GE

როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი ინტერნეტის გამოყენებისას – UNICEF-ის განახლებული სახელმძღვანელო პრინციპები

გაეროს ბავშვთა ფონდი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს, თუ როგორ უნდა დაიცვათ ინტერნეტში პანდემიის გამო სახლში გამოკეტილი ბავშვების უსაფრთხოება. ამ საკითხთან დაკავშირებით UNICEF-მა სტატია პირველად  2020 წლის 16 აპრილს გამოაქვეყნა.  2021 წლის 4 თებერვალს კი განაახლა.

UNICEF-ის  წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებათა და ბიზნესის სპეციალისტი სარა იაკობსტაინი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, თუ ოჯახს გამუდმებით სახლში ყოფნა უწევს, ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებთან ონლაინ რეჟიმში, რადგან ახალ რეალობაში გაკვეთილებმაც ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა და ინტერნეტით მიყენებული ზიანიც გაზარდა. ამ ზიანის მიყენების მინიმუმამდე დაყვანის ხუთ გზას კი ბავშვებს უზიარებს:

დაიცავით ბავშვები ღია კომუნიკაციის მეშვეობით

ესაუბრეთ თქვენს შვილს გულახდილად და ჰკითხეთ, თუ ვის და როგორ ეკონტაქტება ინტერნეტით. დარწმუნდით, რომ ბავშვი აცნობიერებს ისეთი ურთიერთობის მნიშვნელობას, რომელიც სიკეთესა და თანადგომაზეა დამყარებული და იაზრებს, რომ დისკრიმინაციული ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია ურთიერთობის მისაღები ფორმა არ არის. აუხსენით თქვენს შვილს, რომ როგორც კი მსგავს დამოკიდებულებას იგრძნობს ვინმესგან, დაუყოვნებლივ შეგატყობინოთ თქვენ ან სხვას, ვისაც ენდობა. თქვენ კი იყავით ყურადღებით და დააკვირდით ბავშვის ქცევას, ინტერნეტის მოხმარებისას ხომ არ ღიზიანდება მარტივად ან ხომ არ ჩანს უფრო ჩაკეტილი, ვიდრე მანამდე? დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი კიბერბულინგის მსხვერპლი არ არის. თქვენს შვილთან ერთად შეიმუშავეთ გარკვეული წესები, თუ როგორ, სად და როდის არის მიზანშეწონილი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება.

გამოიყენეთ ტექნოლოგია, რათა უკეთ დაიცვათ ბავშვები

შეამოწმეთ თქვენი შვილის ელექტრონული მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ პროგრამული უზრუნველყოფა და ანტივირუსი განახლებულია და რომ კონფიდენციალობის პოლიტიკაც გააქტიურებულია. თუკი ბავშვი ვებკამერას არ მოიხმარს, რამით დაფარეთ იგი. შედარებით პატარა ასაკის ბავშვებისათვის გამოიყენეთ მშობლის კონტროლის მექანიზმი, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხო საძიებო სისტემა, რაც თქვენი ბავშვებისთვის ინტერნეტში გატარებულ დროს უფრო პოზიტიურს გახდის.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ უფასო საგანმანათლებლო წყაროების მიმართ. გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ აღნიშნული რესურსების მოსაპოვებლად არ ატვირთოს თავისი ფოტო და არც სახელი და გვარი მიუთითოს. პერიოდულად შეამოწმეთ კონფიდენციალობის პოლიტიკა და მაქსიმალურად შეამცირეთ მონაცემებზე წვდომის დაშვება. ასწავლეთ ბავშვს პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა და აუხსენით, რომ მისი გაზიარება უცხო პირებისთვის არ შეიძლება.

გაატარეთ ბავშვთან ერთად დრო ინტერნეტში

ბავშვს შეუქმენით ისეთი გარემო და შესაძლებლობები, რომ უსაფრთხოდ შეძლოს მეგობრებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან თქვენთან ურთიერთობა. დღეს ხომ სხვებთან კონტაქტს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე – ოდესმე. თქვენ კი შესანიშნავი მაგალითის ჩვენება შეგიძლიათ, თუ როგორ შეიძლება ვირტუალური ურთიერთობის გაჯერება ემპათიითა და მხარდაჭერის გამოხატვით.

ასწავლეთ ბავშვს, როგორ ამოიცნოს ყალბი ამბავი და ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა, გაამწვავოს კორონა ვირუსთან დაკავშირებული შფოთვები. არ დაგავიწყდეთ, რომ ინტერნეტში არსებობს არაერთი სარწმუნო წყარო, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა სანდო ორგანიზაციის ვებგვერდები, რომელთა საშუალებით თქვენს შვილთან ერთად შეძლებთ ვირუსის შესახებ მართებული ინფორმაციის მოძიებას.

გაატარეთ მეტი დრო თქვენს შვილთან ერთად და გაიგეთ, რომელი აპლიკაციები, თამაშები და სხვა ონლაინ გასართობები შეესაბამება მის ინტერესებსა და ასაკს.

დაეხმარეთ ბავშვს, გამოიმუშაოს ჯანსაღი ჩვევები ინტერნეტის მოხმარებისას

შეეცადეთ, რომ წაახალისოთ და აკონტროლოთ ბავშვის კარგი ქცევა ინტერნეტის გამოყენებისას ან ვიდეო ზარების დროს. აუხსენით ბავშვს, რომ კლასელებს პატივისცემით უნდა მოეპყროს, ფრთხილად აარჩიოს ტანსაცმელი და შეეცადოს, ვიდეო ზარებს საძინებლიდან არ ჩაერთოს.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, იცნობდეთ სკოლის პოლიტიკას და იმ ზომებს, რომლებსაც უნდა მიმართოთ კიბერბულინგის ან არასასურველი ონლაინ კონტენტის შესახებ შეტყობინების გადაცემისას.

რადგან ბავშვები ძალიან ბევრ დროს ატარებენ ინტერნეტში, იზრდება იმის ალბათობაც, რომ გადააწყდებიან ისეთ არასასურველ რეკლამებს, რომლებიც არაჯანსაღი საკვების პოპულარიზაციას, გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას ან ასაკისთვის შეუსაბამო მასალის მიწოდებას ისახავს მიზნად. ასწავლეთ, როგორ ამოიცნოს ონლაინ რეკლამა, აქციეთ ეს მომენტი შესაძლებლობად და ბავშვთან ერთად გამოარკვიეთ, თუ რატომ არის ამ ნეგატიური შეტყობინებების გავრცელება არასწორი.

შეეცადეთ, ბავშვს მისცეთ გართობისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება

სახლში მეტი დროის გატარება ბავშვებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, რომ ონლაინ პლატფორმებზე საკუთარი თავის გამოხატვა დაიწყონ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და დაეხმარონ მათ, ვინც პანდემიის პირობებში შექმნილ კრიზისში საჭიროებს დახმარებას.

წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ ისარგებლოს ციფრული ინსტრუმენტების დადებითი მხარეებით, ადგეს, იმოძრაოს, ჩაურთეთ მათთვის განკუთვნილი ფიზიკური აქტივობის ვიდეოები ან ისეთი ვიდეო თამაშები, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.

გახსოვდეთ, რომ ონლაინ განტვირთვის დაბალანსება აუცილებელია ისეთი აქტივობებით, რომლითაც ინტერნეტს მიღმა დაკავდებით, მაგალითად, სეირნობა.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს დახმარებისკენ მოუწოდებს

რა ცოდნა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სკოლის შემდეგ – რა წერია ესგ-ში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური