GE

როგორ უნდა გავიგოთ ვართ თუ არა გრანტირებული მაგისტრანტი და როდის გამოქვეყნდება 2023 წელს დაფინანსებულთა სია

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და გათანაბრებული ქულები აპლიკანტებისთვის უკვე ცნობილია. მომავალი მაგისტრები ახლა უკვე გრანტირებულ მაგისტრანტთა სიის გამოქვეყნებას ელიან.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 7 სექტემბერს განუცხადეს, იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც სამაგისტრო გრანტი მოიპოვეს მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს. ჩვენი გამოცდილებით კი ეს დრო შემოდგომის მიწურულს დგება, ნოემბრის თვეში.

საგრანტო ქულის დაანგარიშება გამოცდაზე გასულებს თავადაც შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი მაგისტრანტებისთვის განმარტავს, რომ გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი და გრანტი გაიცემა კანდიდატის მიერ სსგ-ზე მიღებული აბსოლუტური საგრანტო ქულის მიხედვით.

აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი

თავდაპირველად ტესტის თითოეული ნაწილისათვის ვპოულობთ კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ქულების ჯამს, ანუ საბოლოო ჯამურ ქულას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ რომელიმე ნაწილში მიღებული ქულების ჯამი უარყოფითია (რაც თეორიულად შესაძლებელია რომ მოხდეს), საბოლოო ჯამურ ქულად ტესტის ამ ნაწილში ჩაითვლება 0 ქულა.

ტესტის რამდენიმე ვარიანტის არსებობის შემთხვევაში მოხდება ამ ვარიანტების გათანაბრება. ტესტის მოცემულ ნაწილში კანდიდატის მიერ მიღებული საბოლოო ჯამური ქულის მიხედვით დადგინდება მისი გათანაბრებული ქულა. გათანაბრების პროცედურის შესახებ ინფორმაცია.

ამის შემდეგ, ტესტის თითოეული ნაწილისათვის დადგინდება კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ე. წ. ნორმირებული ქულა. ტესტის მოცემულ ნაწილში მიღებული ნორმირებული ქულა წარმოადგენს კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ჯამური (რამდენიმე ვარიანტის არსებობის შემთხვევაში − გათანაბრებული) ქულის შეფარდებას ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალურ ქულასთან.

აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოსათვლელად ვკრებთ ტესტის ოთხივე ნაწილში მიღებულ ნორმირებულ ქულებს და მიღებულ ჯამს ვამრავლებთ 40698000-ზე (რიცხვი 40698000 წარმოადგენს ტესტის ოთხივე ნაწილის მაქსიმალურ ქულათა (21-ის, 18-ის, 17-ის, 19-ის) უმცირესი საერთო ჯერადისა და 1000-ის ნამრავლს). საბოლოოდ მივიღებთ არაუარყოფით მთელ რიცხვს, რომელიც ჩაითვლება კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მიღებულ აბსოლუტურ საგრანტო ქულად.

მაგალითად, თუ კანდიდატმა, რომელმაც წარმატებით გაიარა სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი და წაკითხულის გააზრების ნაწილში მისი გათანაბრებული ქულაა 14,2, ანალიტიკური წერის ნაწილში – 5 (ზღვარი ვერ გადალახა), ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 15, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 17,8, მაშინ მისი აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება: ( 14,2 21 + 5 18 + 15 17 + 17,8 19 ) × 40698000 = 112862200.

ცნობისთვის, სამაგისტრო პროგრამებზე გაიცემა მხოლოდ 100%-იანი გრანტი, რომლითაც სწავლის ორივე წელი დაგიფინანსდებათ 2250 ლარის ოდენობით.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური