GE

როგორ იხსენებენ პანდემიურ საგამოცდო რუტინას აბიტურიენტები პირველი დღის შემდეგ

სტრესული გარემო, უჰაერობა და “რობოტი მეთვალყურეები” – ასე აფასებს აბიტურიენტთა ნაწილი საგამოცდო სექტორებში არსებულ ვითარებას. გამოცდიდან გამოსულები გვიყვებიან, რომ პროცედურები, რომლის გავლაც პანდემიის გამო უწევთ, დამღლელია.

„ისედაც ამხელა სტრესია გამოცდაზე გასვლა და ეს დამატებითი წესები ხომ საერთოდ კიდევ უფრო სტრესულს ხდის გარემოს. გგონია, რომ გამოცდაზე კი არ შედიხარ, შედიხარ სადღაც სამედიცინო დაწესებულებაში. მოკლედ რომ ვთქვა, არაა სასიამოვნო ეს ყველაფერი, რადგან ძალიან ცუდად აისახება ჩვენზე“, – ამბობს გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული 2020 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტი ნანა ომეკაშვილი.

გივი წიწიკაშვილი: ,,რეგისტრაციას, რომ გავდიოდი სიცილს ვერ ვიკავებდი. მითხრეს ნევროზის ბრალია, აბა არ მექნება ნევროზი? ამდენი პროცედურაა გასავლელი და პლუს პირბადე. მაგიდებზე დამონტაჟებული ბარიერები და უჰაერობა. არ მინდა აბიტურიენტები შევაშინო, მაგრამ არაა კარგი ასატანი ის, რისი გავლაც გვიწევს“.

,,ნახევარი საათი იმის გააზრებაში დავკარგე გემოცდაზე ვიყავი თუ სადმე სხვაგან. უჩვეულო გარემოა ძალიან. კონდიციონერი ჩართული გვქონდა და ამის გამო ძირს გვიცვიოდა რაღაც ნივთები. მერე ამას იღებდნენ დამკვირვებლები და დეზინფექციას უტარებდნენ“, – საბა გულიშვილი.

აბიტურიენტების ნაწილს, საგამოცდო ცენტრში არსებული მდგომარეობა მოეწონა. ისინი ამბობენ, რომ პროცედურების გავლა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითაა აუცილებელი, არც თუ ისე დამღლელია.

ნინი გველესიანი: ,,არაა სასიამოვნო ამ წესების დაცვა, მაგრამ არც ისეთი საგანგაშოა, როგორსაც სხვები ამბობენ. გვისინჯავენ ტემპერატურას, ხელებზე გვიკეთებენ დეზინფექციას და გასწავლიან თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გამოცდაზე“.

დავით გიგუაშვილი: ,,ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია არაფერს. ისე ვნერვიულობდი, კორონავირუსი აღარც კი მახსოვდა. ყველაფერი კარგადაა.

ფსიქოლოგის აზრით, წელს აბიტურიენტების სტრესი და შფოთვა გაორმაგებულია, რასაც საგამოცდო წესში კორონავირუსის გამო შეტანილი დამატებითი შეზღუდვებით ხსნის. იგი ამბობს, რომ ამ პირობებში გამოცდის ჩაბარება ადვილი არ იქნება. ელზა პანკრატოვა არც იმას გამორიცხავს, რომ შექმნილი ვითარება მათ გონების გახსნაშიც დაეხმაროს.

„ზოგადად, საგამოცდო პროცესი ისედაც სტრესულია აბიტურიენტებისთვის და, რა თქმა უნდა, ის დამატებითი წესები კიდევ უფრო სტრესულ გარემოში აყენებს მათ. იმედს ვიტოვებ, რომ გამოცდაზე იქნება მაქსიმალური პირობები იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ საკუთარი მაქსიმუმის ჩვენება. კარგი ინება, თუ მათ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პერიოდში და განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ დავუწესებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა, ემოციურ ფონზე სტრესული ტემპერატურის მატებაც იყოს“, – გვთხრა ელზა პანკრატოვამ.

შიდა სიტუაციასა და პანდემიურ რუტინაზე საუბრობენ თბილისის საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტებიც.

მარიამი 39-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: მაინცდამაინც ფანჯარასთან მოვხვდი და ცხელოდა. გავიოფლებოდი, მერე ჰაერი დაუბრავდა და შვებას ვგრძნობდი. იმდენად ყურადღებიანი გარემო იყო, თავი ხელში ავიყვანე და ყურადღებას აღარ ვაქცევდი სიცხეს. ზოგადად კარგი სიტუაცია იყო, ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ გამშვიდებდნენ. ვეფხისტყაოსანი ძალიან მიყვარს, ეს თემა ავირჩიე და ვფიქრობ, ძალიან კარგად დავწერე, ბევრი მაგალითებით. ასევე არგუმენტირებული ესეს თემაც ძალიან მომეწონა. გადათეთრებას ვერ მოვასწრებდი და პირდაპირ დავწერე, ვფიქრობ, კარგი გამოვიდა, მაგრამ შედეგები აჩვენებს ყველაფერს.

ლაშა კეპულაძე 173-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: პანდემიის პირობებში დაწესებული რეკომენდაციები გარკვეულწილად მუშაობის პროცესში გვზღუდავდა, მარტო გამოცდაზე შესვლას დასჭირდა საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ არ იყო ისეთი გაუსაძლისი პირობები, რომ ვერ გვემუშავა. არც ძალიან ცხელოდა და კარგი იყო, რომ პირბადის მოხსნის საშუალება გვქონდა. გარკვეული დისკომფორტის მიუხედავად, ვფიქრობ, საჭირო იყო შეზღუდვების არსებობა, რადგან ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე იყოს დასული.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებით გაგრძელდება და 25 ივლისს დასრულდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ნიკა გაბლიშვილმა და თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური