როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ცნობილია, “ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” შესული ცვლილების შემდეგ, სკოლის დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, სკოლის დირექტორს ექნება უფლებამოსილება, რომ სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2 დეკემბერს დამტკიცდა „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი“.
როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას
საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი:
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ – სკოლა) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის უფლებამოსილების და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის წესსა და პირობებს.
2. მართვის სისტემაში რეგისტრაციას საჭიროებს:
ა) შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი;
ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დანიშნული დირექტორი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
გ) დირექტორის მოადგილე, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დანიშნულია, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებლად;
დ) დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის, ან დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, სკოლის სხვა თანამშრომელი, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დანიშნულია, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებლად;
ე) დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ დანიშნული სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს/შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, 1 თვეზე მეტი ვადით. ეს რეგისტრაცია არ იწვევს ამავე სკოლაში ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის რეგისტრაციის ავტომატურად შეწყვეტას.
3. მართვის სისტემაში რეგისტრაციას არ საჭიროებს:
ა) დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების ერთდროულად შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის ან დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დანიშნული სკოლის სხვა თანამშრომელი;
ბ) დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ დანიშნული სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს/შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, 1 თვით ან ნაკლები ვადით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილება ძალაში შედის მათი მართვის სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილება – მათი დანიშვნის მომენტიდან.
მუხლი 2. უფლებამოსილების რეგისტრაციის განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხა
1. სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს, შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ, დირექტორის არჩევის ოქმისა და არჩეული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის საფუძველზე.
2. მინისტრის მიერ დირექტორის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემთხვევაში მართვის სისტემა რეგისტრაციას უზრუნველყოფს დირექტორის დანიშვნის შესახებ მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
3. დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის რეგისტრაციას, მართვის სისტემა უზრუნველყოფს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დანიშნული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის საფუძველზე.
4. დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის ან დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში სკოლის იმ თანამშრომლის რეგისტრაციას, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, მართვის სისტემა უზრუნველყოფს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლად სკოლის თანამშრომლის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დანიშნული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის საფუძველზე.
5. დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ დანიშნული სკოლის იმ თანამშრომლის რეგისტრაციას, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს/შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, 1 თვეზე მეტი ვადით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს, დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლად სკოლის თანამშრომლის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დანიშნული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის საფუძველზე.
მუხლი 3. უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაცია
1. შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე.
2. მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს დირექტორთან/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
3. დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი პირის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს – დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი პირის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 4. უფლებამოსილების ან უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებულ პირთა უფლებამოსილების ან უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს მართვის სისტემა.
2. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი მონაცემების რეგისტრაციის შესახებ.
3. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მართვის სისტემა უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი და მოითხოვოს დოკუმენტების დამატებით წარდგენა ან უარი განაცხადოს წარდგენილი მონაცემების რეგისტრაციაზე.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის უფლებამოსილების რეგისტრაცია ავტომატურად იწვევს იმავე სკოლაში, ამავე სტატუსით უკვე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციის შეწყვეტას.
მუხლი 5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის თავისებურებები
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციას ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული წესით ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის უფლებამოსილების რეგისტრაციისა.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლის ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის უფლებამოსილების რეგისტრაციას ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ახორციელებს მართვის სისტემა.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია რეგისტრაციის შემდგომ, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაუგზავნოს მართვის სისტემას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი მონაცემების რეგისტრაციის შესახებ.
5. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება იწვევს წარდგენილ მონაცემთა ძალაში შესვლას.
ამავე თემაზე:
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- რა წერია განათლებაზე კანონში, რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და პედაგოგიური წრეების კრიტიკას იწვევს by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა by ARIS.GE-განათლება