როგორ მოხდება სკოლებისთვის 2019-2020 წლის სახელმძღვანელოების ჩაბარება და გაივლის თუ არა წიგნები საკარანტინე პერიოდს?
საჯარო სკოლების პირველმა და მეთორმეტე კლასელებმა სწავლა დაასრულეს, 15 ივნისს კი, 2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდება. სასწავლო პროცესის დამთავრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი სკოლებში სახელმძღვანელოების დაბრუნებაა, თუმცა იმ ფონზე, როცა სასწავლო დაწესებულებებში შესვლა შეზღუდულია და პირველკლასელთა მეორე ეტაპის რეგისტრაციაც ელექტრონულ რეჟიმში მიმდინარეობს, მშობლების დიდ ნაწილს აქვს კითხვა, თუ როგორ უნდა ჩააბარონ სახელმძღვანელოები.
გარდა ამისა მშობლები ინტერესდებიან, რადგან წიგნი პირადი გამოყენების ნივთია, გავლის თუ არა სკოლაში დაბრუნებული სახელმძღვანელო კარანტინის პერიოდს და იქნება თუ არა ის უსაფრთხო სხვა მოსწავლეებისთვის.
„პირველი კლასი დაასრულა ბავშვმა და მაშინვე წიგნებზე ვიფიქრე. დაგვიკავშირდა დამრიგებელი და გვითხრა, რომ შევაგროვოთ ყველა წიგნი რაც სკოლისგან გვაქვს მიღებული, შევინახოთ და 10-10 მშობელს დაგვირეკავს და მივიტანთ, ოღონდ შეიძლება ეს ზაფხულში მოხდესო“
„მე-12 კლასელი მყავს, წიგნები როგორც მისცეს სექტემბერში ისევე ხელუხლებელი უდევს სახლში, მთელი წელი კერძო მასწავლებლებთან დადიოდა და არ გამოუყენებია. ჯერ არავინ შეგვხმიანებია სკოლიდან, ალბათ დაურეკავენ და როცა ეტყვიან თარიღს მიიტანს“
„მომავალი პირველკლასელის მშობელი ვარ და უკვე ისეთ საკითხებზე დავიწყე ფიქრი, რასაც აქამდე ვერ წარმოვიდგენდი. უკვე ვფიქრობ, ვის ხელში გამოვლილი სახელმძღვანელო შეხვდება ბავშვს სექტემბერში და იქნება თუ არა მისი უსაფრთხოება დაცული“
„როდესაც გავიგე, რომ სწავლა აღარ განახლდებოდა, თბილისიდან წავედი. ნაქირავებში ვცხოვრობთ და დავტოვე ბინა ქირა რომ ტყუილად არ მეხადა. ორ შვილი მყავს და სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა, წავიღე, რადგან დისტანციურ სწავლებაში არიან ჩართულები. თბილისიდან 400 კილომეტრში ვარ და წიგნების სკოლაში მიტანა ჩემთვის პრობლემა იქნება, თუმცა შევინახავ და სექტემბერში აუცილებლად მივიტან“, – ასეთ განცხადებებს აკეთებენ მშობლები ჩვენთან საუბარში.
პანდემიის პირობებში, როგორ მოხდება 2019-2020 სასწავლო წლის სახელმძღვანელოების ჩაბარება, EDU.ARIS.GE ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე სკოლის დირექტორს გაესაუბრა. მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ზოგადი რეკომენდაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მიუღიათ და გადაწყვეტილებას სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ.
„ჯერ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია, თუმცა ვთვლი, რომ ეს არ იქნება რთული პროცესი. დამრიგებელმა შეიძლება მარტივად გააკეთოს განრიგი, როგორ მოიტანოს და ჩააბაროს მშობელმა სახელმძღვანელოები. სკოლაში უკვე განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები, მარტის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა წესი დაცულია, ამიტომ სკოლაში შესვლით და გამოსვლით არავის არაფერი არ ემუქრება. ჯერჯერობით მაინც დაველოდებით რეკომენდაციებს, არ არის სასწავლო წელი დასრულებული და შესაძლებელია ეს, ზაფხულში ძალიან მარტივად მოხდეს“, – ამბობს საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი.
ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გამოყოფილია დღეები, რა დროსაც წიგნების დაბრუნება შესაძლებელია.
„რაიმე ერთობლივი ინსტრუქცია არ გვაქვს, მე თავად მივიღე გადაწყვეტილება. რადგანაც უკვე შესაძლებელია, რომ შენობაში ვიყოთ რამდენიმე თანამშრომელი, მორიგეობა მაქვს გაკეთებული, კვირაში 2 დღე სკოლა არის ღია და გვაქვს შესაძლებლობა მე-12 და პირველ კლასელების წიგნები, რომლებმაც უკვე დაამთავრეს სწავლა მივიღოთ. მათ შეუძლიათ ეტაპობრივად მოიტანონ და ჩააბარონ. დანარჩენ კლასებს დავიწყებთ სადღაც 10 ივნისიდან, შეზღუდული არავინ არ იქნება, მთავარია სკოლაში დაბრუნდეს ეს სახელმძღვანელოები, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს“, – ამბობს მარინა ისკაკოვა.
EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, რომ სახელმძღვანელოების დაბრუნებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები სკოლებს გადაეგზავნებათ. კარანტინთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით კი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და ამისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად 20 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის დასაწყისში წიგნებს უფასოდ იღებენ, წლის ბოლოს კი უკან აბრუნებენ. დროებით სარგებლობაში გადაცემული სახელმძღვანელოს დაკარგვის შემთხვევაში, ზარალს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ანაზღაურებს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება