როგორ შევქმნათ მეგობრული კლასი – პრაქტიკული აქტივობები დაწყებითი კლასების დამრიგებლებისთვის
დაწყებითი კლასების დამრიგებლები გამოწვევების ნაკლებობას არ უჩივიან. ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ როცა კლასში არაკეთილგანწყობილი გარემოა, ბავშვებს თვით გამოხატვაც უჭირთ და მშვიდობიანი ურთიერთობაც. ამ დროს ხშირია კონფლიქტები და კონფლიქტებში ბავშვებთან ერთად მშობლებიც ერთვებიან. იმისთვის, რომ საქმე მსგავს ვითარებამდე არ მივიდეს, დამრიგებლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ბავშვების დამეგობრება შეძლონ.
EDU.ARIS.GE რესპონდენტების დახმარებით მოგიყვებათ რა აქტივობებს იყენებენ დამრიგებლები ბავშვების დამეგობრებისთვის და რა შედეგი მოაქვს სწორად შერჩეულ აქტივობებს. ვესაუბრეთ თელავის #4 საჯარო სკოლის პედაგოგსა და დაწყებითი კლასების დამრიგებელს, ნინო ხაჩიძეს, რომელსაც მასწავლებლობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს.
როგორც ნინო მასწავლებელმა გვითხრა, ბავშვების დამეგობრება მარტივი არ არის, რადგან პედაგოგს, პროფესიულ ცოდნასთან ერთად მართებს, ისეთი სოციალური უნარ-ჩვევები განუვითაროს ბავშვებს, რომელიც მათში თანატოლისადმი თანაგრძნობისა და დახმარების სურვილს აღძრავს. ნინო ამბობს, რომ როცა ბავშვმა იცის, კლასში მეგობრები ჰყავს და მას ელიან, მეტად ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში და შესაბამისად, სწავლის ხალისიც მაღალია. ამიტომ, ყველა დამრიგებელს ურჩევს, სანამ სხვა ტიპის გამოწვევების გადაჭრას დააპირებენ, იზრუნონ იმაზე, რომ კლასი მეგობრული იყოს.
„ჩემმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ, რომელიც 24 წელს ითვლის, დამარწმუნა, რომ თუ სკოლა ბავშვისთვის სასურველი ადგილი არ არის, არ ჰყავს მეგობრები და კეთილგანწყობით არ ხვდებიან, ბავშვს სწავლის მოტივაცია უქრება და სკოლის მნიშვნელობას ვერ ხედავს. ამიტომ, ყველა დამრიგებელმა უნდა იცოდეს, რომ მეგობრობა ბავშვებში ერთგვარად უნდა წავაქეზოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს, რომელსაც ჰყავს მეგობრები, სკოლაში უფრო მეტად ხალისიანია, აბედნიერებს მოსვლა და სწავლითაც უკეთ სწავლობს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხს ყველა მასწავლებელი უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს და მაქსიმალური გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვები ერთმანეთის მეგობრები იყვნენ და არა მტრები“, – გვიხსნის პედაგოგი.
ნინო მასწავლებელს ვკითხეთ, რა გზებით ცდილობს ის ბავშვების დამეგობრებას და იყენებს თუ არა უნივერსალურ აქტივობებს, რომლითაც სხვა მასწავლებლებიც ეფექტურად იხელმძღვანელებდნენ.
მისი თქმით, ყველა დამრიგებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს შემუშავებული იმ აქტივობების გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემთხვევების დროს გამოიყენებს. მაგალითად, როცა მოსწავლეთა შერიგება უნდა ან კლასში ახალ გადმოსული მოსწავლის კლასელებთან ინტეგრირებას ცდილობს.
„დაწყებით კლასებში, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა მოსწავლეები ერთმანეთს დასცინიან, ხელს კრავენ, ჩხუბობენ, ებუტებიან, ერთმანეთზე ბრაზდებიან. ეს გამოწვევები ახალი არ არის და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის მაქვს აქტივობების გეგმა, რომლის დახმარებითაც ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხო. იმასაც გეტყვით, რომ დაწყვებით კლასებში რთული არ არის ბავშვები ერთმანეთთან დავამეგობროთ და შევარიგოთ. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და როგორ უცებაც სწყინთ, ასევე სწრაფადვე პოულობენ საერთო ენას. დამრიგებელი მათ ამაში უნდა დაეხმაროს“, – აცხადებს ნინო ხაჩიძე.
EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ნინო მასწავლებელმა იმ აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავად იყენებს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი კონკრეტული სიტუაციაზეა მორგებული და მნიშვნელოვანია როგორ ფასილიტატორობას გაუწევს ბავშვებს დამრიგებელი:
„იმ აქტივობებს, რომლებსაც მე ბავშვების დამეგობრებისთვის ვიყენებ და რომელიც კონკრეტული სიტუაციებისთვის მაქვს შერჩეული, ნამდვილად შეუძლიათ პრობლემებზე ორიენტირება. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს“.
ბრაზის თერმომეტრი
პირველი აქტივობა ესაა ბრაზის თერმომეტრი. ამ მეთოდს ვიყენებ მაშინ, როცა ბავშვები ერთმანეთის მიმართ ბრაზსა და მრისხანებას ავლენენ. ასეთ დროს მათ ვეუბნები, რომ შეაფასონ საკუთარი ბრაზის ტემპერატურა. ვაკვირდები თითოეული ბავშვის ემოციას და ვცდილობ მოვახდინო რეაგირება. შემდეგ ეტაპზე კი ბავშვები თავად საუბრობენ ბრაზის გამომწვევ მიზეზებზე და ღიად ასახელებენ საკუთარი ბრაზის ტემპერატურას. ეს მეთოდი მეხმარება, რომ მათი პრობლემის მოსაგვარებლად ადეკვატური მიდგომები შევთავაზო. ასევე გეტყვით, რომ თუ ბავშვისთვის საუბარზე უფრო მოსახერხებელი წერაა, შეგვიძლია, შევთავაზოთ დაწეროს მიზეზები და კლასელებს შემდგომ გააცნოს.
სოკრატესეული დიალოგები
მეორე აქტივობა ესაა სოკრატესეული დიალოგები. მისი გამოყენება მაშინ შეგვიძლია, როცა გვსურს, ბავშვებმა საკუთარი აზრები არგუმენტების სახით გაცვალონ ერთმანეთში. მაგალითად, როცა ვერ თანხმდებიან და სურთ დიალოგის გზით გადაჭრან პრობლემა.
როლური თამაშები
ვიყენებ როლურ თამაშებს. მაგალითად მაშინ, თუ მოსწავლეები უარს ამბობენ დაეხმარონ ერთმანეთს და უხეშობას ავლენენ. ასეთი შემთხვევები ნამდვილად ბევრია და ვეუბნები, რომ ერთმანეთის ადგილზე წარმოიდგინონ თავი და როლები გაცვალონ. ისინი ასეთ დროს ხედავენ როგორი რთულია სხვის ადგილზე ყოფნა და უფრო მეტი მიმღებლობა უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ.
შემოქმედებითი აქტივობები
ვიყენებ შემოქმედებით აქტივობებს, როგორიცაა კომიქსებისა და ილუსტრაციების შექმნა მეგობრობის თემატიკაზე. კლასში გვაქვს ე.წ ჩანაწერების წიგნი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ, ერთმანეთს ემოციები გაუზიარონ. თითოეული აქტივობა, რომელსაც ვგეგმავ, ვცდილობ მოვარგო სიტუაციას და სხვა დამრიგებლებსაც იგივეს ვურჩევ.
ნინო მასწავლებელს ვკითხეთ, საკლასო აქტივობების გარდა, თუ იყენებს არასაკლასო აქტივობებს და როგორია მათი შინაარსი.
„მე, როგორც ბუნების მასწავლებელს, მაქვს ის უპირატესობა, რომ შემიძლია ჩემი დაგეგმილი აქტივობები სრულიად სხვა გარემოში განვახორციელო. მაგალითისთვის, თუ ბავშვები მიმყავს ექსკურსიაზე, ღია გაკვეთილთან ერთად, ე.წ ეზოს თამაშების გამოყენებასაც ვიწყებ. მაგალითად, ვთამაშობთ გუნდურ თამაშებს. ისე ვაკომპლექტებ გუნდებს, რომ ბავშვებმა, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად მეგობრობენ, სრულიად სხვა თვალით დაინახონ ერთმანეთი. ხშირად ვაწყობთ წიგნის ხმამაღლა კითხვის დღეებსა და დისკუსიებსაც, რომ ბავშვებმა ვერბალური კომუნიკაცია შეძლონ. მინდა ცალკე აღვნიშნო როგორ ეხმარებათ პატარებს გუნდური მუშაობა და დავალებები, რომლის შესრულებაც ერთმანეთთან თანამშრომლობით უწევთ. ყველაფერი, რაც კლასში კედლებზე გვაქვს გამოკრული, სწორედ გუნდური მუშაობის შედეგია და ვფიქრობ, ეს მათაც იციან“, – აგვიხსნა ნინო ხაჩიძემ.
მასწავლებელი სხვა დამრიგებლებს ურჩევს, რომ აქტივობების დაგეგმვასთან ერთად, არ დაივიწყონ მშობელთან კომუნიკაციაც, რადგან მშობლების დახმარებისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელია, სასურველ შედეგებზე სწრაფად გავიდნენ:
„როცა ვცდილობთ ბავშვები ერთმანეთის მეგობრებად ვაქციოთ, მშობლებიც არ უნდა დავივიწყოთ და აუცილებლად დავგეგმოთ კონკრეტული აქტივობა მათთან ერთად. მაგალითად ექსკურსია, პიკნიკი თუ ლაშქრობა. მშობელი ბავშვისთვის ავტორიტეტია, მათი აზრი მნიშვნელოვანია, რათა კლასელის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ. ასევე ყურადღებას გავამახვილებდი ე.წ კლასის საათის მნიშვნელობაზეც“.
ნინო მასწავლებელმა ისაუბრა როგორ უშლის ხელს ბულინგი ბავშვების დამეგობრებას და ამ პრობლემის გადასაჭრელად დამრიგებლებს მისი საყვარელი აქტივობა „ყვავილები თუ ეკლები“ გაუზიარა:
„მინდა ცალკე გამოვყო ბულინგის თემა, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ბავშვების დამეგობრებას და გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი აქტივობა, რომელსაც ბულინგის პრევენციისა და მოსწავლეებში ემპათიის უნარების განსავითარებლად ვიყენებ. აქტივობას ჰქვია „ყვავილები თუ ეკლები’’. მოსწავლეები ქმნიან მისის და მისტერ ეკალისტოები პოსტერებს, სადაც ცალ-ცალკე აჯგუფებენ სიტყვებს – ეკალი და ყვავილი. შემდგომ კი სიტყვების გასწვრივ წერენ, ფრაზებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გამოუყენებიათ. სიტყვების მიხედვით იქმნება თემატური პოსტერი. მოსწავლეების მიერ შექმნილ პოსტერებზე არსებული ეკალი ნეგატიური სიტყვებისა თუ ფრაზების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენება, ხოლო ყვავილი პოზიტიურის განმტკიცებისთვის. ეს აქტივობა კლასში ბულინგის შემთხვევების შემცირებას უწყობს ხელს და მართლაც კარგ შედეგებს იძლევა’’.
ასევე იხილეთ:
როგორ „მოვარჯულოთ“ ჰიპერაქტიური ბავშვი
ნდობის მოპოვება – მასწავლებლის ოქროს გასაღები
მოამზადა მზეო შველიძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება