე კარგ ონლაინ რესურსს ნახავს, რომელიც ხარისხიანი გაკვეთილების ჩატარებაში დაეხმარება და არ გამოიყენებს.
მისივე თქმით, დავალებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სკოლებისთვის, რომლებიც ახალი სკოლის მოდელის საპილოტე პროცესში ჩართულნი არ იყვნენ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის დავალებებს არ იცნობენ. ამბობს, რომ ეს მათთვის მზა რეცეპტია იმის შესასწავლად, თუ როგორ შექმნან კომპლექსური დავალება, როგორ გაუმარტივონ მოსწავლეებს მათი მომზადება და როგორ განუვითარონ სხვადასხვა უნარი.
„ამ ყველაფერს ჩემს მოსწავლეებთანაც ვტესტავ. მწერენ, რომ ესაა დავალებები, რომლებზეც სიამოვნებით იმუშავებდნენ. თემები, საკითხები, რომლებზეც დავალებებს ვადგენთ, არ არის დამოკიდებული კლასზე. ანუ, მათი გამოყენება ნებისმიერ კლასში, ნებისმიერ დროს შეიძლება. ახალი სკოლის მოდელი ზუსტად ასეა აგებული – საბაზისო საფეხურს აქვს თავისი ძირითადი თემები და არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლასიდან გადიხარ. ამიტომ, ეს დავალებები ყოველთვის აქტუალური იქნება, მიუხედავად იმისა, გავლილი აქვთ ბავშვებს უკვე ეს თემები, თუ არა“,- დასძენს მაკა ბიბილეიშვილი.
საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ხელმძღვანელი ელიზბარ ელიზბარაშვილი კი კრებულის შექმნის პროცესს გვაცნობს და აცხადებს, რომ თითოეულ საგანში დავალებებს დარგის სპეციალისტები ქმნიან, რომლებიც კარგად იცნობენ როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი სასწავლებლის პროგრამას. ასევე იცნობენ დარგის გამოწვევებსა და თანამედროვე სწავლების მეთოდებს.
მისი თქმით, იქმნება როგორც ჩვეულებრივი, ისე ინტერდისციპლინარული ტიპის ამოცანები. აქ იგულისხმება ის, რომ შესაძლოა ერთი დავალებაში კითხვა იყოს დასმული როგორც ქიმიის, ისე ფიზიკისა და ბიოლოგიის კუთხიდან. ავტორების აზრით, ეს ამ ამოცანებს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის და პრაქტიკულ გამოყენებასაც ანიჭებს, რადგან მოსწავლე, რომელიც ამ ტიპის ამოცანას ასრულებს, ხვდება, რომ მეცნიერების ეს დარგები ერთმანეთისაგან განყენებულნი არ არიან და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობაა.
მისივე თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ ექსპერიმენტების ჩართვას, ვინაიდან საბუნებისმეტყველო დარგი ექსპერიმენტულია. ექსპერიმენტები ისეთია, რომ მოსწავლეებს მათი ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად შესრულება შეეძლოთ. ისინი გათვლილია ისეთ მოსწავლეებზეც, რომელთაც დამოუკიდებლად სწავლა და ამ ტიპის ამოცანების გადაწყვეტა მასწავლებლის ჩარევის გარეშე სურთ.
„ვცდილობთ, რომ მოსწავლეს მაქსიმალურად მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეს. თავად ამოცანის პირობა ისეა მოცემული, რომ ბავშვს რაღაც ახალის შემეცნებისკენ უბიძგებს. კითხვაც კი ასეა დასმული. ჩვენს დარგში ამ დავალებების მიზანია დაანგრიოს სტერეოტიპი, რომ ქიმია და ფიზიკა ბავშვმა იმ შემთხვევაში უნდა ისწავლოს, თუ ქიმიკოსი, ფიზიკოსი გახდება, ან სამედიცინოზე ჩააბარებს. ეს არაა მეცნიერებისთვის შექმნილი საგნები. ისინი, ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად, ყველასთვის საჭიროა“, – აღნიშნავს ელიზბარ ელიზბარაშვილი.
ყველანაირი სახის მასალა, რაც ამოცანასთან შეიძლება იყოს კავშირში და მოსწავლეს მის ამოსახსნელად დასჭირდეს (როგორც სასკოლო სახელმძღვანელოდან, ისე დამატებითი ინტერნეტწყაროებიდან), იქვეა მოცემული – „თუ ამა თუ იმ საკითხზე არ არსებობს ქართული ინტერნეტწყარო, მაშინ ჩვენ თავად ვადგენთ რამდენიმეგვერდიან მასალას და მას ვთავაზობთ“, – განმარტავს ბატონი ელიზბარი.
დავალებები ტექნიკურად იმგვარადაა შესრულებული, რომ თუკი ბავშვს, განსაკუთრებით რეგიონებში, კომპიუტერსა და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ამობეჭდვაც შესაძლებელია. დოკუმენტი, თავისი დამატებითი ბმულებიანად, ერთიანობას ინარჩუნებს.
პროექტის ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტია (EWMI) ACCESS. პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ გურჩიანი, EDU.ARIS.GE–სთან ინტერვიუში იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გათვალისწინებითაც მათ პროექტი უმნიშვნელოვანესად მიიჩნიეს და მხარდაჭერა გადაწყვიტეს.
ამბობს, რომ განათლების სფერო, პანდემიის შედეგად, სერიოზულად დაზარალდა. ამავდროულად, ესაა სფერო, რომელიც ვერ შეჩერდებოდა. სწორედ ამიტომ დაისახეს მიზნად იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ამ საქმეს დისტანციურად ასრულებენ.
„ბავშვებზე ორიენტირებული ბევრი პროექტი დავაფინანსეთ. კრებული, რომელიც მზადდება, რა თქმა უნდა გამოყენებულ იქნება პედაგოგებს მიერაც, მაგრამ ისინი, საბოლოო ჯამში, მოსწავლეებისთვის იქმნება. განათლების კოალიცია დიდ საქმეს აკეთებს და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ მცირე წვლილია იმაში, რაც მათ წამოიწყეს.
“პანდემიამ ბევრ რაღაცაზე დაფიქრება გვაიძულა. დაგვანახა რამდენ ბავშვს არ მიუწვდება რეალურად ხელი ინტერნეტსა და კომპიუტერზე, რითაც მათ ასეთ ექსტრემალურ პირობებში განათლების მიღება შეუძლიათ. გვაჩვენა თუ რამხელა როლს თამაშობენ მასწავლებლები ადამიანების ცხოვრებაში და დაგვაფიქრა ამ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთვის გადაუდებელ შრომას ეწევიან. შესაბამისად, აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ – ამ ყველაფერზე ფიქრი და მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. კრიზისმა გადაწყვეტილებების მიმღებებს ნათლად აჩვენა ის, რომ ხარვეზები და ცარიელი სივრცეები შევსებასა და განვითარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია აუცილებლად ამ საქმის გაგრძელება და ასევე, დაფასება ადამიანებისა, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ“, – აცხადებს თამარ გურჩიანი.
პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან დიდი ბრიტანეთის მთავრობა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და პირველი არხი-განათლება.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”