GE

როგორ მოვემზადოთ ინგლისურში ცოდნის დონის დამადასტურებელი გამოცდის ჩასაბარებლად – ენის სპეციალისტის რეკომენდაციები

საქართველოში ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს ვერ მოიპოვებთ, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს ინგლისურ ენაში. ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საბუთის, სერტიფიკატის ასაღებად საქართველოში მსურველთა რიგები ყოველთვის ვრცელია. მათ შორის მოწინავე ადგილებს იკავებენ, როგორც მოსწავლეები, სტუდენტები და ენის სპეციალისტები, ისე, ამ მიმართულებით დასაქმებულები და დასაქმების მსურველებიც, რომელთაც უამრავი კითხვა აქვთ.

EDU.ARIS.GE -ს ესაუბრა ინგლისური ენის სპეციალისტი, სამტრედიის #1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ნინო სტურუა, რომელმაც ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელსაც სერტიფიკატის აღების მსურველები სვამენ და მათთვის რეკომენდაციებიც გასცა.

– ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, განგვიმარტეთ, რისთვის ხდება საჭირო ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღება და ენის რომელი დონის დადასტურებაზეა უმეტესად მოთხოვნა?

– საერთაშორისო მასშტაბით და მათ შორის საქართველოში არსებული სასწავლებლებისა და სამსახურების უმეტესობაში, ინგლისურის, როგორც „ლინგვა ფრანკას“ ცოდნა, აუცილებელი მოთხოვნაა. არსებობს ფაკულტეტები, სადაც ინგლისური ენის ცოდნის გარეშე სწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერებები. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ უნივერსიტეტები და დაწესებულებები ავალდებულებენ ადამიანებს, დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა. ზოგადად, მიჩნეულია, რომ B2 დონის ფლობა ნიშნავს ენის ფლობას და ამიტომ, უმრავლესობა სწორედ ამ დონეს ითხოვს, თუმცა, ზოგან, უფრო ტექნიკურ მიმართულებებზე, B1 ითვლება საჭიროდ, რომელიც უფრო დაბალი დონეა, ხოლო ჰუმანიტარულ მიმართულებებზე, მაგალითად, თავად ინგლისურის ფილოლოგიაზე, შესაძლოა C1 იყოს სავალდებულო.

– რომელი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტესტების ჩაბარება შეუძლიათ მსურველებს?

– საბედნიეროდ, ამ მხრივ საქართველოში კარგი სიტუაციაა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ინგლისურის ცოდნის დონე სხვადასხვა გამოცდების მეშვეობით დაადასტურონ. მაგალითად, Cambridge, რომლის მიერ ორგანიზებულ გამოცდებსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და ასევე ბრიტანეთის საბჭო მეთვალყურეობს. არსებობს TOEFL, ასევე IELTS. თუკი გაცვლითი პროგრამა ცხადდება, რომელზეც ენის ცოდნის დონის დადასტურებაა მოთხოვნილი და აპლიკანტს არ აქვს სერტიფიკატი, უნივერსიტეტს შეუძლია, თავად ჩაატაროს ტესტირება და გასცეს დოკუმენტი.

– თქვენ მიერ ჩამოთვლილთაგან, რომელი ტიპის ტესტებია მოსწავლეებსა და სტუდენტებში აქტუალური და რა შესაძლებლობები უჩნდებათ სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ?

– საქართველოში, ძირითადად Cambridge-ს და IELTS-ს აბარებენ. ამ სერტიფიკატებით შეუძლიათ, რომ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ და ზოგიერთ არადემოკრატიულ ქვეყანაში დაადასტურონ თავიანთი ცოდნა. მიუთითონ იგი CV-ში, რაც მათ მისცემს უპირატესობას ვაკანსიებზე და გაცვლით პროგრამებზე. Cambridge სერტიფიკატის უპირატესობა ის არის, რომ იგი 5-ით მეტ ქვეყანაში მოქმედებს და უვადოა, როცა ერთხელ ჩააბარებს აპლიკანტი, მას სიცოცხლის განმავლობაში უდასტურდება ენის ფლობა.

– რა უნდა იცოდეს პირმა ინგლისური ენის ცოდნის დონის გამოცდის ჩაბარებისთვის?

– ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ტესტი მოიცავს Writing, Reading, Listening, Speaking- უნარებს. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ოთხივე უნარს. მაგალითად, კემბრიჯის გამოცდებზე მიღებული საბოლოო ქულა ოთხივე უნარში აღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება. ასევე, თუ აპლიკანტი დარეგისტრირებულია კემბრიჯის B2-ის გამოცდაზე და 190-დან იღებს 160 ქულას, ის მიიღებს B2 სერტიფიკატს, თუკი 160-ზე ნაკლებს, მაშინ B1-ის სერტიფიკატს, ხოლო თუ ის აიღებს 180 ქულაზე მეტს, ის მიიღებს C1 სერტიფიკატს.

– მიეცით პრაქტიკული ინსტრუქცია ჩვენს მკითხველს, როგორ მოემზადონ ამ გამოცდის ჩასაბარებლად?

  • გაზარდონ ინგლისურ ენასთან ურთიერთობის ინტენსივობა კითხვა, მოსმენა, საუბარი;
  • იკითხონ მხატვრული ლიტერატურა ინგლისურ ენაზე, რაც ყველაზე მეტად ზრდის სიტყვების ცოდნის დონეს;
  • ნახონ ფილმები ინგლისურ ენაზე, მოუსმინონ დიალოგებს, რადგან მოსმენა აუცილებელია. ნებისმიერი უცხო ენის შესწავლისას, მოსაუბრეების მოსმენა ძალიან გვეხმარება ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებაში;
  • გააკეთონ რაც შეიძლება მეტი ტესტი. რაც მეტი ექნებათ გაკეთებული, გასწორებული და გააზრებული, მით უკეთ გაართმევენ თავს გამოცდას;
  • იკითხონ სტატიები ინტენსიურად. მაქსიმუმ 4-6 გვერდის მოცულობით იმ თემაზე, რომელიც მათ აინტერესებთ, სამეცნიერო, პოლიტიკური, ლიტერატურული და სხვა.

– რა რესურსის გამოყენება შეუძლიათ ამისთვის?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, რესურსებად შესაძლოა, გამოყენებული იყოს მხატვრული ლოტერატირა, სხვადასხვა ინფორმაციული სტატიები, მე პირადად ვიყენებ საერთაშორისო გამოცდებზე გათვლილ ისეთ სახელმძღვანელოებს, როგორებიცაა expert, Laser, Objective, ასევე ბევრ კარგ მასალას გვთავაზობს ბრიტანეთის საბჭო.

ასევე იხილეთ:

გადაულახავი ბარიერი – რატომ არ ხდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დადასტურება საქართველოში?

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური