GE

როგორ მოიპოვებს აბიტურიენტი უმაღლესში ან პროფესიულში სწავლის გაგრძელების უფლებას

EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე (NAEC) დაყრდნობით, გიზიარებთ ინფორმაციას, თუ როგორ როგორ მოიპოვებს აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულ ყველა საგანში.

მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შეასრულეს ტესტის შედარებით რთული ვარიანტი. ზღვარი გადალახული აქვს თუ არა აბიტურიენტს ამა თუ იმ ქულით, დადგინდება ქულათა გათანაბრების შემდეგ საბოლოო შედეგებთან ერთად.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვებისათვის  საჭიროა ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის განსაზღვრულ საგანში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

საკონკურსო ქულის (საკონკურსო ქულა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი) გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად:

  • ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
  • ბ) აბიტურიენტის სკალირებული ქულა მრავლდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებული საგნის შესაბამის კოეფიციენტზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
  • გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.

მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; უცხოურ ენაში – 145,6; მათემატიკაში – 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ- ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 5. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 145,6X3 + 154,0X5 = 606,4 + 436,8 + 770,0= 1813,2. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება. კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.

გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ აბიტურიენტს მიენიჭოს სწავლის გაგრძელების უფლება, სავალდებულოა, ჰქონდეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე მოიპოვებს აბიტურიენტი სწავლის გაგრძელების უფლებას:

სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით ხდება:

  • პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობა;
  • აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულა;
  • აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი;
  • საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტი/კოეფიციენტები;
  • საგნების პრიორიტეტულობა (თუ კოეფიციენტები იდენტურია).

აკადემიურ პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისთვის.

თუ აბიტურიენტს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხოური ენის გამოცდებთან ერთად ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან მეტი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ აღნიშნული საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა.

თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა.

თუ ამ საგნების გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა.

იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საგნის გამოცდის სკალირებული ქულა საგნების დადგენილი ჩამონათვალის შესაბამისად (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება).

თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად.

იმ შემთხვევაში, თუ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა. შ.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება.

კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტები გადანაწილდებიან ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი:

იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით განსაზღვრულია რამდენიმე ჩასაბარებელი საგანი, დაწესებულების მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა ნაწილდება ჩასაბარებელი საგნების რაოდენობის პროპორციულად.

პროგრამული განაწილების ზუსტად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პროგრამისთვის დადგენილ საგანთა ჩამონათვალში მითითებულ პირველ საგანს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ჩასაბარებელ საგანში აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახევარზე მეტს.

აბიტურიენტსი მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში მირებული შეფასების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირებისას გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესი.

როდის გამოქვეყნდება იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება

საგნობრივი კომისიების მიერ საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს, რომელიც დგება კოეფიციენტების შესაბამისად. მასში მითითებულია იმ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება. ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის შემდეგაც აბიტურიენტებმა ჩარიცხვის მიზნით უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა საბოლოოდ მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.

ასევე იხილეთ:

„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური