GE

როგორ უნდა დაიცვან მოსწავლეებმა და სტუდენტებმა პერსონალური მონაცემები ონლაინ სწავლებისას – დეტალური რეკომენდაციები და ვალდებულებები

28 იანვარი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპის საბჭოს ინიციატივით მსოფლიოში 2006 წლიდან აღინიშნება.

საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, სტუდენტებისა და მოსწავლეების მოთხოვნის საფუძველზე მათ მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა პერსონალურ მონაცემებს ფლობს დისტანციური სწავლებისას თქვენ შესახებ, რა წყაროდან, რა მიზნითა და საფუძვლით, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს პერსონალურ მონაცემთა მართვის თემატურ რეკომენდაციებში“ წერს.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში კორონაპანდემია მძვინვარებს და სასწავლო დაწესებულებების დიდი ნაწილი ონლაინსწავლების რეჟიმზე გადადის. 27 იანვარს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წერს, რომ დისტანციური სწავლებისთვის სათანადო საკანონმდებლო ბაზა პანდემიამდეც არსებობდა, მაგრამ  საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწიათ, სრულად გადასულიყვნენ დისტანციური სწავლების მეთოდზე და ძალიან მოკლე ვადებში გაემართათ სასწავლო პლატფორმები, გაეხადათ ისინი ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის. შესაბამისად, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ ჰქონოდათ საკმარისი დრო, დეტალურად გაეცნობიერებინათ დისტანციური სწავლებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები.

ვინაიდან დისტანციური სწავლება აქტუალობას არ კარგავს, ინსპექტორის რეკომენდაციებში დეტალურადაა გაწერილი, თუ როგორ დაიცვან პერსონალური მონაცემები მოსწავლეებმა და სტუდენტებმა და რის მოთხოვნის უფლება აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან, რომ მათი პირადი მონაცემები, პირადი ცხოვრება იყოს დაცული და არ გახდნენ კანონდარღვევების მსხვერპლნი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ  დისტანციური სწავლების პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულები არიან:

  • დაამუშაონ მოსწავლის/სტუდენტის პერსონალური მონაცემები დისტანციური სწავლებისთვის საჭირო მოცულობით. მაგალითად, დაამუშაონ სახელი და გვარი დისტანციურ გაკვეთილზე/ლექციაზე დასწრების აღრიცხვისათვის.
  • შეინახონ ნამდვილი და ზუსტი პერსონალური მონაცემები.  მაგალითად, არ შეიყვანონ მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების მცდარი შეფასება ელექტრონულ ჟურნალში.
  • განაახლონ მოსწავლის/სტუდენტის პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეიცვალა. მაგალითად, ამ მიზნით მისცენ საშუალება, განაახლონ პირადი ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, პაროლი) ელექტრონულ პროგრამაში/ჟურნალში.
  • შეინახონ მოსწავლის/სტუდენტის  პერსონალური მონაცემები დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ვადით. მაგალითად, ელექტრონული პროგრამიდან წაშალონ შესრულებული დავალებები შეფასების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ.
  • დაბლოკონ, წაშალონ ან გაანადგურონ მოსწავლის/სტუდენტის  პერსონალური მონაცემები, რომლებიც აღარ სჭირდებათ ან შეინახონ ისეთი ფორმით, რომ  ამოცნობა შეუძლებელი იყოს. მაგალითად, დაშიფრონ პერსონალური მონაცემები – იდენტიფიცირებადი პირადი ინფორმაცია (მაგალითად, სახელი და გვარი) შეცვალონ ინიციალებით.

დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაასაჯაროოს ან მესამე პირებს გაუმჟღავნოს მოსწავლის/სტუდენტის  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

რეკომენდაციის მიხედვით, დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეების/სტუდენტების მიერ სისტემის უსაფრთხოდ გამოყენება და ნავიგაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მოსწავლემ/სტუდენტმა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღოს ID-ისა და პაროლის დასაცავად, რათა ვერავინ  შეძლოს მის ანგარიშში უნებართვოდ შესვლა და სისტემაში ნავიგაცია.

პაროლების უსაფრთხოებისთვის კი, საჭიროა, მოსწავლემ/სტუდენტმა გამოიყენოს რთული პაროლი, რისთვისაც რეკომენდებულია:

  • პაროლი არ იყოს სიტყვა ან სახელი.
  • არ შეიცავდეს მოსწავლის/სტუდენტის სახელს, მისამართს ან დაბადების თარიღს.
  • შედგებოდეს 8 ან მეტი სიმბოლოსგან.
  • შეიცავდეს დიდ და პატარა ასოებს, ციფრებსა და სპეციალურ სიმბოლოებს, როგორებიცაა, მაგალითად, ‘*’, ‘/’, ‘&’ და ა. შ. სადაც შესაძლებელია, გამოიყენონ ორდონიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმი.
  • პაროლები არ შეინახოთ ფიზიკური სახით, მაგ. ფურცელზე დაწერილი.
  • თუ სწავლის პროცესისთვის განკუთვნილ კომპიუტერს, ლეპტოპს სხვა პირიც იყენებს, პროგრამაში შესვლისას არ მონიშნოთ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი. დარწმუნდით, რომ ანგარიშიდან გასვლის შემდეგ პაროლი შენახული არ არის.
  • არ გაუზიაროთ თქვენი პაროლი სხვებს.
  • შეეცადეთ არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა სისტემისთვის. შექმენით ინდივიდუალური პაროლი ყველა კრიტიკული სისტემისთვის.
  • სასურველია, პერიოდულად განაახლოთ პაროლები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეკომენდაციებში  ასევე აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის შემდეგ, მოსწავლეები/სტუდენტები იყენებენ სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებს, ფორუმებსა და აპლიკაციებს, რა დროსაც უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად მნიშვნელოვანია ქვევით მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • არ დატოვოთ კომპიუტერი უყურადღებოდ. საერთო კომპიუტერის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად გამოდით ყველა ანგარიშიდან და დახურეთ ყველა ფანჯარა. ასევე, წაშალეთ კომპიუტერში შექმნილი დროებითი ფაილები, ბრაუზერის ისტორია და პაროლები.
  • სასურველია არ მოძებნოთ თქვენი სახელი, მისამართი, პირადი ნომერი ან სხვა პერსონალური ინფორმაცია გაზიარებულ მოწყობილობებზე.
  • პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტი უმჯობესია შეინახოთ დაშიფრული სახით და წაშალოთ იმ მომენტიდანვე, როდესაც აღარ გჭირდებათ.
  • მოერიდეთ გაურკვეველი წარმომავლობის პორტატული მედია საშუალებების გამოყენებას (მაგ. USB).  პორტატულ მედია საშუალებებზე (მაგ. USB) პერსონალური მონაცემების განთავსებისას აუცილებლად დაშიფრეთ ისინი ან დაადეთ პაროლი.
  • დაბლოკეთ ან შეზღუდეთ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების (ე.წ „cookie“) გამოყენება ბრაუზერების მიერ. სხვა შემთხვევაში,  პერიოდულად გაასუფთავეთ ისინი ბრაუზერიდან.
  • თავი აარიდეთ პერსონალური მეილის გამოყენებას საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ისარგებლეთ სკოლის/უნივერსიტეტის/სასწავლო ცენტრის მიერ მოწოდებული მეილით. თავი აარიდეთ სკოლის/უნივერსიტეტის/სასწავლო ცენტრის მიერ მოწოდებული მეილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.
  • არ გახსნათ მეილები, რომლებიც გამოგზავნილია არასანდო წყაროსგან. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში გადაამისამართეთ მსგავსი მეილი სკოლის/უნივერსიტეტის/სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციასთან.
  • არ გახსნათ მეილს თანდართული ფაილები, სანამ არ დარწმუნდებით რომ ის სანდო პირისგან/ორგანიზაციისგან არის გამოგზავნილი. ასეთი ფაილები შეიძლება ვირუსებს შეიცავდეს, რამაც შესაძლოა დააზიანოს თქვენი კომპიუტერი.
  • არ გამოიყენოთ სასწავლო მეილი ვებგვერდებზე, რომლებიც უშუალოდ სასწავლო პროცესს არ უკავშირდება. შეეცადეთ თავი აარიდოთ მეილის გასაჯაროებას.
  • სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ, მოსწავლემ/სტუდენტმა უნდა შეაფასოს გამოყენებული პროგრამების საჭიროება და განიხილოს პერსონალური მონაცემების გასუფთავების საკითხი.
  • პერიოდულად გადახედეთ დაინსტალირებულ პროგრამებს და წაშალეთ ის პროგრამები,  რომლებსაც აღარ იყენებთ. სასურველია ბრაუზერიდან გასუფთავდეს საძიებო შედეგები. სწავლის დასრულებისას გააუქმეთ ან წაშალეთ ის ანგარიშები, რომლებიც აღარ გჭირდებათ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეკომენდაციებში აღწერს, თუ რის მოთხოვნის უფლება აქვს მოსწავლეს/სტუდენტს. დისტანციური სწავლებისას უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:

  • ინფორმაცია თუ რა პერსონალურ მონაცემებს ფლობს საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანციური სწავლებისას თქვენ შესახებ, საიდან, რა მიზნითა და საფუძვლით მოიპოვა ასეთი პერსონალური მონაცემები;
  • ინფორმაცია, ხომ არ გაუცია საგანმანათლებლო დაწესებულებას დისტანციური სწავლებისას თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. ინფორმაციის მოწოდების ფორმას ირჩევთ თქვენ;
  • პერსონალურ მონაცემთა ასლები უსასყიდლოდ, გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა,  რომელთა გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილია გარკვეული საფასური.
  • დისტანციური სწავლებისას არაზუსტი ან არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, და უსაფუძვლოდ შეგროვებული პერსონალური მონაცემების წაშლა, დაბლოკვა ან განადგურება;
  • თანხმობის გამოხმობა დისტანციური სწავლებისას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:

  • მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა პერსონალურ მონაცემებს ფლობს დისტანციური სწავლებისას თქვენ შესახებ, რა წყაროდან, რა მიზნითა და საფუძვლით;
  • მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწოდოთ ინფორმაცია გაცემულა თუ არა პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე და რა მიზნით;
  • გასცეს ინფორმაცია მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს 10 დღისა;
  • გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს თქვენი პერსონალური მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური