GE

როგორ (ვერ) პასუხობს სკოლა და განათლების სისტემა არასრულწლოვნების დანაშაულის მზარდ სტატისტიკას

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული მზარდია. 5 წლის მონაცემებით, ყოველ წლიურად სტატისტიკა უარყოფით სურათს გვაძლევს. მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისთვის ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს. მათ შორისაა მაგალითად საგანმანათლებლო პროგრამები და ასევე არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის დევნის შესახებ განახლებული კანონმდებლობა. თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში დევნადაწყებული მოზარდების რიცხვი იზრდება, სტატისტიკას იუნისეფი საქსტატს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 2015- დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

მონაცემების თანახმად, 14-დან 19 წლამდე მოზარდების რიცხვი, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში სამართლებრივი დევნა დაიწყო, ასე გამოიყურება: 2015 წ -1061 მოზარდი; 2016 -712; 2017 წ -681; 2018წ -884; 2019წ -931.

სხვადასხვა შემთხვევების შედეგად დაზარალებულად ცნობილი მოზარდების რიცხვი ასეთია: 2015 წელს დაზარალებულად ცნობილი იქნა 0-დან 19 წლამდე 970 მოზარდი, 2016 წელს – 1085; 2017 წელს – 1055; 2018 წელს- 1566; 2019 წელს- 1640; მათ შორის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში.

რაც შეეხება საქართველოს სასამართლოების მიერ 14-19 წლის ასაკის მსჯავრდებულების რიცხოვნობას, მონაცემები ასე გამოიყურება: თავისუფლების აღკვეთა 2015 წელს მიესაჯა 239 მოზარდს; 2016 წელს – 174; 2017 წ – 168; 2018წ – 170; 2019წ – 178; პირობითი მსჯავრი 2015 წელს დაეკისრა – 461 მოზარდს ; 2016წ – 313; 2017 წ – 272; 2018წ – 337; 2019 წ – 379; 2015 წელს ჯარიმა დააკისრეს – 95 მოზარდს, 2016წ – 74 ; 2017 წ – 49; 2018წ -54 ; 2019 წ – 71; საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2015 წელს დაეკისრა – 19 მოზარდს; 2016წ – 43 ; 2017 წ – 37; 2018წ -38 ; 2019 წ – 50; შინაპატიმრობა 2015 წელს მიუსაჯეს – 0 მოზარდს; 2016წ – 5; 2017 წ – 36; 2018წ -17 ; 2019 წ – 34; სხვა სახის სანქცია დაეკისრა – 2015 წელს -0 მოზარდს ; 2016წ – 3; 2017 წ – 3; 2018წ -0 ; 2019 წ – 0; სულ მსჯავრდებული იყო– 2015წელს – 814 მოზარდი; 2016წ – 612 ; 2017 წ – 565; 2018წ -616 ; 2019 წ – 712.

საინტერესოა ამ პრობლემის მოგვარებაში და პრევენციული ღონისძიების გადატარებისთვის რა როლი აკისრია განათლების სამინისტროს და სკოლას. რა თქმა უნდა, იმაზე არავინ დავობს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც მხოლოდ განათლების სამინისტროს გადასაჭრელი არ არის, მაგრამ ასრულებს სკოლა და განათლების სისტემა თავის ფუნქციას სათანადოდ? როგორ ახერხებს სკოლის სივრცეში 14 წელს მიუღწეველი ბავშვების დანაშაულის პრევენციას?

სამწუხაროდ, სკოლა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას თითქმის იშვიათად ახდენს.
წესით, მასწავლებელი ვალდებულია, ამოიცნოს ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევა, ასევე ბავშვის მიერ შესაძლო დანაშაულის რისკები შეაფასოს. გადაამისამართოს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რაც უმეტესად არ სრულდება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ მექანიზმს სკოლები მხოლოდ უკიდურეს, განსაკუთრებით კრიზისულ შემთხვევებში იყენებენ, როდესაც ჩარევა უმეტესად დაგვიანებულია. სამწუხაროდ, განათლების სამინისტროს არ აქვს მკაფიოდ გააზრებული ამ მიმართულებით მუშაობის აუცილებლობა. დღემდე არც ერთ მინისტრს არ წარმოუდგენია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მკაფიო დოკუმენტი.

არსებობს გარკვეული დაწესებულება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე ირიცხება. ესაა სამტრედიის სკოლა, სადაც ხვდებიან მოზარდები, რომლებიც არ იმყოფებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკში, ანუ 14 წლის ჯერ არ გამხდარან, თუმცა ჩადიან ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირდებოდა დანაშაულად. თუმცა მათი გამოვლენაც რთულად ხდება, რადგანაც ისევ ზემოთ ხსენებულ პრობლემამდე მივდივართ. ამ ასაკის ბავშვების გამოვლენა პირველ რიგში, სკოლის პრეროგატივაა, შემდეგ მშობლის თანხმობით და სოციალური სამსახურის დახმარებით ბავშვი ასეთ დაწესებულებაში უნდა მოხვდეს და გარკვეული სერვისებით ისარგებლოს.

ამიტომ, წესით მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული სკოლის და მისი თემის საჭიროებას, ერგება კონკრეტულ ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს, მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას, მის ადრეულ გამოვლინებას, მასზე სწორი რეაგირების მექანიზმის შექმნას და გამოყენებას. თუმცა დღეის მონაცემებით, ასეთი სერვისები და პროგრამები მწირია.

„კონფლიქტების მართვის და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა ბიჩინაშვილი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია 100-მდე სკოლაშია ნამყოფია, მაგრამ არც ერთ სკოლას არ ჰქონია გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მოხდეს სკოლაში დანაშაულის პრევენცია. უფრო მეტიც, ბიჩინაშვილი ამბობს, რომ ყველა ახალი ძალადობრივი შემთხვევის გახსნა და მოგვარება მასწავლებლის კომპეტენციებს ეყრდნობა (დამრიგებლის ან იმ საგნის პედაგოგის, ვის გაკვეთილზეც მოხდა ფაქტი, ან ვინც შემთხვევით შეესწრო ფაქტს). ხშირ შემთხვევაში კი, ასეთი კომპეტენციები მასწავლებლებს არ გააჩნიათ.

„ბულინგის, დანაშაულის აღმოფხვრა და მშვიდობიანი საკლასო გარემოს შექმნა ცალკე სამუშაო თემაა, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, რომელიც პირველ რიგში მოითხოვს სპეციალისტების ჩარევას და სკოლის მხრიდან ხელშეწყობას. მართალია, სკოლაში კონფლიქტების პრევენცია მთლიანად სკოლის საქმეა, მაგრამ სამინისტრომ შესაძლებელია ზოგადი მიმართულებით გარკვეული პროგრამები შეიმუშაოს და სკოლებს მოარგოს. მაგალითად, როგორიც მანდატურების სკოლაში შეყვანაა. ან ფსიქოლოგის დახმარების გაწევა, რომელიც შესაძლოა ერთჯერადი იყოს მხოლოდ და არაეფექტური. თვითონ სკოლას გაცილებით უფრო ბევრი პრობლემა აქვს შიგნით, ვიდრე ეს გარედან ჩანს. სკოლა ზოგჯერ საკუთარი რესურსებით აგვარებს მცირე კონფლიქტებს, მაგრამ მწვავე ბულინგის და დანაშაულის შემთხვევაში ხშირად სუსტია. მის პრევენციას ვერ ახერხებს“,- ამბობს ბიჩინაშვილი.

მისივე თქმით, მანდატურის სამსახური და ფსიქოლოგები სკოლებში სათანადოდ ვერ მუშაობენ, რადგანაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ მანდატური მოსწავლეების კონფლიქტში ხშირად არც ერევა და ყოფილა ფაქტები, რომ დანაშაულზე თვალიც დაუხუჭია. ფსიქოლოგები კი ბევრ სკოლაში არ არიან. რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა.

„მანდატურის საქმიანობის ეფექტურობა ნაკლებად შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ამ სამსახურს ბევრი ხარვეზი აქვს, ზოგან სადამსჯელო ფუნქციას ატარებს, ზოგ სკოლაში კი პირიქით, იმდენად უშუალო ურთიერთობაშია გადასული, რომ მისი რეალური ფუნქცია დაკარგულია. ამ სამსახურს ისევე სჭირდება მონიტორინგი, როგორც ყველა პროექტს. ასევე, ერთი ფსიქოლოგი მთელს სკოლაში ნაყოფიერად ვერ იმუშავებს. დაწყებითებს ცალკე სჭირდება, რადგან სხვა სახის პრობლემებს ვხვდებით ამ ასაკობრივ ჭრილში და მაღალ კლასებს ცალკე. ყველგან ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო.

ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა პროექტი, სადაც მასწავლებელი-მოსწავლე-მშობელი ერთობლივად ტრენინგდებოდა. ასე კომპლექსური მიდგომები უფრო შედეგიანია, ვიდრე რამდენიმესაათიანი ზოგადი ტრენინგის ჩატარება მხოლოდ ერთი რგოლისთვის, მაგალითად მასწავლებლისთვის. ხშირად არის ასევე შემთხვევები, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია დანაშაულის შესახებ ხმამაღლა საუბარს ერიდება და ფაქტს მალავენ. ამის მიზეზი კი შიშია, რომელიც სკოლის ადმინისტრაციას სამინისტროს მიმართ აქვს. რას იტყვის ჩემზე განათლების სამინისტრო, კარგავს “იმიჯს” და არც დახმარების იმედი აქვს. შესაძლებელია, მშობლისგანაც მოდიოდეს უარი საქმეში ჩაერთოს სოც. სამსახური“, – გვეუბნება „კონფლიქტების მართვის და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს ასეთი მიდგომა სიტუაციას ნამდვილად ართულებს. რესპონდენტი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება სკოლა იყოს გახსნილი და იმედი ჰქონდეს, რომ რთულ სიტუაციებში სამინისტრო გვერდით დაუდგება.

იუნისეფის საქართველოს ოფისის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ როდესაც ბავშვთა დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ სფეროს, პრობლემას უკავშირდება. ის ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის გამომწვევ სხვადასხვა ფაქტორებზე და ამბობს, რომ ეს შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. მაგალითად, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ექსპლუატაცია, ბავშვთა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვა. ასევე მოზარდთა სიღარიბე, პიროვნული ფაქტორები და ასაკი. საკმაოდ მრავალმხრივი ფენომენია, სადაც მხოლოდ ერთი განათლების სისტემა და სკოლა პასუხისმგებელი ვერ იქნება.

„რა თქმა უნდა, ბავშვთა დანაშაულის შესახებ როდესაც ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ერთ სისტემაზე ყურადღებას ვერ გავამახვილებთ. კი ბატონო, განათლების სისტემასაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ეს კომპლექსური პრობლემაა. მართალია, ყველაზე დიდი მოცვა განათლების სისტემაზე მოდის, რადგანაც ბავშვებთან მრავალმხრივი ურთიერთობა ამ სტრუქტურას აქვს. განათლების სისტემა თუ სხვა სტრუქტურები, რომლებიც ბავშვთა უფლებებზე არიან პასუხისმგებლები, ადრეულ ეტაპზე უნდა ახდენდნენ იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რამაც შესაძლოა დანაშაულამდე მიგვიყვანოს. შესაბამის სერვისებში თუ პროგრამებში გადამისამართება უნდა ხდებოდეს. სკოლამ უნდა შეძლოს ადრეულ ასაკში და პერიოდში ეს პრობლემა აღმოაჩინოს. თუმცა აქაც სიფრთხილე გვმართებს, რადგანაც ბავშვების სტიგმატიზებისა და იარლიყის მიწებების დიდი რისკები არსებობს. თუ ბავშვს ესა თუ ის პრობლემა აღმოაჩნდა, შესაძლოა, მას საკითხის შესწავლის გარეშე რთული ბავშვის სტატუსი მიენიჭოს“, – ამბობს ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ ასეთ ბავშვებს ის პროგრამები და სერვისები უნდა შევთავაზოთ, რომელიც ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. ეს პროგრამები, როგორც ბავშვზე, ასევე ოჯახზე და სოციუმზეც ორიენტირებული უნდა იყოს. ბავშვი როგორც განყენებული თემა ასე არ განიხილება, ამიტომაც ყველა მიმართულებით მუშაობაა საჭირო. სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პროგრამები შეიძლება იყოს სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობები, რომელიც უნდა არსებობდეს როგორც სკოლაში, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. სკოლასაც ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია, რათა ასეთ პრობლემურ ბავშვს კლასგარეშე და სასკოლო პროგრამები შესთავაზოს.

„თქვენს კითხვაზე კონკრეტული სკოლის ხელმძღვანელობა რატომ შეიძლება ბავშვის მიერ ჩადენილ დანაშაულს მალავდეს, პასუხი რთულია. თუმცა ჩვენი მუშაობის პერიოდში რაც გამოიკვეთა, ამის ძირითადი პრობლემა სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციის პრობლემაა. კი ბატონო, თუ არსებობს ბავშვის შესახებ ინფორმაცია და პრობლემა, განათლების სამინისტრომ და სკოლამ ეს ინფორმაცია სწრაფად სხვა უწყებებსაც უნდა გაუზიარონ. აქვე აუცილებელია, რომ სწორი რეაგირება მოხდეს, რადგანაც დანაშაულს განმეორებითი ჩადენა, შესაძლოა ბავშვების სტიგმატიზაციით იყოს განპირობებული. საბოლოო ჯამში ეს არის სისტემური პრობლემები და უწყებებს შორის კოორდინაციის არქონა. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სკოლას, ასევე სხვა უწყებებსაც“, – ამბობს თეონა კუჭავა.

რაც შეეხება სახელმწიფო სერვისებს, რას სთავაზობენ 14 წელს მიუღწეველ ბავშვებს, რომელთაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება უკვე ჩაიდინეს, იუნისეფის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთი იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი რეფერირების ცენტრია, რომელიც 2019 წელს 31 დეკემბერს შეიქმნა და ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო. ცენტრში ასეთი ბავშვების პრობლემებს სიღრმისეულად სწავლობენ, შემდეგ მათ საჭიროებებს გამოკვეთენ და რისკების მინიმუმამდე დაყვანას ახდენენ. ბავშვებს სხვადასხვა პროგრამებში და სერვისებში ამისამართებენ. ცენტრი ბავშვს ე.წ. 24 საათიანი რეზიდენციური ზრუნვის დაწესებულებაში უკიდურეს შემთხვევაში აგზავნის, რომელიც ე.წ. სამტრედიის სკოლაა.

ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი დასძენს, რომ ამ ეტაპზე რა სურათიც გვაქვს, ბავშვებისთვის სერვისების შეთავაზება მწირია. ამ ბავშვების გამოვლენას და გადამისამართებას სხვადასხვა უწყება, მაგალითად იგივე სკოლა და პოლიცია ახდენს. თუმცა სარგებლობისთვის მიმართვიანობა მწირია. ამიტომაც სამტრედიის სკოლაში ბავშვთა რაოდენობა დიდი არ არის.

მსჯავრდებულ მოზარდთა სტატისტიკა ზრდადია – გასული 5 წლის მონაცემები

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ელზა პაპოშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური