GE

როგორ შეფასდა საფრანგეთში სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვის ინიციატივა

საფრანგეთის მთავრობა დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. მათ სასწავლო დაწესებულებაში ტელეფონის მიტანის საშუალება ექნებათ, თუმცა მათი გამოყენება ნებადართული შესვენებაზეც კი არ იქნება.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ჟან მიშელ ბლანკეს თქმით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში მომდევნო სასწავლო წლიდან შევა და ის უკლებლივ ყველა სკოლას შეეხება. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მარკონის წინასაარჩევნო პროგრამით არის გათვალისწინებული. მინისტრის თქმით, აღნიშნული აკრძალვა ,,ოჯახებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გზავნილს წარმოადგენს“. ჟან მიშენ ბლანკეს განცხადებით სასურველია, რომ ბავშვები 7 წლამდე სმარტფონებს საერთოდ არ გაეკარონ.

საფრანგეთის პედაგოგთა ასოციაცია ამ ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდა. მისი წევრების თქმით, ეს აკრძალვა არ არის ლოგიკური და პრაგმატული და ისინი მის მიზანს ვერ ხვდებიან.

რაც შეეხებათ მოსწავლეებს, ისინიც ეჭვქვეშ აყენებენ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებას. მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ როგორ მოხდება ტელეფონების შენახვა და შემდგომ მათი უკან დაბრუნება.

მოსწავლეების მშობლებიც აღნიშნულ ინიციატივას უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, გაკვეთილების დაწყებამდე და მათი დასრულების შემდეგ შვილებთან დაკავშირების შესაძლებლობა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი სამინისტროს მობილური კავშირის სიგნალის ჩამხშობების დამონტაჟებას თავაზობენ.

ამჟამად განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აკრძალვის შემოტანის გეგმაზე მუშაობენ და მის ნიუანსებს განიხილავენ. ჟან მიშელ ბლანკეს თქმით, სამინისტროში შეხვედრების დროს ყველა თანამშრომელი მობილურ ტელეფონს საცავში ინახავს. მისი აზრით ანალოგიურად მოქცევა ადამიანმა ადრეულ ასაკში უნდა ისწავლოს.

აპლიკაცია მშობლებისთვის, რომლის საშუალებითაც ვხედავთ როდის და რისთვის იყენებს შვილი ინტერნეტს

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური