როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა ბულინგის მსხვერპლი – ტრენინგი პედაგოგებისთვის
ბულინგი – ძალადობა ბავშვებში, სერიოზული პრობლემაა სკოლებში. საშუალოდ, მსოფლიოში 6-დან 27 %-მდე ბავშვი ხდება ბულინგის მსხვერპლი.
საერთაშორისო გამოკითხვების მიხედვით, 11 წლის ბავშვების 13%-ს და 13 წლის ბავშვების 12%-ს თვეში 2-ჯერ მაინც განუცდიათ ბულინგი.
ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს ბულინგის დამარცხებისთვის, ადამიანის უფლებების შესახებ განათლების და დემოკრატიული მოქალაქობის სწავლების მიდგომების გამოყენებით. საქართველოც ჩართულია ამ პროცესში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის 18 ნოემბრიდან ტრენინგს იწყებს, სახელწოდებით, „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების სამსახურის უფროსის მარიკა სიხარულიძის თქმით, ბულინგის თემა არამარტო ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია. აქამდე ამ თემატიკაზე ტრენინგ-მოდული ცალკე არ შემუშავებულა და ახლა გადაწყვიტეს გაკეთება.
„მოგეხსენებათ, ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით დემოკრატიული კულტურის პროგრამის გავრცელების ნაწილში. იქაც სასკოლო ბულინგი და, ზოგადად, ბავშვზე ზეწოლის და აგრესის გამოხატვის ფორმები ძალიან აქტუალურია. ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და გარდა ამისა, ვალდებულებები გვქონდა როგორც ევროსაბჭოს, ასევე ევროკავშირის მიმართ. ასოცირების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით 2016 წელს წილად გვხვდა სწორედ ამ თემებზე მუშაობა განათლების ნაწილში და მასწავლებლებს შევთავაზეთ ასეთი მოდული. მაქსიმალურად ვიმუშავეთ, რომ მოგვეცვა ყველა ის თემა, რომლის სახელიც, რეალურად, ბულინგია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მარიკა სიხარულიძემ.
ტრენიგზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-მა მსურველმა გაიარა. რა ინფორმაციას მიიღებენ ისინი ტრენერებისგან, რა არის ბულინგი, როგორ უნდა გამოიცნობს პედაგოგმა, რომ ბულინგთან აქვს საქმე, რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაშივ, ამის შესახებ სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნინო ბესელია გვესაუბრება.
–რას მოიცავს ტრენინგი ბულინგის შესახებ და როგორ შეირჩა თემები?
–ტრენინგის დასახელებაა „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. მოდული ექვსდღიანია. სულ 24 საკონტაქტო საათი გრძელდება. მასწავლებელი გარკვეული შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ იღებს კრედიტნახევარს.
პირველ რიგში, მასწავლებლებს ვასწავლით ბულინგის პრობლემის გამოკვლევას, გამომწვევი მიზეზების და რისკფაქტორების გამოცნობას, კონკრეტულად რა იწვევს ბულინგს. ბულინგი და ძალადობა, სტიგმა და სტერეოტიპი, ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტი. როგორ ავირდოთ ძალადობა და ბულინგი სკოლაში. სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში. ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის ზოგადი პრინციპების გაცნობა, – ეს ის თემებია, რომლებზეც ინფორმაციას სამოქალაქო განათლების პედაგოგები მიიღებენ ამ ტრენინგის ფარგლებში.
რადგან სამოქალაქო განათლების მასწავლებლები არიან შემდეგ დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს: ბავშვთა უფლებების კონვენციის გაცნობა, ასევე ტოლერანტობის დეკლარაცია, არც ერთ ტრენინგმოდულში არ იყო და ვმუშაობთ ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებით რეფერალზე. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვით ვასწავლით მასწავლებლებს, როგორ ამოიცნონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და სად უნდა გადაამისართონ. ერთ-ერთია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის და ფსქოლოგიურის ცენტრი. ვასწავლით, რა მახასიათებელი აქვს სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს. ეცნობიან ძალადობის სახეებს. გვაქვს სავარჯიშო აისბერგი. ხილულ და უხილავ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბულინგის და ძალადობის შეპირისპირებითი დახასიათება.
–სკოლაში ძალადობის პრევენცია როგორ უნდა მოხდეს? რას ასწავლით ამ მხრივ მასწავლებელს?
–ეს არის სოციალურ-ემოციური სწავლება. პრევენციის ერთ-ერთი ფორმაა თავდაჯერებულობის გამომუშავება მოზარდებში. არსებობს სამფეხიანი სკამის პრინციპი: რა თვისებები მაქვს, როგორ უნდა ვცე საკუთარ თავს და სხვას პატივი და მეოთხე ფეხია, რა უნდა იყოს, რომელიც გაამაგრებს, გაამყარებს ჩემს თავდაჯერებულობას.
მასწავლებლებს ვაძლევთ აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეუწყობს ბულინგის პრევენციას. მაგ: ერთია „დილის გზავნილი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია. ყოველ დილით, ყოველი შეხვედრის წინ ხდება გასაუბრება. ბავშვი თავის პრობლემით მოდის და მსჯელობენ ამ საკითხზე.
–როგორ უნდა შეატყოს, აღმოაჩინოს მასწავლებელმა ბულინგის ნიშნები მოსწავლეში?
–ძალადობის სახეების ამოცნობა ხდება დაკვირვებით ბავშვის ქცევაზე, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასევე, თუ სამწუხაროდ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, არსებობს სპეციალური ჩამონათვალი, რომლის შედეგადაც ხდება ამოცნობა. ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ეშინია, ფრთხება, აფრთხობს ხმები, აგრესიულად იქცევა, საკუთარ თავში ჩაკეტილია, არ ავლენს ინიციატივას და უგულვებელყოფს სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში მონაწილეობას. ზოგჯერ ეშინია მშობლის, სახლში წასვლის. თუ სკოლაშია ძალადობის მსხვერპლი, სკოლაში წასვლა არ უნდა. აგრესიული ჩაცმის სტილი აქვს ადრეული მოზარდობის ასაკში.
–ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი რას აკეთებს?
–მასწავლებელმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგიის და მანდატურის ცენტრს. იქ მუშაობენ პროფესიონალი ფსიქოლოგები და ისინი დაეხმარებიან ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს.
–თვითონ მასწავლებელ რა ტიპის პრობლემების მოგვარება შეუძლია ასეთ დროს?
–ამ ტრენინგის მიზანი ძალადობის სახეების გაცნობაა. ასევე თვითონ რომ არ იყოს მასწავლებელი მოძალადე, ბულერი. ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებლად თვითონ მასწავლებელია მოძალადე. ფიზიკური, ფსიქოლოგიური დასჯის ფორმას როცა იყენებს, ან უგულვებელყოფს ბავშვს. ზოგჯერ მასწავლებელი არ თვლის, რომ უგულვებელყოფა არის ძალადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა.
ასევე მასწავლებელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ არ იყვნენ მოძალადეები. ჩვენ ცოდნას და პრაქტიკულ რჩევებს ვაცნობთ მასწავლებლებს, როგორ ამოიცნონ ბულინგი და თუ მძიმე შემთხვევაა, სად გადაამისამართონ.
საბავშვო ბაღში ხშირად არის, როდესაც მასწავლებელი ბავშვს დასჯის და არ ათამაშებს, ესეც ძალადობის ფორმაა. მან რაღაც სხვა ფორმა უნდა მოიძიოს ამ პრობლემის არმოსაფხვრელად.
ვასწავლით ასევე ემპათიის გრძნობა როგორი უნდა გამოუმუშავდეს მოსწავლეს. ეს ძალადობის პრევენციაა. მშობლებისთვის გვაქვს რჩევები, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასწავლებელთან მშობელს, ბავშვი რომ არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
სკოლა-ბავშვი ოჯახი – ეს ერთი ინსტიტუციის გადასაჭრელი პრობლემა არ არის – უნდა გაერთიანდეს ყველა, რომ ბავშვი არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში
ცისანა არის© შერგილაშვილი
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი