GE

გადაულახავი ბარიერი – რატომ არ ხდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დადასტურება საქართველოში?

„მოგესალმებით, ვარ ქართველი და 2006 წლიდან ვცხოვრობ უკრაინაში. ვმუშაობ თარჯიმნად, მაგრამ არ მაქვს ქართული ენის ფლობის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მუშაობაში მიშლის ხელს. როგორ შემიძლია გავიარო ტესტირება და მივიღო სერტიფიკატი?“ – ეს კითხვა EDU.ARIS.GE-მ მოქალაქისგან რამდენიმე დღის წინ მიიღო. ის გვწერდა, რომ ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდა და სჯეროდა, ჩვენ მაინც შევძლებდით ამას.

საკითხის გარკვევა დავიწყეთ. განათლების სამინისტრო ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა მზად პასუხისთვის. სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან გასაუბრების შემდეგ კი გავიგეთ, რომ მსგავსი პრობლემა არაერთ ადამიანს აქვს და მისი მოგვარების გზა, სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ გააჩნია. არ არსებობს გამოცდა, რომელიც აპლიკანტების ქართული ენის ცოდნის დონეს დაადგენს და შესაბამისად, ვერც სერტიფიკატს გასცემს ვინმე.

უწყება, რომელსაც მსგავსი დოკუმენტის გაცემის პრეროგატივა, სამომავლოდ, დიდი ალბათობით ექნება მინიჭებული, სახელმწიფო ენის დეპარტამენტია, რომლის დანიშნულებაც „სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსის დაცვა, მის პოპულარიზაციაზე ზრუნვა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა და დამკვიდრებაა“. როგორც დეპარტამენტში პირველი ზარის შემდეგ შევიტყეთ, უწყებას არაერთხელ დაუყენებია განათლების სამინისტროს წინაშე ამგვარი გამოცდის არსებობის აუცილებლობის საკითხი, თუმცა, უშედეგოდ.

რატომ არ არსებობს გამოცდა დღემდე და რა გზით შეუძლია ადამიანს ქვეყანაში, ან მის ფარგლებს გარეთ, ენის ცოდნა დაადასტუროს? – ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ალიბეგაშვილს დავუსვით. მან პრობლემის არსებობა დაადასტურა და განგვიცხადა, რომ იგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც დიდი ხანია დასმულია. მისგან გავიგეთ ისიც, რომ საკითხის სიმწვავესა და მოგვარების აუცილებლობას სამინისტროშიც აღიარებენ. ანუ, პრობლემა არსებობს, იგი საკმაოდ ბევრ მოქალაქეს აწუხებს, ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა მაინც არ გვარდება. სამინისტრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აჭიანურებს და თუ რატომ, ეს უკვე ალიბეგაშვილისთვის დასმული შემდეგი კითხვა გახლდათ.

გიორგი ალიბეგაშვილი: საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ჩვენს მოქალაქეებსაც და მოქალაქეობის მაძიებლებსაც ეს პრობლემა უდგათ. ამ თემაზე მუშაობა დაწყებულია. შევკრიბეთ ჯგუფები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ენის ცოდნის დონეებს A1-დან მოყოლებული C2-ის ჩათვლით. მათ საკმაოდ დატვირთულად იმუშავეს და დონეების განმსაზღვრელი სარეკომენდაციო დოკუმენტი მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. ასე რომ, დოკუმენტი არსებობს, მაგრამ სხვა საკითხები წამოიჭრა. ვინ უნდა ჩაატაროს გამოცდა, ამაზე განათლების სამინისტრო ჩამოსაყალიბებელია, რადგან ეს შეიძლება იყოს ერთი ჯგუფი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ან იყვნენ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც ამ მიმართულებით კომპეტენციას გამოავლენენ. უმთავრესი საკითხია ის, თუ ვინ უნდა გასცეს ენის ფლობის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ჯერ-ჯერობით, გამოკვეთილია, რომ იგი, დებულების მიხედვით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უნდა გასცეს, მაგრამ თავად საგამოცდო პროცედურა როგორ უნდა ჩატარდეს, ეს, ჯერჯერობით, არ ვიცით.

სხვათა შორის, იუსტიციის სამინისტრომ, თავის თანამშრომლებში ასეთი გამოცდა ჩაატარა, რაც კეთილი ნების გამოვლენა იყო, თუმცა ამას სახელმწიფოებრივი დოკუმენტების გამოხატულებაც უნდა მიეცეს. მოგეხსენებათ, საქართველო მრავალეროვანი და მრავალენოვანი ქვეყანაა, მაგრამ სახელმწიფო ენის ცოდნა მისი ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. მოტივაცია უკვე გაჩენილია, რადგან ყველა არაქართველმა მოქალაქემ იცის, რომ საჯარო სექტორში კარიერას სახელმწიფო ენის გარეშე ვერ შეიქმნის. ამას დრო დასჭირდება, განათლების სისტემა თემაზე მუშაობს. პრემიერმა, ახლახანს, გააკეთა კიდეც განცხადება ქართული ენის გაძლიერების შესახებ და ეს თანმიმდევრულად გამოსწორდება. ამავდროულად, 2021 წლის მიწურულს, მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო ენის სტრატეგია მიიღო, სადაც ყველა ნიუანსია გაწერილი. უამრავი საკითხია ისეთი, რისი ნორმალიზაციაც უნდა მოხდეს.

2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

– თქვენამდე რამდენად ხშირად მოდიან ადამიანები მსგავსი პრობლემით?

– ის კითხვები, რაც თქვენთან მოდის, ბუნებრივია, ჩვენთანაც მოდის. მაგალითად, ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა, სასამართლოში თარჯიმნად უწევდა მისვლა და ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებოდა. უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომში ეწერა, რომ იცის ქართული, მაგრამ არ წერია რა დონეზე იცის. ტოეფელის, ან გოეთეს ცენტრის მსგავსად რომ გავცეთ სერტიფიკატი ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებით, ამის კომპეტენცია, ამ ეტაპზე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს არ გააჩნია.

– შესაბამისად, არ არსებობს არანაირი გზა, რითიც თუნდაც უცხოეთში სწავლისა და დასაქმების მსურველებს შეუძლიათ თავიანთი ენის ცოდნა დაადასტურონ? დროებითი ცნობა, ან რაიმე მსგავსი მაინც?

– ერთადერთი წყარო არის დიპლომი, სადაც ჩამოთვლილია თუ რა საგნები ჩააბარა მან ბაკალავრიატში და იქვე წერია ქართული ენაც. მაგრამ სერტიფიკატის გამცემი უწყება, რომელიც იტყვის რა დონეზე იცის მან ქართული, არ არსებობს.

– როდის დააყენეთ ეს საკითხი სამინისტროში?

– ეს საკითხი ყველას გვაწუხებს და უპირველეს ყოვლისა, განათლების სამინისტროს. იგი მრავალუწყებრივად გასავლელია, რა თქმა უნდა, ჩვენი დეპარტამენტის ჩართულობით და ვფიქრობ, რომ წელს მოქალაქეებისთვის ასეთი პრობლემური საკითხი აუცილებლად მოგვარდება.

– რა იყო იმის მიზეზი, რომ ამდენ ხანს გაჭიანურდა?

– მოდით, მე უფრო პერსპექტივაზე ვისაუბრებ, ამ შემთხვევაში. მოგეხსენებათ, არსებობს პროგრამა 1+4, რომელსაც ჟვანიას სკოლა წარმართავს და სადაც არაქართულენოვან მოსახლეობაზეა ყურადღება გამახვილებული, რათა მათ ჯერ ქართული ენა ესწავლათ და შემდეგ, 4 წელი, ბაკალავრიატზე სალექციო კურსი ქართულ ენაზე მოესმინათ. ეს პროგრამა შემუშავდა და იგი ამართლებდა, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემების თანხლებით. ახლა, როგორც ირკვევა, მისი გაუმჯობესებისთვის განათლების სამინისტროს ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული და ამას ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის ჟურნალისტები, იგრძნობთ.

– რას აზიანებს მსგავსი გამოცდის და ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა გარდა იმ კონკრეტული და არც თუ ისე ცოტა ადამიანის ინტერესებისა, რომლებიც ჩვენც გვწერენ და თქვენამდეც მოდიან? რას გამოიწვევს მისი გადაჭრის კიდევ უფრო გაჭიანურება?

– საგამოცდო პროცესის შემუშავებას, ვფიქრობ, დაჩქარებული წესით შევუდგებით და უახლოეს მომავალში მოგვარდება.

– შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, სამინისტროსა და ენის დეპარტამენტის გარდა, კიდევ ვინ ჩაერთვება ამ პროცესში?

– პირველ რიგში სამინისტრო, რადგან მას ექვემდებარება naec-ცა და ჩვენი უწყებაც, რომელიც უშუალოდ მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაშია.

– თქვენი ჩართულობით შემუშავდება გამოცდების ფორმატიც?

– კიბატონო, ეს აუცილებელია. მასწავლებელთა სახლიც ჩაერთვება, ჟვანიას სკოლაც, სხვა უწყებებიც. არსებობენ ჯგუფებიც, რომლებიც დამოუკიდებლადაც მუშაობენ. ჩვენ ყველა დაინტერესებულ და კომპეტენტურ მხარეს მოვიწვევთ და ამ პრობლემურ საკითხს მოვაგვარებთ.

– საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების ტესტირებაც პარალელურ რეჟიმში დაიწყება?

– მესმის კითხვის აქტუალურობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეგიონები, სადაც საქმისწარმოება ქართულ ენაზე არ მიმდინარეობს და ბუნებრივია, რომ ეს საკითხიც მოსაგვარებელია. ამიტომ, აქ ჯერ საკანონმდებლო ბაზა უნდა მოწესრიგდეს. ყველა საჯარო მოხელემ, სახელმწიფო ენა, გარკვეულ დონეზე უნდა იცოდეს. ეს დონე იქნება B1 თუ B2, უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები მომზადებული გვაქვს. ერთი ხელის აქნევით ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, რადგან ძალიან ბევრმა ეთნიკურმა ქართველმაც არ იცის ენა იმ დონეზე, რომ ეს მოთხოვნები წამოვუყენოთ. ამიტომ, მათ დრო – 2-3 წელი უნდა მივცეთ.

– თქვენთვის, როგორც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, რამდენად მარტივია განათლების სამინისტროსთან კომუნიკაცია? პრობლემებისა თუ იდეების დროულად მიტანა და იქიდან საპასუხო რეაქციის მიღება? არის თუ არა სხვა საკითხებიც, რომელთა გადაჭრაც ამის გამო ჭიანურდება?

– მესმის თქვენი კითხვის პრობლემურობა. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს მთლად ვარდისფერი სათვალეებით ვერ ვხედავ, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ პრობლემურ საკითხს ბოლომდე მიყოლა სჭირდება. ჩვენ არც ერთ უწყებასთან არ გვიჭირს თანამშრომლობა, ხშირ შემთხვევაში ჩვენზეა ხოლმე დამოკიდებული, რომ ბოლომდე მივიყვანოთ და წერტილი დავუსვათ. ვფიქრობთ, რომ წელს განსაკუთრებულად შედეგიანი პერიოდი იქნება.

– რა საფრთხის წინაშე დგას, დღეს, ქართული ენა და რა ინიციატივები გაქვთ ენის დასაცავად?

– მინდა, თქვენს მკითხველს პორტალის შექმნის შესახებ ვამცნო. ჯერ ჩარჩოსა და კონცეფციაზე ვმუშაობთ, რაც საკმაოდ ვრცელი და რთული სამუშაოა, მაგრამ 2023 წლის სამოქმედო გეგმაში სწორედ ამ პორტალის შექმნას მივაქცევთ ყურადღებას. უნდა არსებობდეს პორტალი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს უნდა შეეძლოს შესვლა და უცხო სიტყვის ქართული შესატყვისის გაგება. ქვეყანა ვითარდება, ევროკავშირში უნდა გაერთიანდეს, უამრავი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს, სახელმწიფო ენის ჩარჩოებში უნდა მოექცეს თითოეული ფრაზა თუ ტერმინი და პორტალზე ყველაფერი უნდა აისახოს.

– როდის დაიწყო ამაზე მუშაობა და როდიდან ამუშავდება პორტალი?

– მთავარია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო სახელმწიფო ენის სტრატეგია. პარლამენტში დიდი კონსულტაციები გვქონდა. ახლა, ამისთვის, შესაბამისი ფინანსური რესურსები გამოინახება და ვფიქრობთ, რომ 2023 წელს პორტალზე პირველი წლის მასალების თავმოყრა მოხერხდება.

– სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გარდა ვინაა ამ პროცესში ჩართული?

– განათლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისის, ბათუმის, ახალციხის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში მუშაობს ექსპერტთა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც 40-ზე მეტი ადამიანია. თანამშრომლობის გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია. ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრია.

ასევე იხილეთ:

გრამატიკის (არ) არსებობა სკოლებში – რატომ ვერ აბარებენ მოსწავლეები ეროვნულ გამოცდას ქართულში რეპეტიტორის გარეშე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური